კონგრესმენები თავდაცვის სამინისტროში

კონგრესმენები თავდაცვის სამინისტროში

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან დოლიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღმავების საკითხები განიხილეს. ლევან დოლიძემ ამერიკელ კონგრესმენებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადი, თანამედროვე არმიის შექმნაში უწევს დახმარებას.

შეხვედრაზე საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ამერიკელ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები გააცნო.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვინაიდან ჩვენ ამერიკელ კონგრესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, გავაცანით ჩვენი ხედვა თავდაცვის სისტემის სამომავლო ტრანსფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გეგმების თაობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და შემდგომი განვითარების საქმეში. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე ავღანეთში და იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელსაც ჩვენ გავიღებთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისათვის“ განაცხადა ლევან დოლიძემ შეხვედრის შემდეგ.

ამერიკელი კონგრესმენის დანა რორბახერის განცხადებით, „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. გავეცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვიზიტის ფარგლებში ვმართავთ შეხვედრებს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მივიღოთ ინფორმაცია მათი გეგმების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ჩვენ, როგორც ამერიკის წარმომადგენლებმა, გამოვხატეთ მადლიერება იმ მამაცი ქართველი სამხედროების მიმართ, რომლებიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძვიან. ამერიკელი ხალხი საქართველოს წვლილს ძალიან აფასებს. ჩვენი ვიზიტი არის დადასტურება, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან სამხედრო სფეროში და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება.“

ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.