ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ალიანსის შტაბ-ბინაში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების საკითხზე გაამახვილა ყურადღება: „გადაბარების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები სათანადოდ არიან მომზადებულები და ოპერაციების 80%-ს უკვე საკუთარი ძალებით ახორციელებენ.“
2014 წლიდან ალიანსი კვლავ გააგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დახმარებას კონსულტაციებით და წვრთნის მისიით. ამ პროცესში ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად არაწევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის სურვილი პარტნიორმა ქვეყნებმაც გამოთქვეს და ჩვენ სამომავლო გეგმებს ერთად დავსახავთ“ - განაცხადა რასმუსენმა.

პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის დახმარების სურვილი საქართველომაც გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანელ სამხედროებს განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით: „შევთანხმდით, რომ ავღანელი სამხედროები საქართველოში გაივლიან წვრთნებს და მიიღებენ განათლებას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მომზადებას ავღანეთშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულებამდე დარჩება და არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარებას გაუწევს. ჩვენ ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ მხარეებთან ერთად განვახორციელებთ უსაფრთხოების ზომების მიღებას.“

მინისტრის თქმით, სხდომაზე 2014 წლის შემდეგ მისიის ფორმატზე იმსჯელეს. „მისია არ იქნება საბრძოლო. მისია იქნება მხარდამჭერი, გამოცდილების გამზიარებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად იქნება საბრძოლო კომპონენტი ავღანური უსაფრთხოების ძალების სტრატეგიული მხარდაჭერისთვის -იქნება ეს საჰაერო მხარდაჭერა, სადაზვერვო უზრუნველყოფა და ა.შ."
ყველა მიესალმა საქართველოს შემდგომ მონაწილეობას ალიანსის ამ ოპერაციაში და ყველამ აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ნატოსთან და ნატოს წევრობასთან.”