დონალდ ტრამპი: სამხრეთ საზღვართან ჩვენს ქვეყანას ანადგურებენ - ეს საშინელი სანახაობაა

დონალდ ტრამპი: სამხრეთ საზღვართან ჩვენს ქვეყანას ანადგურებენ - ეს საშინელი სანახაობაა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სასაზღვრო კრიზისის მართვა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანა განადგურების პირასაა სამხრეთ საზღვარზე არალეგალი მიგრანტების ბოლოდროინდელი მოზღვავების გამო.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მექსიკის საზღვარი მისი მეთვალყურეობის ქვეშ უფრო დაცული და უსაფრთხო იყო.

„ჩვენ ე.წ. დაკავებისა და გაშვების სისტემა გავაუქმეთ, შევაჩერეთ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ზიანი მივაყენეთ კონტრაბანდისტებს, ნარკორეალიზატორებსა და ადამიანებით მოვაჭრეებს. „დემოკრატების“ მხრიდან საშინელი შეფერხებების მიუხედავად, სასაზღვრო კედელი ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა და ის შესანიშნავად მუშაობს. სამხრეთ საზღვართან ჩვენს ქვეყანას ანადგურებენ, ეს საშინელი სანახაობაა!“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

5 მარტს, დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მზარდი ცუნამი“ უწოდა. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სასაზღვრო კოშმარის დასასრულებლად.

„მოაცილეთ ჩვენს ქვეყანას უკანონო მიგრაცია, კრიმინალი და ჩინური ვირუსი!" - განაცხადა მან.