აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა.
სამოქალაქო სიმამაცისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალების დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიაზე ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.
„2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მარია კოლესნიკოვამ ქვეყნის მასშტაბით ქალების მობილიზება მოახდინა, რათა პროტესტი გამოეხატათ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ევროპის უკანასკნელი დუქტატორის მმართველობის წინააღმდეგ. აშშ განაგრძობს მისი და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
2020 წლის 9 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ.