საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ დაუშვა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე. შესაძლოა, ამ ბრძოლის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დასრულება გახდეს საჭირო. ჩემთვის მტკივნეული იქნება, თუ ჩემს ქვეყანას დაადანაშაულებენ, თუმცა მზად ვარ ამისთვის, ვინაიდან ეს დემოკტრატიის საფასური იქნება“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებებია საჭირო, ხოლო მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
„ვიცი, რომ ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება. მტკიცედ ვარ განწყობილი, ვიბრძოლო იმისთვის, რომ სამართალმა გაიმარჯვოს“, - აღნიშნა მან.
1-ელ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და „გავლენით ვაჭრობაში“. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.