ჯორჯ ფლოიდის ოჯახი ქალაქ მინეაპოლისის ხელისუფლებისგან კომპენსაციის სახით 27 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ მინეაპოლისის საკრებულომ ერთხმად მიიღო.
„გასულმა წელმა მკვეთრად შეცვალა ჩვენი ქალაქის ცხოვრება და დღევანდელი დღე მინეაპოლისის უფრო სამართლიანი მომავლის ფორმირების კიდევ ერთი ეტაპი. ჩვენი შეთანხმება ჯორჯ ფლოიდის ოჯახთან რასობრივი სამართლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას ასახავს“, - განაცხადა მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ.
2020 წლის ივლისში ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა ქალაქ მინეაპოლისისა და პოლიციის ოთხი ყოფილი ოფიცრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო.