პოლემიკური რეფლექსია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინადადების გარშემო. ამ წინადადების თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციონალიზაცია უნდა განხორციელდეს.
კონსტიტუცია იმ სავალდებულო პრინციპების ერთიანობას წარმოადგენს, რომელთა ცვლილება სახელმწიფო მოწყობის კონტექსტში, შეუძლებელია. ამიტომაა, რომ კონსტიტუციაში დაცული პრინციპები ათვლის მთავარ წერტილებს ადგენს, ისეთებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, დამოკიდებულება ინდივიდუალური და სოციალური უფლებებისადმი, კანონის უზენაესობის ერთგულება და ა.შ. თუ პრინციპების ამ მინიმალურ რაოდენობას გავცდებით, განსაკუთრებით ისეთ დარგში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, ასეთი ნაბიჯი დიდი რისკების შემცველი შეიძლება იყოს. ეს რისკები ორი სახისაა.
პირველ რიგში, თუ სახელმწიფო ვერ ასრულებს საკუთარ კონსტიტუციაში დათქმულ პრინციპებს, ეს ფაქტი ერთ საფრთხეს შეიცავს – კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ძალაუფლება, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ფუძემდებლური კანონების აღსრულებას.
მეორე მხრივ, ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური დებატების კონსტიტუციონალიზება ხორციელდება, ეს მას სუბსტანციას აცლის და ყველაფერი კონსტიტუციის ინტერპრეტირების „ფორმალურ და სამართლებრივ“ დებატებამდე დაჰყავს.
რეალურად კი საკითხი ასე დგას: რომელი პოლიტიკა ემსახურება ჩვენ მიერ დასახულ მიზანს? თუ ამ ფუნდამენტურ კითხვას დავიყვანთ საკონსტიტუციო დებატებამდე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უამრავ რისკს გავაჩენთ.
თუ ქვეყნის „ევრო-ატლანტიკური“ ღირებულებების დეკლარაციას საკონსტიტუციო დონეზე ავიყვანთ, უშუალოდ ჩნდება რისკი იმისა, რომ შემცირდება ტაქტიკური მოქნილობისა და სტრატეგიული ადაპტაციის სივრცე. დიპლომატია ქვეყანას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოახერხოს ადაპტირება მუდმივად ცვლად საერთაშორისო გარემოსთან. „ოქროს წესების“ შემოღება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა საკუთარ თავს წაართმევს ცვალებად გარემოებებთან ადაპტირების უნარს, არა მხოლოდ პრინციპების, არამედ ტაქტიკურ დონეზეც. მაგალითად, თუ აშშ გერმანიის მსგავს „ფინანსურ ოქროს წესს“ მიიღებდა, ის თავს ვერ აარიდებდა ე.წ. ფინანსურ უფსკრულზე (Fiscal Cliff) გავლის აუცილებლობას. ეს კი სულაც არ წარმოადგენდა ვაშინგტონის მიზანს, მისი მიზანი მყარი ფინანსური მდგომარეობის აღდგენა იყო.
მრავალმხრივი ვალდებულებები, ისეთები, როგორიცაა გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ან თუნდაც ნატოსა და ევროკავშირში, ქვეყნისთვის დე ფაქტო კონსტიტუციური ვალდებულების ტოლფასია. განსხვავება ისაა, რომ ასეთი ჩართულობის მულტილატერული ბუნება ამცირებს რისკებს და, შესაბამისად, საერთაშორისო გარემოს მთლიანად უფრო პროგნოზირებადს ხდის, ვიდრე ეს ცალმხრივი მოქმედებისას მოხდებოდა. საგარეო პოლიტიკაში, ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულება შეეფერება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია. ვაი, რომ საქართველო კავკასიაში მდებარეობს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ („ენმ“) პროექტი იმისთვის წარმოადგინა, რომ უზრუნველეყო საქართველოს ვალდებულებანი ნატოსთან, მაგრამ ამას საპირისპირო შედეგი მოაქვს. თუ საქართველო ვალდებულებას ნატოს წინაშე იკისრებს ისე, რომ დადასტურებული არ იქნება მეხუთე მუხლი, ჩვენ შეიძლება 2008 წლის სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. უფრო მეტიც, სწორედ ამ ნაბიჯს შეეძლო შეემცირებინა მომავალში ნატოში რეალური გაწევრიანების პერსპექტივა. სრულიად ცხადია, რომ მოცემულ მომენტში ნატოში გაწევრიანება გულისხმობს მოვლენათა ასეთ განვითარებას: საქართველო ნატოში წევრიანდება ან მისი სეპარატისტული რეგიონების გარეშე, ან მისი საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მეხუთე მუხლის საფუძველზე, ჩვენი მოკავშირეები ომს უცხადებენ რუსეთს. ნატო ის ორგანიზაციაა, რომელიც ტრადიციულად მშვიდობის დაცვას უფრო ემსახურება და არა მშვიდობის იძულებას. ბალტიისპირეთის მსგავსად, ნატოში გაწევრიანებამ უნდა განამტკიცოს მშვიდობა და არა დაამყაროს მშვიდობა. საბოლოო ჯამში, „ენმ“-ის დირექტივას რომ დავყოლოდით, ჩვენ ნატოს დაახლოების მაგივრად დავშორდებოდით.
ასევე, ევროკავშირის წევრობა აშკარად გრძელვადიანი მისწრაფებაა, რადგან ევროკავშირს კავკასიაში გაფართოების არც პირობა დაუდია, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით მოხდა და არც პროცესი განუსაზღვრავს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა თურქეთის შემთხვევაში. თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, შეინარჩუნოს ევროპული ორიენტაცია ლეგალური შეთანხმების ტერმინებში, არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც ხელს შეუშლის საქართველოს ლეგალური ინკორპორაციის ტრაექტორიას, რომელიც გაივლის ნაციონალური დებატებისა და პოლიტიკურად ლეგიტიმურ პროცესს. რეალურად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვა, ისევე როგორც ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) გარშემო, ქმნის მყარ ვალდებულებებს, რომელთაც საკონსტიტუციო მნიშვნელობა აქვს. თუ საქართველო ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში ევროპის კავშირში გაწევრიანების ვალდებულებას შეიტანს, ეს იქნებოდა პროცესის მხოლოდ სიმბოლური ჩატვირთვა. არადა, ეს პროცესი ისედაც კარგად მიდის და მისი კონსტიტუციაში შეტანა მხოლოდ ავნებს ჩვენ მიერ დეკლარირებულ მიზანს. საქმე ისაა, რომ პოლიტიკამ, რომელიც დეკლარირებული გვაქვს, ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს უნდა მოუტანოს სარგებლობა. მისი მიზანი ეს არის და არა დაპირისპირება რეგიონის სხვა, ალტერნატიულ პროექტებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი საერთაშორისო კრიზისები, ა) რომელზეც პასუხის გაცემა არ შეგვიძლია და ბ) რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ დეკლარირებულ მიზნებს.
ის, რაც ახლა დგას დღის წესრიგში, DCFTA-ა. ჩვენ უნდა დავდოთ ეს ხელშეკრულება და მერე ავსახოთ ჩვენს იმ სტრატეგიაში, რომელიც დაგვაახლოებს საბოლოო მიზანთან. ეს მიზანი კი, რაღა თქმა უნდა, არის და იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ასეთი საგარეო პოლიტიკის შესაქმნელად, ჩვენ გვჭირდება სივრცე ცვალებად გარემოებებთან ადაპტირებისთვის. როგორია ეს გარემოებები მოცემულ მომენტში?
ერთი მხრივ, დასავლეთის ურთიერთობები მოსკოვთან მერყეობს სტრატეგიულსა (თუ საქმე ეხება ენერგეტიკას) და კონფრონტაციულს შორის (ასეა მოსკოვის ევრაზიული კავშირის ინიციატივასთან დაკავშირებით). ჩვენი არჩევანი, ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებებით DCFTA-სთან, ძალიან მკაფიოდ გამოიხატა. მაგრამ, ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოცემულ მომენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც კი. ევროპას შიდა ტრანსფორმაციის პროცესი აქვს დაწყებული, რათა უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა შექმნა. გაფართოების თამამი პოლიტიკის მოლოდინი მოცემულ მომენტში, უბრალოდ, უტოპიური მოლოდინია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხედვა და პერსპექტივა. ამ მიზნებს კონსტიტუციის დონეზე დეკლარირება კარგ სამსახურს ვერ გაუწევს.
მეორე მხრივ, აშშ მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ ლაპარაკობს. ცივი ომის ეპოქის კონფრონტაციული ნარატივი, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობათა გამოსწორების გზაზე წინაღობას ქმნის, რაც ჩვენი მოკავშირეებისგან „ან ან“ დილემის გადაწყვეტას მოითხოვს. ეს ის პოზიცია არ არის, რომელზეც ჩვენი მოკავშირეების ნახვას ვისურვებდით. თუ ჩვენ ამ პოზიციას დავიკავებთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დისკრედიტაციას ვუწევთ რეგიონულ სტაბილურობასა და ევროპის უსაფრთხოებას მთლიანად. ჩვენ რეგიონული ფასილიტატორის როლი გვსურს, გვსურს ის, რომ პრობლემის გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი და არა პრობლემის ნაწილს წარმოვადგენდეთ.
ასეთი გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკის კონტექსტში საზიანო შედეგებს მოიტანს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასეთი გადაფარვაც შეიცავს ხიფათს. საქართველოს ამჟამად შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აკავშირებს; ჩვენ ვართ პროგრამის, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილენი; ჩვენ ავღანეთის ოპერაციების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ვართ; ჩვენს ელიტას, მთელ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი განათლება აქვს და ისე ჩამოყალიბდა, რომ დასავლური ორიენტაცია აქვს; ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების არცნობის პოლიტიკაზე, პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს დე იურე აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მოკლედ, ჩვენი ლოიალობა ჩვენი მოკავშირეებისადმი თავისთავად ცხადი უნდა იყოს. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში შევიტანთ, გამოდის, რომ ერთგულებას დასავლური ორიენტაციისადმი ეჭვქვეშ დავაყენებთ ისე, თითქოს არსებობს რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყნის შიგნით, რომელიც ამ ერთგულებას აყენებდეს ეჭვის ქვეშ. ასეთი პოლიტიკური ძალა საქართველოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წარმოსახვაში არსებობს.
რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ის სურს, რომ საკონსტიტუციო დებატების მეშვეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში განხორციელდა. ამ მიზნის მიღწევას ის იმით ცდილობს, რომ განხეთქილება „აღმოსავლეთსა და დასავლეთს“ შორის საშინაო პოლიტიკის კონტექსტში გადმოაქვს, თითქოს ძალაუფლების ნებისმიერი გადაცემა „რეჟიმის ცვლილების“ ტოლფასია. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, ისეთი, რომელიც დამღუპველია ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შედგა ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა. ახლა ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ გავამყაროთ სიტყვის თავისუფლება, ავამაღლოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და განვამტკიცოთ ძირითადი სოციალური უფლებების დაცვის დღის წესრიგი. „ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე უნდა კონცენტრირდეს, ის უნდა აკრიტიკებდეს საგარეო პოლიტიკური კურსის კონკრეტულ ინიციატივებს. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ განხორციელდეს ნორმალური, მშვიდი ორპარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ამის ნაცვლად, ნულოვანი შედეგის კულტურაში ჩაფლული „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენს მოკავშირეებს „რეჟიმის ცვლილებით“ ემუქრება. თეორიულად, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვაზე უნდა ვენდოთ; დე ფაქტო ეს კოლიზია ნამდვილად ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
ნება მოგვეცით სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხში: კოაბიტაცია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუტანს სიკეთეს საქართველოს, თუ დისკუსია საგარეო პოლიტიკის არსებით საკითხებზე წარიმართება. საქართველომ უკვე საკმაოდ ბევრი საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელა. კონსტიტუციის დაუსრულებელი ცვლილებები, ის ფაქტი, რომ მას საკანონმდებლო სათამაშოდ იყენებენ, დამღუპველია კონსტიტუციის და, შესაბამისად, დემოკრატიის ავტორიტეტისათვის. ამას გულისხმობდა, ალბათ, თბილისში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ბუკიკიო, როდესაც ამ საკითხის კომენტირებისას პირდაპირ განაცხადა, „არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უნდა აისახოს“. ჩვენ საგარეო პოლიტიკის საფუძვლებზე კი არ გვჭირდება პოლიტიკური დებატები, მით უფრო არ გვჭირდება საკონსტიტუციო დებატები.
უნდა გვახსოვდეს, რომ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას არსებობს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ცვლადი – ეს გეოგრაფიაა. როგორც ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა, „ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკის გასაღები მის გეოგრაფიაშია“. დროის მოცემულ ეტაპზე, ჩვენ უგულებელვყოფთ იმ ფარგლებს, რომელსაც გეოგრაფია გვიწესებს. მიუხედავად ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივებისა, ჩვენ უფრო რუტინულ მოკლევადიან პერსპექტივებზეც გვმართებს ფიქრი. ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არადა მათთვის ერთადერთ საერთაშორისო კონტექსტს რუსეთი ქმნის. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ იძულებით გადაადგილებულ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ყოველდღიურად სულ უფრო კარგავენ დაბრუნების იმედს. ჩვენ უნდა შევუმსუბუქოთ, კი არ გავურთულოთ არსებობა დიდ ქართულ დიასპორას რუსეთში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თურქეთის ერთადერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი დღეს რუსეთია, მიუხედავად, ან იქნებ ევროკავშირთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების გამო. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში „რეგიონის“ შექმნა გვჭირდება და გვჭირდება რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცება. ჩვენ ამ მნიშვნელოვან პრობლემებზე რეაგირება გვჭირდება ახლავე, მოქნილად და სტრატეგიული შორსმჭვრეტელობით.
ამის ნაცვლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა საქართველოს დიპლომატიური შესაძლებლობანი სიმბოლურ ჟესტებს შესწიროს. მაგრამ მიუხედავად ამისა და იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი შეთანხმებულნი ვართ, საერთო საგარეო პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ მოლოდინის რეჟიმში არსებული სწრაფვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი მართლა შესრულდეს, ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე დებატები გვჭირდება და არა დებატები კონსტიტუციაზე. ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებანი სინამდვილეში თავისი ბუნებით, ლეგალური არ არის. ჩვენი დემოკრატია სიმწიფეში უნდა შევიდეს, რათა პოლიტიკური განხეთქილებები პოლიტიკურ პროცესების საზღვრებში დარჩეს. კონსტიტუცია იმ ფუძემდებლური წესების საფუძველია, რომლებიც განამტკიცებენ დემოკრატიულ პროცესს და არა დემოკრატიული პაექრობის სუბსტიტუტი. ჩვენ არ გვჭირდება საგარეო პოლიტიკის „გამოგონება“. ჩვენ უნდა შევქმნათ არჩევანი, ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მათ უნდა შეუნარჩუნდეთ პრეროგატივა იმისა, რომ პრინციპების მაგივრად შედეგები შეაფასონ. ქვეყნის ხელმძღვანელობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური გამოწვევის საპასუხოდ ლეგალური მექანიზმის შემუშავდეს, არამედ იმას, რომ პრობლემას გამოჩენისთანავე დაუპირისპირდე.
foreignpress.ge