„სცადეთ, ბატონებო, და თქვენ მიიღებთ ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან“

„სცადეთ, ბატონებო, და თქვენ მიიღებთ ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან“

ნაციონალები მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. მათი ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ ეს რიგით პირველი საპროტესტო აქცია იქნება, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული გუნდი უკვე ოპოზიციის რანგში გამართავს. ნაციონალებს აქამდეც ჰქონდათ მცდელობა, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების, ან დაკითხვების დროს ლოკალური პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამას სერიოზული სახე არ მიუღია და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ ერთ-ერთ პირველ აქციაზე მაიაკოვსკის ძეგლთან ახალაიას მომხრე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა.

ამჯერად, საინტერესოა, რა რესურსით აპირებენ ნაციონალები საპროტესტო აქციის გამართვას და აქვთ თუ არა შესაძლებლობა, მობილიზება გაუკეთონ თავიანთ მომხრეებს? ისიც ნიშანდობლივია, რატომ დაამთხვიეს საპროტესტო აქცია 19 აპრილს, რომელიც რაიმე სიმბოლურ თარიღს არ უკავშირდება. არც ისაა გამოსარიცხი, რომ, შესაძლოა, მათ სურდეთ თავიანთი მომხრეების დათვლა, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად კლებადია.

გასათვალისწინებელია ისიც, რის დემონსტრირებას აპირებენ ნაციონალები ამ აქციით და ეს უფრო დასავლეთზე ხომ არ არის გათვლილი, ვიდრე შიდა მოხმარებისთვის, რადგან ამ შემთხვევაშიც ფიგურირებს მათთვის ხელმოსაჭიდი ვირტუალური თემა - ახალი ხელისუფლების ბუნდოვანი საგარეო ვექტორის შესახებ.

"საქართველოს პატრიოტებს" პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მიტინგზე უკვე მოუწოდა.

მისი თქმით, საქართველო ისტორიულად ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე და უახლოეს ისტორიაშიც განსაცდელის წინაშე არაერთხელ დამდგარა.

"ჩვენი მომავალია ევროპა. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".

უკვე ცნობილია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პარტიის აქტივისტების შეკრება და ნაციონალები არასამთავრობო სექტორის გამოხმაურებასაც ელოდებიან.

კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალები აპრილში გადატრიალების ორგანიზებას შეეცდებიან. ეს ის პერიოდია, როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვის კონსტიტუციური უფლებამოსილება ეძლევა.

"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო, რაც სოფლის მოსახლემ იგრძნო, რას ნიშნავს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ხავსს ეჭიდება და ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ორგანიზებას აპრილში, როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური უფლებამოსილება ეძლევა. მე მინდა ვუთხრა სააკაშვილს, მერაბიშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" - სცადეთ ბატონებო და თქვენ მიიღებთ სრულ, ამომწურავ და ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან", – აცხადებს კობა დავითაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ნაციონალების საპროტესტო აქციის არსი არ ესმის, რადგან საგარეო ვექტორი უცვლელი დარჩა და საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ 19 აპრილის შეკრებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. იგი არც იმას ეჭვობს, თითქოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზას გადაუხვია.

"ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა არის განსაკუთრებული ამ 19 აპრილის შეკრებაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ადამიანების უფლებას, გამოთქვან თავიანთი აზრი და ისარგებლონ სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ნაციონალების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძეს საინტერესოდ მიაჩნია თვითონ თარიღი - 19 აპრილი, რომლის შერჩევაც ნაციონალების მხრიდან შემთხვევით არ მოხდებოდა. თუმცა 19 აპრილის ნაცვლად, 9 აპრილი რომ აერჩიათ, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი სიტუაცია ისე წარიმართა, რომ სწორედ ამას უნდა მოჰყოლოდა ნაციონალების გამოხმაურება. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და მოქმედების გეგმაზე, რასაც პრეზიდენტის გამოხმაურებაც მოჰყვა.

