პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს, კონკრეტული შეზღუდვების კიდევ ერთხელ შემოღება.
როგორია ეპიდსიტუაცია დღეს, რამდენად არის მოსალოდნელი „ლოკდაუნის“ ხელახალი ამოქმედება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად, რეგულაციების შემოღებას უნდა ველოდოთ თუ არა ხელმეორედ? - ამის შესახებ For.ge ექიმ-ინფექციონისტს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ კიდევ ერთ ჩაკეტვას? ეპიდსიტაუციის გაუარესების შემთხვევაში რა შეზღუდვების შემოღებას უნდა ველოდოთ?
- არ მგონია, რომ ცუდად და მძიმედ განვითარდეს სცენარი. ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა ვირუსული ინფექციის პირველი ტიპი, თუმცაღა თუ მოხდა ახალი შტამის გავრცელება, მაშინ შეიძლება ინფიცრებულთა რაოდენობის გაზრდა, ვინც ამ ახალი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს არ ფლობს.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ადამიანთა იზოლირებას, გარკვეულწილად „ლოკდაუნის“ სახით, ისევ ჩაიკეტება რესტორნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდება და საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალება იგივე სცენარით, ოღონდ უკუღმა დატრიალდება ყველაფერი.
შესაძლოა, ახალი შტამი ხელახალი ჩაკეტვის საფუძველი გახდეს?
- 70%-ით არ მგონია, რომ ეს განსაკუთრებულ პრობლემად იქცეს. იმის იმედი მაქვს, რომ გარკვეული იმუნიტეტი ამ შტამის მიმართაც ჩამოყალიბდება. ასე რომ, შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ გაუარესდა სიტუაცია, თუ ახალი შტამი იქნება ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც პირველი ვარიანტი, როდესაც, სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეეწირა ამ ვირურსს. თუ ისეთივე სცენარი განვითარდება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება შეზღუდვების დაწესება.
დღეს როგორია ეპიდსიტუაცია?
- დღეს ეპიდსიტუაცია არის რეგულირებადი. ამ ეტაპზე ადაპტირებულია სახელმწიფოც და მოსახლეობაც ამ ვირუსის მიმართ. ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, თუმცაღა, საყურადღებოა.
თუ დროზე ჩატარდება ეპიდკონტროლი და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია.
როდის დამთავრდება ეს პანდემია? როგორ ფიქრობთ, სადამდე მოგვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება?
- ჩვენთან ჯერ აცრა არ შემოსულა, თუ შემოვა, ძალიან მალე დამთავრდება. აქ არ არის საუბარი ისეთ დიდ ქვეყნებზე, როგორიც არის აშშ, სადაც დღესაც კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუ მოხდა სრული ვაქცინირება იმ ადამიანების, რომელთაც სჭირდებათ ეს და ამ ვირუსის ჩაკეტვა, ჩვენთან ძალიან მალე დამთავრდება პანდემია.
ეს იმათმა იკითხონ, ვისთანაც ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობაა და უნდა მოახერხონ ამ მოსახლეობის მაქსიმალურად იზოლირება და აცრა.
პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაწყება არ არის პანაცეა...
- იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ბ ჰეპატიტზე თავის დროზე ვაქცინა ფასიანი იყო და ერთ ჩემს კოლეგას ვიცი, რომ არანაირი იმუნიტეტი არ გამოუმუშავდა. ეს შემოწმდა ლაბორატორიული წესდებით. თუმცა, მასიურად იმუნიტეტი ჩამოყალიბდება. შეიძლება ერთ-ორ ადამიანს გარკვეული მიზეზებს და ორგანიზმის თავისებურის გამო არ ჩამოუყალიბდეთ იმუნიტეტი, მაგრამ უმეტესობას ეს ექნება, სწორედ ეს განსაზღვრავს საზოგადოებრივ იმუნიტეტს, რომელიც შეებრძოლება ვირუსის გავრცელებას. თუ დროულად შემოვიდა ვაქცინა, ძალიან კარგი შედეგები გვექნება.