საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიაღწიეს შეთანხმებას კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. პარალელურ რჟიმში „ნაციონალური მოძრაობაც“ და დასავლეთიც, კოჰაბიტაციისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას. თუმცა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების პატიებას კატეგორიულად მოითხოვს, კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი არასერიოზული ხდება.
კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლებამ დასავლეთისგან უკვე მიიღო რეკომენდაცია, შეუდგეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის აღსრულებას. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მალე განსასჯელის სკამზე ბიუჯეტის საკუთარი შეხედულებისამებრ განმკარგველი ისეთი სახეებიც ვიხილოთ, როგორიც არის გიგი უგულავა ან ნაციონალური მოძრაობის სხვა ცნობილები.
ისიც ნათელია, რა მონდომებითაც არ უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამშრომლობაზე, კოჰაბიტაციის პროცესი მუდმივად ჩიხში ექცევა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება და ყველა დამნაშავე, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, კანონის წინაშე თანაბრად აგებს პასუხს.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ერთ-ერთი პირველი, რაზეც არის დამოკიდებული კოჰაბიტაცია, არის საკონსტიტუციო ცვლილებები.
„თუ უმრავლესობა მისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები თუ შევა ძალაში, უფრო მშვიდ რეჟიმში გადავა, როგორც ხელისუფლება, ისე - ოპოზიცია და საზოგადოებაც. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში არ შევა, კოჰაბიტაციის მოლოდინი იქამდე, ვიდრე აპრილი არ გადაივლის, ზედმეტია“, - აცხადებს ლაგაზიძე.
მისივე შეფასებით, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის ფენომენი გამორიცხავს კოჰაბიტაციას. რადგან მათი ხელწერა, ხელისუფლებაში კი არა პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან მიმართულია მხოლოდ კონფრონტაციისკენ.
„წარმოუდგენელია, რომ კონფრონტაციული ხელწერა კოჰაბიტაციური ხელწერით შეცვალონ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მათ იდეური ან რაიმე სახის შეუთავსებლობა აქვთ, მაინცდამაინც „ქართულ ოცნებასთან“. მათ იციან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ენა საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობისა - ეს არის ძალის, შანტაჟის, პროვოცირების, საბოტაჟისა და ინტრიგების ენა“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ექსპერტი ნანა დევდარიანი თვლის, რომ რაც დღეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ქართველ ამომრჩეველს, ეს არის სიტყვა კოჰაბიტაცია, რომელიც არის იძულებითი თანაარსებობა, იძულებითი თანაცხოვრება.
„საქმე იმაშია, რომ არავინ არ ამბობს მთავარს. რაც მე მახსოვს, ეს იყო ერთადერთი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“), რომელსაც არავისთან თანაარსებობა არ შეეძლო. ყველგან იყო მარტო თვითონ და არსად არავის არ უშვებდა თავისიანების გარდა. რა თქმა უნდა, იმ უსამართლობის გაგრძელებაა ასეთი კოჰაბიტაციაც.
გამოდის, რომ რასაც მინდოდა - იმას ვაკეთებდი, ყველაფერს ვაშავებდი, ახლა ამნისტია გამომიცხადე და არც იფიქრო, რომ ცუდად მოიქცეო, - ამას გვთავაზობენ ნაციონალები. გასაკვირი ის კი არ არის, რომ ამათ ეს უნდათ - ისინი უტიფრობით და თავხედობით იმთავითვე გამოირჩეოდნენ. გასაკვირი ის არის, რომ ამას გაძალებს დასავლეთი, რომლის რეიტინგი კოჰაბიტაციის ყოველ ხსენებაზე სულ უფრო და უფრო ქვემოთ ჩამოდის. მოძალადესთან კოჰაბიტაცია არ გამოვა“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.
როგორც ექსპერტი მარინა ჩიტაშვილი განმარტავს, კოჰაბიტაცია მაშინ ჭირდება საზოგადოებას, როდესაც ყველა მხარე რაღაცაზე თანხმდება.