„როგორც არ უნდა ილაპარაკონ ნაციონალებმა, თითქოს, ისინი ითხოვდნენ დევნის შეწყვეტას, რეალურად ეს არის საკითხი, რომლის შეფუთვასაც ისინი ცდილობენ, მათ შორის, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მიმართულების და საგარეო პოლიტიკის კურსის დაფიქსირებით. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად საქმე ეხება არა ახალი ხელისუფლების კურსის ცვლილებას, არამედ გარანტიებს ნაცმოძრაობისა და მისი წევრებისთვის“, - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საკმაოდ ჭკვიანური გათვლა გააკეთა, როცა საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მათ არანაირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაემუქრებათ. არც მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს მორალური პასუხისმგებლობა, ალბათ, მაინც უნდა დაკისრებოდათ. თუმცა საშუალო და დაბალი რგოლის მოხელეებისთვის ამნისტიის მიცემა იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური ელიტა სრულიად მარტო რჩება.

ამდენად, ნაციონალები აპელირებენ, თითქოს ამ საშუალო და დაბალ რგოლს იცავენ და არა - საკუთარ თავს. მაგრამ, თუ ეს საშუალო და დაბალი რგოლი წინასწარ ამნისტირებულია, ცხადია, ეს ადამიანები გულწრფელად და მშვიდად მისცემენ იმ ჩვენებას, რაც სინამდვილეში მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დგება "ნაციონალური მოძრაობის" ელიტის საფრთხე.

„19 აპრილი ძალიან შორია, თუმცა ჩასახედია იმ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, სადაც საუბარია გარკვეულ ვადებზე, რა ვადებშიც საშუალო და დაბალი რგოლისთვის ამნისტია უნდა იყოს მიღებული. მე მგონი, ეს სწორედ 19 აპრილამდე მოხდება“.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას არანაირი რესურსი გრანდიოზული მიტინგის მოსაწყობად არ გააჩნია და ისინი, მაქსიმუმ, 5-6 ათას კაცს თუ მოუყრიან თავს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ ეს უფრო მუქარა და შიშია, რომლითაც ყოფილი ხელისუფლება გუშინდელი ნიუსის გადაფარვას ცდილობს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნაცონალების საპროტესტო აქცია უფრო საშინაო პოლიტიკის მოხმარებისთვის არის გათვლილი, ვინაიდან, ვინც ოდნავ მაინც იცნობს სააკაშვილის პოლიტიკურ ხელწერას, მისთვის ცნობილია, რომ მიშას სტილი არ არის, მშვიდად, ინერტულად ელოდოს მოვლენათა განვითარებას. ამ ცხრა წელიწადში ის მიეჩვია, რომ თავად კარნახობს მოვლენების განვითარებას, ის მართავს მოვლენებს და არ მიყვება დინებას. ახლაც ნაციონალებს ამის მცდელობა აქვთ.

„როგორც ჩანს, ნაციონალების პარტია წაგებული არჩევნების შემდეგ თანდათან გამოდის შოკიდან და ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს. ეს შეიძლება იყოს ეტაპობრივი მოვლენა, წერტილი, საიდანაც პოლიტიკური ბრძოლის ათვლა დაიწყება. აქამდე "ნაციონალური მოძრაობა" თავდაცვით რეჟიმში იყო და რეაგირებას ახდენდა შეტევებზე. ეს რეაქტიული პოლიტიკა იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ის არის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები და დადგა დრო, გადავიდეს უფრო აქტიურ ფაზაზე“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და პოლიტიკური ხასიათის ფრონტალურ შეტევაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისივე თქმით, სწორედ აპრილის თვე არის ის ვადა, როცა პრეზიდენტს ახალი მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს. რასაკვირველია, ის არ იყენებს ამ უფლებას, მაგრამ სიმბოლურად, ზუსტად ამ რიცხვში დაამთხვიეს აქცია. ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ალბათ, ამასაც გამოიყენებს სააკაშვილი და იტყვის, მე დღეს მაქვს უფლება, დავითხოვო მთავრობა, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან დესტაბილიზაცია არ მსურსო.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციის ჩატარებისას ნაციონალების ძირითადი გათვლა საკუთარ რესურსს არ დაეფუძნება, არამედ - „ქართული ოცნების“ სავარაუდო სირთულეებს. კერძოდ, უმუშევრობის მასშტაბი ისევ დიდია და ეს ის სირთულეა, რაც მემკვიდრეობით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.

„ამის მიუხედავად, ეს ხალხი ნაციონალებს არ შეუერთდება. ჩემი აზრით, ისინი გათვლას აკეთებენ უფრო საკუთარ სამზარეულოებში მობუზღუნე "ქსენია დიასახლისებზე", რომლებიც, რასაკვირველია, ბარიკადებზე არ ავლენ. შესაძლოა, იმის გათვლაც აქვს სააკაშვილს, რომ ბულგარეთში გუშინ პრემიერი საინტერესო განცხადებით გადადგა - მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც ხალხი მთავრობის უკმაყოფილოა. როდესაც ხალხი ცუდად ცხოვრობს (საკუთარი მიზეზით, უუნარობით, დაბალი პენსიით, უმუშევრობით), განტევების ვაცი ყოველთვის მთავრობაა. მით უმეტეს, დემოკრატიულ ქვეყნებში. თუ ამის იმედი აქვს სააკაშვილს, მე მგონი, ეს მცდარი გათვლაა. საქართველოში, რასაკვირველია, არის უკმაყოფილო მასა, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი ათი ათასობით ადამიანი. ჩემი აზრით, ეს "ქართული ოცნების" ყველაზე სერიზული შეცდომა იყო, როდესაც თავისი მომხრეებით ჩანაცვლების გამო, ხალხს სამსახურებიდან უშვებდნენ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

იმის გამო, რომ პროტესტი დუღილის ტემპერატურამდე ჯერ არ მისულა და ხალხი ჯერ კიდევ სამზარეულოებში გამოხატავს უკმაყოფილებას, სოსო ცინცაძე ნაციონალების საპროტესტო აქციას მომხრეების სიმრავლეს ვერ უწინასწარმეტყველებს. 

მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის პირველი ტალღა, როდესაც ხალხი სიამოვნებით უყურებდა დაკითხვებს, უკვე გაფერმკრთალდა. მეტიც, პირველი ეშხი ამან დაკარგა და ახალი ხელისუფლების შეცდომაა, თუკი ის ფიქრობს, რომ, შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის იმედად, ხალხი 8-9 თვის მანძილზე ითმენდეს უმუშევრობას, სიძვირეს, შიმშილს. ეს მხოლოდ ორ-სამ თვეს ჭრის, მაგრამ არა თვეებისა და წლების მანძილზე, რაც არსად არ მომხდარა. 

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალების საპროტესტო აქცია უფრო დასავლეთზეა გათვლილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაიშლება მიტინგი და არ მივა ხალხი, ეს იქნება ერთგვარი არგუმენტი დასავლელი მოღვაწეებისთვის, რომ, აი, ხალხი დაშინებულია, ვერ ბედავს თავისი აზრის გამოხატვას და "ქართული ოცნების" პროპაგანდით არის თავბრუდახვეული.

„ეს აქციაც ამისთვის არის გამიზნული, თორემ ახლა რეალური პოლიტიკური წარმატება ქვეყნის შიგნით ამ თავყრილობას, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰქონდეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ნაციონალების დათქმულ მიტინგამდე რას გააკეთებს "ქართული ოცნება" და შეძლებს თუ არა თავისი საინფორმაციო პოლიტიკით დასავლელი მოღვაწეების დარწმუნებას, რომ არავითარი საფრთხე ამ თვალსაზრისით არ არსებობს“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ აქციაზე 2-3 ათასმა კაცმაც რომ მოიყაროს თავი, ქვეყნის შიგნით ეს მაინც იქნება ნაცმოძრაობის მარცხის კიდევ ერთი საბუთი. თუმცაღა, ნაციონალურ მოძრაობაში, შეიძლება, ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ მანამდე კიდევ უფრო მომწიფდება სიტუაცია, რომ უფრო მეტ ხალხს მოუყარონ თავი. ამის მიუხედავად, ზაზა ფირალიშვილს ეეჭვება, რომ ამ ორ თვეში რადიკალურად შეიცვლება მოვლენები.