„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

„რესპუბლიკელი“ სენატორები მიიჩნევენ, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ევროპაში ამერიკელი მოკავშირეები და პარტნიორები მოსკოვის მავნე გავლენის წინაშე უფრო მოწყვლადნი გახდებიან.

კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, დამატებითი სანქციების დაუყოვნებლივი დაწესებისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ადმინისტრაცია უარს ამბობს სანქციების დაწესებაზე იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილეობენ“, - ნათქვამია წერილში.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იმ გემებსა და კომპანიებზე, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილეობენ და სანქციებს ექვემდებარებიან, საჯაროდ ხელმისაწვდომია.

„ის, რომ ადმინისტრაცია ახალ სანქციებს არ აწესებს, იმაზე მეტყველებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, პრეზიდენტ პუტინს საშუალება მისცეს ევროპაში გაზის მიწოდებაზე მხუთავი კონტროლი დააწესოს და გეოპოლიტიკური გავლენა გააძლიეროს“, - აღნიშნავენ „რესპუბლიკელი“ სენატორები.

პეტიციას ხელი ორმოცმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერებს შორის „დემოკრატი“ სენატორები არ არიან.