თანაშემწეებმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჟურნალისტებთან საუბრის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ინციდენტი ვაშინგტონის ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა, რომელსაც თეთრი სახლის ლიდერი სტუმრობდა.
ჟურნალისტები მისთვის კითხვების დასმას შეეცადნენ მექსიკის საზღვართან არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა თანაშემწეებმა პრეზიდენტს პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს და ჟურნალისტებს დაშლისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ ჯო ბაიდენს ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია დღემდე არ გაუმართავს.
5 მარტს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„ჯო ბაიდენის კატასტროფული ხელმძღვანელობის გამო, ჩვენი საზღვრები ახლა სრულიად უკონტროლოა. ბაიდენის ადმინისტრაცია სასაზღვრო პატრულისა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს პატივს არ სცემს, მათ ამცირებს და დასცინის. ქვეყანაში მასობრივად შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც აქ არ უნდა იმყოფებოდნენ“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.