პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა უზრუნველყოს და ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი დანიშნოს. უმრავლესობა პრეზიდენტს პარლამენტში მისვლას მარტის ბოლოს სთავაზობს, თუმცა, მმართველი ძალა მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმსაც უყენებს. კერძოდ, თუ პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ცარიელ კედლებში არ სურს, მან საკონსტიტიციო ცვლილებებზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილება დაუბრუნდება.
რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მიერ დაყენებულ წინაპირობაზე, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს ესაუბრა:
უმცირესობა დავით უსუფაშვილის ულტიმატუმს გაითვალისწინებს?
- პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია ზუსტად ვერ გავიგე, რადგან ერთი მხრივ, თქვეს, რომ პრეზიდენტს მარტის ბოლოსთვის მოუსმენენ, მაგრამ ამის ფონზე, ის დამატებითი პოლიტიკური პირობები, რაც იქნა წამოყენებული რთული გასაგები და აღსაქმელია. მთავარია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა უნდა შედგეს. ის, რომ ორი კვირის წინ, პრეზიდენტს საჯარო მიმართვის უფლება არ მიეცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი ჩავლილი და დავიწყებულია, რადგან ეს კონსტიტუციური ვალდებულება ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობებისა და დათქმების გარეშე უნდა შესრულდეს. რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, ეს ცალკე პროცესია, რომელიც არც პოლიტიკურად და არც სამართლებლივად პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლასთან თანხვედრაში არ არის. ეს საკითხები ოპონენტებმა უნდა გააცნობიერონ და ერთმანეთისგან გამიჯნონ.
მმართველი გუნდი პრეზიდენტს მიტაცებული უფლების - მთავრობის დანიშვნის კონსტიტუციური ნორმის დაბრუნებას სთხოვს. თუ მხარეებმა კონსესუს არ მიაღწიეს, გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტს გამოსვლა მართლაც ცარიელ კედლებში მოუწიოს?
- ცარიელ კედლებში გამოსვლა და ის, რომ მიმართვას დარბაზში არავინ ესწრებოდეს, ეს ხომ ნონსენსია და აბსურდამდე მივდივართ?! პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა, მოლაპარაკებებს რატომ უნდა უკავშირდებოდეს?
უმრავლესობა აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პრეზიდენტი პატივს თუ სცემს პარლამენტს, მას ჩამორთმეული უფლებები უნდა დაუბრუნოს...
- მმართველი გუნდის მთავარი წუხილი და შიში მთავრობის დათხოვის საკითხს უკავშირდება და აქ პარლამენტის პატივისცემა, რა შუაშია?
თუ პრეზიდენტი ხელისუფლების წინაპირობას არ დათანხმდება, უმრავლესობა მის მოსმენას არ აპირებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ულტიმატუმს თანხმდებით, თუ ეს გამოსვლა არც მარტის ბოლოს შედგება?
- მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას არ აპირებს, იმიტომ, რომ პირველ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და თუ ოპონენტები იმას გაიაზრებენ, რომ არჩევნებით წასული ხელისუფლება სხვა გზით მობრუნებას არ შეეცდება, კარგი იქნება.
თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის სიტყვას არ ენდობა ...
- ხელისუფლებაში დაბრუნების გზა ისევ არჩევნებია და დამატებითი ბერკეტების გამოყენების, ხელების ამოგრეხისა და მთავრობის გადაყენების განზრახვა და გეგმა დასახული არავის აქვს. ნდობა არის თუ არა, ეს სხვა საკითხია. გასაგებია, რომ არ ენდობიან და რაღაც წუხილები აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი პრეზიდენტის გამოსვლასთან, რა შუაშია?! მათი არგუმენტები - არ მოგისმენთ, ცარიელ კედლებში იჯდები, თუ იმაზე არ დამეთანხმები - თითიდან გამოწოვილია. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მათ ჩვენი მზადყოფნის შესახებ მოისმინეს და პრობლემა რაშია?
პრობლემა ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა შექმნა. უმრავლესობა აცხადებს, რომ ბოლო მომენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, უმცირესობამ ულტიმატუმის სახით, საჯარო მოხელეების ამნისტია მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმნენ...
- აქ ულტიმატუმი არაფერ შუაშია, რადგან ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და ეს მოლაპარაკების საგანი იყო. თუ ის ესმით, რომ საარჩევნო ციკლი ოთხწლიანია და რაღაც ხელოვნური ჩარევა არ მოხდეს, მაშინ ის რატომ არ ესმით, რომ ყოველ დღე, ათასობით ჩევნი მოქალაქე დაკითხვაზე არ უნდა დადიოდეს და ყველა საინფორმაციო გამოშვება იმით არ უნდა იწყებოდეს - ვინ დაკითხეს, ვინ დააპატიმრეს, ვის გირაო შეუფარდეს. ეს ყველაფერი ქვეყანას, რომ აზიანებს, სამოქალაქო მშვიდობას ძირს უთხრის, ინვესტიციებს რთულ ვითარებაში აყენებს, ამასაც დიდი გაანალიზება სჭირდება?
საინფორმაციო გამოშვებები - დაკავებებით, დაკითხვებითა და სპეცოპერაციებით, თქვენი ხელისუფლების პირობებშიც იწყებოდა. თუმცა, თუ დაბალი რანგის მოხელეებს არ დაკითხავენ, თანანმდებობის პირთა ბრალეულობას როგორ დაადგენენ?
- ანუ, სურთ, რომ შემდეგი თვეებისა და წლების განმავლობაში, მხოლოდ დაკითხვები და სისხლის სამართლებლივი დევნა ახორციელონ? - კი ბატონო. თუ ამდენად არ აღელვებთ ქვეყნის განვითარება, ევროინტერგაცია, ქვეყანაში ინვესტიციები, საერთაშორისო განვითარება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მათ მხოლოდ ერთი ხაზის - პოლიტიკური ოპონენტების დევნის გატარება სურთ, კი ბატონო - გაატარონ და პროცესებს სადამდეც მიიყვანენ გამოჩნდება.
სამართლიანობის აღდგენას საზოგადოება ითხოვს...
- სამართლიანობა უკვე აღდგა? სამართლიანობის აღდგენის რაღაც აბსტრაქტული ამოცანა თუ აქვთ დასახული, მაშინ ეს პროცესი 1921 წლიდან დაიყონ, როდესაც რუსეთმა დაგვიპყრო. ამ დროიდან მოყოლებული სამართლიანობა აღვადგინოთ, რაც ზოგ ნაწილში ვერ აღდგება, ზოგ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით კი, სხვისი უფლებები დაირღვევა და ვიაროთ ასე - სამართლიანობის აღდგენა იყოს მომავალი ნახევარი საუკუნის მთავარი ამოცანა. ეს კი, ქვეყანას რას მოუტანს, ეს უკვე კარგად ჩანს. სამართლიანობის აღდგენის გარდა, სხვა ამოცანებსაც რომ ხელი მოკიდონ ძალიან კარგი იქნება. საინფორმაციო გამოშვებები თუ იმით დაიწყო - ვინ დაკითხეს, ვინ სასამართლოზე იყო და ვის გირაო შეუფარდეს, ეს ქვეყნის მიმდინარე ამოცანებსა და მიზნებს, რაც საქართველოს დღევანდელ მოცემულობაში აქვს, მხოლოდ აზიანებს. პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა და კუდიანებზე ნადირობა უნდა დასრულდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგის გამართვის მიზნით, 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, „საქართველოს პატრიოტებს“ იწვევს. ეს იდეა, რატომ გაგიჩნდათ? ძალის დემონსტრირებას ახდენთ?
- შეიძლება, ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ამისთვის მყარი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია და ამ მიმართულებით, ჩვენს მიერ განვლილი გზის ერთხელ და სამუდამოდ ჩაბეტონება შესაძლებელია, თუ ახალი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასევე, ნატო-ში ინტერგაცია უფრო მალე შეიძლება მოხდეს, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება და მართლაც ეს უახლოესი წლების საკითხი იყო, თუ შესაბამისი ნება იარსებებდა. ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლებას სხვა ამოცანები ამოძრავებს. კერძოდ, რუსეთთან ძალიან სახიფათო მოლაპარეკებებში შედის. როდესაც, რუსეთთან იმ ტიპის მოლაპარაკებებს იწყებ, რომელსაც - „გადატვირთვისა“ და „დალაგების“ პოლიტიკას ეძახიან და როდესაც, იმ დაუძინებელ მტერს უმეგობრდები, რომელმაც შენს ქვეყანაში ეთნიკური წმენდა ჩაატარა და ოკუპაცია მოგიწყო, სხვა ქვეყნებს რას მოსთხოვ? სხვა ქვეყანას რატომ ეუბნები, რომ არღიარების პოლიტიკა გააღრმავე და მხარი არ დაუჭიროო? ამ ოთხი წლის განმავლობაში, აქტიური დიპლომატიური ურთიერთობით ის შევძელით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები იმ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, რომელთა წრეში მოხვედრა სირცხვილიც კი გახდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მკვეთრი პოლიტიკა გვქონდა. საფრთხეები იმას გვკარნახობს, რომ ეს მიტინგი გავმართოთ.
როგორ ფიქრობთ, მიტინგი მასშტაბური იქნება? ასევე, 8 თებერვლის მოვლენებიდან გამომდინარე, ეს მიტინგი უსაფრთხო იქნება?
- 8 თებერვლის ემოციები 19 აპრილთან კავშირში არ არის და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი პასუხიმგებლობაც იქნება, მაგრამ ძირითადი დატვირთვა სამართალდამცავ უწყებებს აკისრიათ. როდესაც, ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, მიტინგების ორგანიზება ნებადართული იყო, სხვა ალტერნატიური მიტინგი არ მოწყობილა და იმედია მაქვს, რომ მიტინგი მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა, რა მასშტაბების იქნება ვერ გეტყვით, რადგან მანამდე ორი თვეა. ამ მიტინგის მიზანს საზოგადოებას გავაცნობთ.
თქვენი ხელისუფლების პირობებში, მიტინგებზე ხალხს არბევდნენ. ამას გარდა, თქვენ აცხადებთ, რომ საზოგადოება ხელისუფლების წაქეზებითა და ხელშეწყობით გიპირისპირდებათ, თუმცა, გამორიცხავთ, რომ გაღიზიანებული ხალხი საკუთარი სურვილით გიპირისპირდებოდეთ?
- იმ ხალხს, რომელსაც ჩვენთან ხელისუფლება აგზავნის, მათ ჩვენი სიყვარული რომ არ ამოძრავებთ, ეს ხომ ნათელია? თუმცა, ჩვენთან დაპირისპირების მიზნით, ვინც ზონდერ ბრიგადიდან არის მოსული ამის ამოცნობა ძნელი არ არის. ყველანი ძალიან კარგად ვხვდებით, ხელისუფლების მიერ მართული მიტინგების ორგანიზება - ადგილზე ხალხის მოყვანა, მობილიზაცია და საჩხუბრად განლაგება თუ როგორ ხდება.
თუმცა, ხელისუფლება 8 თებერვლის მოვლენების პროვოცირებაში ბრალს თქვენ გდებთ. უმრავლესობა აცხადებს, რომ სპეციალურად მოწყობილ კორიდორში არ გახვედით. რატომ?
- რა კორიდორზე საუბრობენ? კორიდორი არსებობდა და ჩვენ არ გავიარეთ და ხალხში შევვარდით? - ეს არის ზღაპარი. ყველანაირად ცდილობენ, რომ ოპოზიცია დაადანაშაულონ. ის, რომ ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა რთულად ვითარდება, ამაში თურმე ოპოზიცია არის დამნაშავე.
ქვეყნიდან ცრუ ინფორმაციების გატანაში გიორგი კანდელაკს ადანაშაულებენ...
კანდელაკმა ცრუ ინფორმაცია ერთხელ მაინც რომ გაიტანოს, მის მეილს მეორედ არავინ წაიკითხავს. ასე, რომ ცრუ ინფორმაციის გატანასთან დაკავშირებით ბრალდებები აბსურდულია და პოლიტიკაში საერთოდ არაფერი უნდა გესმოდეს, რომ ეს გააკეთო. კანდელაკს კი, იმდენი ესმის, რომ ცრუ ინფორაციას არ გაიტანს და ის, რაც საკუთარ ქვეყანაში არ მოსწონს, ყოველთვის იტყვის. ამაში კი, საგანგაშო არაფერია, რადგან ოპონენტები წინასაარჩევნოდ ელჩებს ყოველ მეორე დღეს კრიბავდნენ და ინფორმაციებს აწვდიდნენ.
თუმცა, წლების წინ, ნაციონალები ოპოზიციონერებს ბრალს ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობაში სდებით, მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საერთაშორისო დონეზე გატანის გამო აკრიტიკებდით. ამჟამად, თუ იგივეს აკეთებთ, მაშინ, ოპონენტების რა გიკვირდათ?
- რამეს ვამბობდით? მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ძირითადად ნეგატიურ ინფორმაციას ყველა დონეზე ავრცელებდნენ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ. ჩვენ კი, რაც კარგია ვამბობთ, რაც ანტიდემოკარტიულია ამაზე გავჩუმდეთ? რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გავიტანთ.
წინა მოწვევის პარლამენტში, უმრავლესობის ლიდერი იყავით და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდით, ამჟამად, პასიურობთ, რატომ?
- ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უცხოეთში ვიყავი.
ბოლო სამ თვეს ვგულისხმობ, ანუ, ამ პერიოდში საერთოდ არ ჩანდით ...
- მეშვიდე მოწვევის პარლამენტში სულ სხვა პოზიციაზე ვიყავი და აქტიურობა მევალებოდა. ახლა კი, მსგავსი პასუხიმგებლობა არ მაქვს.