FBI-ის დირექტორი: კაპიტოლიუმზე შტურმი შიდა ტერორიზმის აქტი იყო

FBI-ის დირექტორი: კაპიტოლიუმზე შტურმი შიდა ტერორიზმის აქტი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს. ამის შესახებ კრისტოფერ რეიმ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

„ეს შტურმი დანაშაულებრივი ქმედება იყო და გამოძიების ფედერალური ბიურო მას შიდა ტერორიზმის აქტად განიხილავს. ჩვენს დემოკრატიაში ასეთ საქციელს ადგილი არ აქვს და ამგვარი საქციელისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცინვა იქნებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა.

კრისტოფერ რეიმ ასევე განაცხადა, რომ მისი უწყება 6 იანვრის მოვლენების გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

„შიდა ტერორიზმი მთავარი პრობლემა და საფრთხეა. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ყველანი 6 იანვრის შტურმის მსხვერპლნი ვართ“, - განაცხადა მან.

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სულ მცირე 270 ადამიანს წაუყენეს. ბრალდებულთა უმეტესობას ბრალი შეთქმულებაში, სამოქალაქო არეულობის დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლასა და კონგრესის მუშაობის შეფერხებაში ედებათ.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.