„ფორმალური დათანხმება კოჰაბიტაციას არ შველის. კოჰაბიტაცია ნიშნავს თანაცხოვრებასა და თანაარსებობას, რაც ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას. თუ არის სამი მხარე, აქედან ორს აქვს სურვილი და მესამეს არ უნდა პრინციპულად, ასეთ შემთხვევაში კოჰაბიტაცია არ შედგება. წავიკითხე დავით უსუფაშვილის განცხადება, სადაც ჩანს, რომ არანაირი მზაობა, რომ კოჰაბიტაცია შედგეს, უმცირესობის მხრიდან არ არსებობს. კარგია, რომ შეთანხმებბების ქრონოლოგია გამოქვეყნდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არანაირი სურვილი არ აქვს კოჰაბიტაციის“, - აცხადება ჩიტაშვილი.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ კოჰაბიტაცია სხვადასხვანაირად ესმის უმცირესობას, უმრავლესობას და საზოგადოებას.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას დებენ დასავლეთიდან მოწოდებულ ამ იდეაში თავად მომწოდებლები. იმის თქმა მინდა, რომ ეს სიტყვა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით იცვლის შეფერილობას როგორც საქართველოში, ისე -დასავლეთში. ამიტომ, ცოტა რთულია ვილაპარაკოთ მის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე.
უფრო სწორი იქნება, თუ ვილაპარაკებთ ვინ რას გულისხმობს კოჰაბიტაციაში და ვისთვის რამდენად მისაღებია. უმცირესობა თვლის, რომ კოჰაბიტაცია ეს არის წარსულის დავიწყება, ანუ - აღარ გვაინტერესებს რა მოხდა არჩევნებამდე, თქვენც ხართ ხელისუფლებაში და ჩვენც. მოდი, ვიმეგობროთ და ასე მეგობრულად გავიყოთ ფუნქციები.
რაც შეეხება უმრავლესობას, ის თვლის, რომ - კი ბატონო, დავრჩეთ პოლიტიკურ ოპონენტებად, არ ვემხრობით პოზიციას, რომ თქვენი უფლებები შეილახოს, მაგრამ თუ რამე დანაშაულია ჩადენილი, აღდგეს სამართლიანობა და დამნაშავე დაისაჯოს.
ამ ბოლო დროს დაიწყეს ამნისტიაზე ლაპარაკიც, მაგრამ თუ ამ ამნისტიაში პოზიციებს შეხედავთ, ნახავთ, რომ უმრავლესობა უფრო მიდის დათმობაზე ვიდრე უმცირესობა. კაცმა რომ თქვას, უმცირესობას დასათმობი არც არაფერი აქვს, ისინი რეალურად დგანან საფრთხის წინაშე“, - აცხადებს ძაბირაძე.
საზოგადოებისათვის ბოლომდე გაუგებარი რჩება, რატომ ითხოვს დასავლეთი კოჰაბიტაციის რჟიმში ქვეყნის მართვას, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საქმე გვქონდა დამნაშავე რეჟიმთან, რომელსაც ქართველმა ხალხმა განაჩენი არჩევნებზე გამოუტანა.
ნანა დევდარიანი თვლის, რომ დასავლეთს არ აწყობს იმისი აღიარება, რაც ქართული საზოგადოებისთვის ასე მარტივი და გასაგებია.
„არ უნდა ამისი გაგება, იმიტომ, რომ 9 წელიწადი მოძალადე რეჟიმს დემოკრატიის შუქურა უძახეს. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - თუ მაშინ ვერ ხედავდი, მაშინ დღეს რა გარანტიაა, რომ ობიექტურად შეაფასებ მოვლენებს? ხოლო თუ ხვდებოდი, დამნაშავის მფარველი და დანაშულის თანამონაწილე ხარ“,- აცხადებს ნანა დევდარიანი.
მარინა ჩიტაშვილის შეფასებით, კოჰაბიტაციისკენ მოწოდება არ არის დასავლეთის მხრიდან თავსმოხვეული, რადგან ეს არის დასავლეთისთვის ჩვეულებრივი, ყოფითი კულტურა.
„დასავლეთში იცვლებიან მმართველი ძალები და შესაბამისად, ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ახერხებენ თანაარსებობას, თანაცხოვრებას. ამიტომ დასავლეთსათვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ეუბნებიან - თქვენ არ გაქვთ ასეთი გამოცდილება და თუ დასავლურ კულტურად გინდათ ჩამოყალიბება, ეგებ ესეც ისწავლოთო.
ფაქტია, რომ ოპოზიციას ამის გაგება არ უნდა და არ სწავლობს. ოპოზიცია კვლავ ისე იქცევა, თითქოს ის ფლობდეს უმრავლესობას და იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი, ელემენტარულად, არ მოდიან თანამშრომლობაზე. ანუ დასავლეთის მოწოდებაა, რომ თუ არჩევნების გზით შეცვალეთ ხელისუფლება, ახლა აითვისეთ მეორე საფეხურიც, ანუ უმცირესობაში რომ გადადიხარ, უნდა ისწავლო უმრავლესობასთან თანამშრომლობა - ეს მათ არ სურთ“, - აცხადებს ჩიტაშვილი.
ძალზე მარტივი ასახსნელია, რა სურთ ნაციონალებს, პირველ რიგში -ხელშეუხებლობის გარანტიები, შემდეგ ეტაპზე კი, დიდი ალბათობით, კვლავ შეეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს მარტივი ფორმულა არც ისე იოლი შესასრულებელია, ამიტომაც ნაციონალებისგან, თუ გამოუვათ, ყველა აკრძალული მეთოდის გამოყებებაა მოსალოდნელი.
ნანა დევდარიანი თვლის, რომ ნაციონალებს პოზიციების დათმობა არ სურთ:
„ცდილობენ, რომ არ დაკარგიონ თავიანთი მომხრეები, პირდებიან, რომ მალე ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ხომ ხედავთ, რომ ყოველი ადგილისთვის იბრძვიან და არავინ არ გაუშვათ სამსახურებიდანო. თვითონ რომ მოვიდნენ, ყველა გაყარეს სამსახურებიდან და უცოდინრები, უვიცი ნაციონალები შეყარეს. მაშინ, გავაკეთოთ ასე - ნუ გავყრით, მაგრამ ტესტირება გავატაროთ, ვინ რა იცის“.
ნანა დევდარიანი თვლის, რომ ნაციონალთა საქციელს ხელისუფლებამ მეტი სიმტკიცე უნდა დაუპირისპიროს.
„იმ ლოგიკით, რომ, ვაიმე, ვიღაც სამსახურიდან რომ გავუშვა, ნაციონალები ერთ ამბავს ატეხენო, საქმე ვერ გაკეთდება. კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი მაინც ატეხენ ერთ ამბავს. სულ რომ არაფერი მოხდეს, მაინც იყვირებენ, ჩვენს მიმართ უსამართლობააო. ამიტომ, უნდა მოიქცე ისე, როგორც სჭირდება საქმეს და არ იფიქრო იმაზე, რომ ისინი იყვირებენ. იყვირებენ? - გაცილებით მეტს იყვირებს მეორე მხარე, ოღონდ ამ მთავრობის სიმტკიცე უნდა დაინახოს“,- აცხადებს ნანა დევდარიანი.
მისივე შეფასებით, არ გამოვა ასე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კადრებითაა გავსებული სამსახურები, რომლებიც ჩუმი საბოტაჟით კარგს არაფერს არ აკეთებენ.
„კოჰაბიტაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევში, როდესაც ნორმალური ხელისუფლება აღარ არის ხელისუფლებაში. მოვიდა სხვა ძალა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძველი ხელისუფლების კადრები უნდა გაიყაროს. მაგრამ ეს ხომ არ იყო ნორმალური ხელისუფლება. მან მიიტაცა მთელი ძლაუფლება და არ შეიძლება, ნორმალური რეჟიმით მიუდგე არანორმალურ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობიდა 9 წლის განმავლობაში“,- აცხადებს ნანა დევდარიანი.
საზოგადოებას, რომელსაც საკმაოდ დიდხანს მოუხდა ამ რეჟიმის მოთმენა, კომპრომისებზე წასვლა არ სურს და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაიწყო, საზოგადოების მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაში გადაიზრდება.
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საზოგადოება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და მისი მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა, ბუნებრივია, მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას.
„მას ასე ესმის, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს და მიაჩნია, რომ დღევანდელი უმრავლესობა მაინცდამაინც არ ჩქარობს ამ პროცესის დაწყებას. ამიტომ, საზოგადოება უკვე ძალიან კატეგორიულია ხელისუფლების მიმართ სწორედ ამ ნაწილში. ძალიან ძნელია, რომ სამივე მხარე ერთ ნიშნულამდე მივიდეს, რადგან სრულიად კატეგორიული და ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციებია. ეს პოზიციები არჩევნებამდეც ყველასათვის ცხადი იყო და არჩევნების შემდეგაც. დღეს, როდესაც ჩაიშალა შეთანხმება, წინა პლანზე წამოვიდა სწორედ ის თემა, რაც რეალური პრობლემაა. ეს არის ამნისტირების თემა. უმცირესობის სურვილია, შეწყდეს დაკითხვები, დაპატიმრებები, ქონების ჩამორთმევები და ა.შ. მოკლედ, უმცირესობა სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგია და ამას ითხოვს, რაც დავაშავეთ გვაპატიეთო. საზოგადოება ამის წინააღმდეგია, მაგრამ თუ უმრავლესობა მოძებნის რაიმე სხვა მექანიზმს, არ მგონია ამაზე დიდი უბედურება ატყდეს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უმრავლესობისთვის ეს პოლიტიკური ქულების დაკარგვის საბაბი იქნება“, - მიიჩნევს ძაბირაძე.
როგორც ჩანს, საკითხი ასე დგება - სამართლიანობის აღდგენა თუ კოჰაბიტაცია, და ხელისუფლებას ძალიან მალე სწორედ ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს.
მარინა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი კოჰაბიტაცია.
„შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენას დაემუქროს რამე სხვა წინაპირობის ხარჯზე, არის მცდარი დაშვება. რაც ნიშნავს, რომ ჯერ სამართალი და მერე ყველაფერი სხვა, რადგან სამართლიანობა განაპირობებს შემდგომში კოჰაბიტაციასაც. ანუ თუ სამართალი დაარღვიე და სამართლის წინაშე მართალი არ ხარ, პასუხი უნდა აგო. გამოდის, რომ ოპოზიციას არ აქვს არანაირი სურვილი, რომ სამართალი აღდგეს. ასეთ შემთხვევაში კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - აცხადებს ჩიტაშვილი.
ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ თუკი ხელისუფლება საზოგადოების განწყობის იგნორირებას გადაწყვეტს, მაშინ შესაძლოა, საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენის კუთხით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც კი გადაწყვიტოს. ეს კი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ არ არის გამორიცხული, საზოგადოებაში სამართლიანობის მოთხოვნა ნაციონალებმა სათავისოდ გამოიყენონ და საზოგადოებას ქაოსისკენ უბიძგონ.
ხათუნა ლაგაზიძე: „ვხედავ კიდევ ერთ საშიშროებას. წავიკითხე, რომ თურმე იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია, იმისი მსგავსი, რაც იყო ფაშისტური გერმანიის დაშლის შემდგომ, რაც გულისხმობს, საზოგადოებისგან დამოუკიდებლად შესწავლას საჯარო მოხელეთა დანაშაულებისა 1988 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. წერია, რომ პროფესიონალ იურისტთა ჯგუფი შეისწავლის, მაგრამ არა მხოლოდ შესწავლზეა ლაპარაკი, არამედ ნათქვამია, ჩვენ თვითონვე განვსაზღვრავთ, როგორ და რა ფორმით უნდა დაისაჯნენ ეს ადამიანებიო და ფონდსაც კი ქმნიან.
თავისთავად ის, რომ საზოგადოება ასეთ რეჟიმში გადადის, ქმნის იმის მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ ეს უნდა დაარეგულიროს, მეორეს მხრივ კი, ნათლად გამოკვეთს ნაციონალების ხელწერას - ამისკენ მიჰყავთ საზოგადოება და მათი ბოლოდროინდელი მესიჯებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარიდან დაწყებული, მისი წევრებით დასრულებული, შემოაქვთ სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების ინტონაცია. ასეთ შემთხვევშში რა თქმა უნდა, კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ მთელი პასუხისმგებლობა გადადის მაინც ხელისუფლებაზე. ეს განწყობები ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს და რეაგირება მისცეს. გასაგებია, რომ ხელისუფლებაც ძალიან მძიმე დღეშია, რადგან ამომრჩეველი მისგან ითხოვს სრულიად სხვა რამეს - სამართლიანობის აღდგენას.
ის, რასაც ნაციონალები ბოლო დღეებში აკეთებენ, არის არა პოლიტიკური სიბეცე, არამედ სრულიად მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი საზოგადოებაზე, მათი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით. რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვება ის, რომ ყველაფერი დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგით, თუნდაც ლოკალური სამოქალაქო ჯგუფების დაპირისპირებით, რასაც შემდეგ, როგორც ახალი ხელისუფლების დიაგნოზს, ისე მიაწვდიან დასავლეთს“.
როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, უკვე ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს,საითაც მიდიან ნაციონალები და კოჰაბიტაციაზე კი არა, იმაზეა საუბარი, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური პასუხისმგებლობა აიღოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. ლაგაზიძე თვლის, რომ ხელისუფლებამ დასავლეთში უნდა ატეხოს განგაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა მხოლოდ დესტრუქციული ძალა, არამედ ძალა, რომელიც სრულიად მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ამზადებს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, რაც ძალიან მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს.