აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„ჯო ბაიდენის კატასტროფული ხელმძღვანელობის გამო, ჩვენი საზღვრები ახლა სრულიად უკონტროლოა. ბაიდენის ადმინისტრაცია სასაზღვრო პატრულისა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს პატივს არ სცემს, მათ ამცირებს და დასცინის. ქვეყანაში მასობრივად შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც აქ არ უნდა იმყოფებოდნენ“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მზარდი ცუნამი“ უწოდა.
„როდესაც თანამდებობა დავტოვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი გვქონდა. ბაიდენის მმართველობის პირობებში, ვითარება გაუარესდება, უფრო საშიში და უკონტროლო გახდება, ვიდრე ოდესმე იყო. ბაიდენმა დაარღვია ფიცი, დაიცვას ჩვენი კონსტიტუცია და აღასრულოს ჩვენი კანონები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სასაზღვრო კოშმარის დასასრულებლად.
„მოაცილეთ ჩვენს ქვეყანას უკანონო მიგრაცია, კრიმინალი და ჩინური ვირუსი!" - განაცხადა მან.