როდის და რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

როდის და რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 22 მარტიდან ჩამოვა. საუბარია „ფაიზერზე“, რომლითაც მოსახლეობის ვაქცინაცია სწორედ თვის ბოლოს დაიწყება და პირველ რიგში, მედპერსონალი აიცრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მედპერსონალის ჯგუფში 57 ათასი ადამიანია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, კონსულტაციები მიმდინარეობს „კოვაქსთანაც.“ ამასთან, გარკვეული სიახლეებია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებითაც:

„დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ქვეყანაში „ფაიზერის“ შემოსატანად, მაგრამ „ფაიზერმა“ კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ასევე, მოითხოვა ვაქცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათავო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტიდან. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება.

„უნისეფმა“ უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც საქართველოსთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს. ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება ვაქცინის გამოშვებისთვის, აქვს. ასევე აქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს. ვაქცინები დღევანდელი ინფორმაციით, შემოვა ქვეყანაში 22 მარტიდან. „ფაიზერის“ დოზა არის 29 250, როგორც ეს იყო დაანონსებული. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოწოდებული ვაქცინა. ჩვენი ინფორმაციით, ეს იქნება კორეაში წარმოებული ვაქცინა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს.

ამ ეტაპზე, ვაქცინას რასაც მივიღებთ, ეს გასწვდება მედპერსონალს. მედპერსონალის ჯგუფში არის 57 ათასი ადამიანი, რომლის ვაქცინაცია იგეგმება პირველ ეტაპზე. ამიტომ, ეს პირველი მოწოდება განკუთვნილი იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და დაფარავს მათ საჭიროებებს. თუმცა, მალევე, აპრილში ველოდებით დამატებით დოზებს, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზეც. რა თქმა უნდა, ის ეტაპობრიობა, რაც გეგმაში გვაქვს, მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არ შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული.

დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ „ასტრაზენეკა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული და მისი ეფექტურობა 85-90%-ს შეადგენს. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, იგი ჯერ კიდევ აღიარების პროცესშია.

„ვაქცინა 22 მარტის კვირაში უნდა შემოვიდეს შეთანხმებისამებრ. „ასტრაზენეკა“ აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩინური ვაქცინა აღიარების პროცესშია. მათი ეფექტურობა 85-90% ფარგლებშია. ვაქცინაცია ხდება 18 წლის ზემოთ ასაკში. წინასაწარ კვლევებით, რაც მიმდინარეობს, ვაქცინა ბრიტანულ შტამზეც მოქმედებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ For.ge-სთან.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ დღეს არსებული ეპოდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და ვანქცინაცია ხელს შეუწყობს მდგომარეობის უფრო მეტად გაჯანსაღებას.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინა რეალურად ასევე მორგებულია ახალ, კერძოდ ბრიტანულ შტამზე. შესაბამისად, ახალი შტამი დიდ პრობლემებს ვერ შექმნის ქვეყანაში, თუკი საზოგადოება წესებსა და რეკომენდაციებს დაიცავს. მისივე განცხადებით, როგორც ძველის, ასევე ახალი შტამის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება წარმოადგენს.

„ახალ შტამს ახასიათებს ის, რომ იოლად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, გადამდებლობა აქვს მაღალი. საქართველოში ბრიტანული შტამი უკვე დადასტურებულია. გვაქვს 31 გამოვლენილი შემთხვევა. გარდაუვალი არაა, რომ ეს ახალი შტამი არ გავრცელდეს.

დაახლოებით ბოლო ერთი თვეა ვინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ მაჩვენებელს. 400-ზე ქვემოთ დინამიკა შეინიშნება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, მოხდა სტაბილიზაცია. სიკვდილიანობაც შემცირდა. იმისათვის, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ, აუცილებელი და მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები: სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხალხმა ისევ დაკარგა სიფრთხილის შეგრძნება და ეს ძალიან ცუდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი შტამის გავრცელება. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. ჩვენთან პირბადეების ტარების მაქსიმუმი იყო 76%, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ და ახლა ჩამოვიდა 62%-მდე, რაც ძალიან ცოტაა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში თუ სხვაგან, არის 90%. თუ ადამიანი პირბადეს ატარებს, ახალი შტამი რომც იყოს, არ გავრცელდება.

რაც შეეხება ვაქცინაციის საკითხს, ყველა ქვეყანაში ვაქცინაცია არის ნებაყოფილობითი. ზოგიერთ ქვეყანაში რწმენის გამო არ იკეთებენ და ა.შ. სავალდებულო არ იქნება, მაგრამ უნდა იყოს ძლიერი რჩევა და რეკომენდაცია, რომ მოსახლეობამ გაიკეთოს, იქნება ძალიან ძლიერი პიარკომპანია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ For.ge-სთან.