„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხედულებების თანხვედრის არარსებობის გამო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა, ექვსწლიანი თანამრომლობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამავდროულად, მან ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზეც უარი თქვა და, როგორც თავად აღნიშნა, ამ პროცესს გაემიჯნა.
ამიერიდან ხაჩირაშვილი რიგითი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საკრებულოში მუშაობას, რადგან იგი საკრებულოს დეპუტატია გლდანის რაიონიდან.
მანვე ფრაქციის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია. მასაც თავის ყოფილ გუნდთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, მიაჩნია, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და ახსოვს, როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი დღეებიც, თუმცა მაშინ მათ შორის შეხედულებების თანხვედრა იყო. დღეს კი ეს თანხვედრა აღარაა და ისიც აღარ აპირებს „კატა-თაგვობანას თამაშს“.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას არავითარი სხვა გარემოება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა.
სულ რამდენიმე დღის წინ აშკარა იყო, რომ ნიკო ხაჩირაშვილი არ აპირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას. უფრო მეტიც, როცა გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს კიდევ ერთმა დეპუტატმა ზურაბ გაჩეჩილაძემ (შონზომ) დატოვა, ნიკო ხაჩირაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში მთავარი ურთიერთობები და ღირებულებებია, რომელთა დაცვაც ყველა ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია. ამდენად, უმჯობესი იქნებოდა, ზურაბ გაჩეჩილაძეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მათთვის პირადად ეცნობებინა და არა სხვისი საშუალებით.
ნიკო ხაჩირაშვილის უფრო ადრეული განცხადებებიც არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეელეოდა. ჯერ კიდევ 7 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარებული ხაჩირაშვილი გაოცებას ვერ ფარავდა, თუ საიდან იცოდნენ მისმა ოპონენტმა კოლეგებმა საკრებულოში, რომ ორ თვეში დაიშლებოდა საკრებულო. მაშინ ხაჩირაშვილი ხაზგასმით ამბობდა, რომ თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს საკმაოდ მტკიცე და მყარი უმრავლესობა გააჩნდა და თუ, „ქართულ ოცნებას“ სურდა მიეღო უმრავლესობა, ხაჩირაშვილი მათ უშუალოდ ასეთნაირად მიმართავდა - „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“.
„თუ ასე ძალიან სჭირდებათ უმრავლესობა, მე, როგორც ფრაქცის თავმჯდომარე, მათ პირობას ვაძლევ, იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, ვინ იქნება სკამზე და სავარძელზე მომჯდარი, არამედ შემოიტანონ კონკრეტული ინიციატივები და მე პირობას ვაძლევ, რომ კენჭისყრაზე ისინი იმ უმრავლესობას მიიღებენ“, - ასეთი იყო სულ რაღაც ორი კვირის წინ ხაჩირაშვილის პოზიცია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა და პარტიიდან წასვლა, საკრებულოს უმრავლესობამ მალევე შეაფასა. უმრავლესობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს ის განცხადებები შეახსენა, რომლებსაც ნიკოლოზ ხაჩირაშვილი უკანასკნელ პერიოდში დეპუტატების დაკითხვებთან დაკავშირებით აკეთებდა. კერძოდ, მაშინ ხაჩირაშვილი ზეწოლასთან დაკავშირებით საუბრობდა.
„როცა დაკითხვაზე ის და ფრაქციის სხვა წევრები დაიბარეს, მაშინ ამბობდა, რომ ეს მიმართული იყო ფრაქციის დაშლისკენ. დღეს კი ის ამბობს, რომ ზეწოლა არ ყოფილა. თქვენთვის მომინდვია, იყო თუ არა ეს ზეწოლა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. ამასთან, სევდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს ფრაქციასა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო სამი თვის განმავლობაში კათარზისის პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, იგი ნიკოლოზ ხაჩირაშვილს თანაგრძნობას უცხადებს და წუხს, რომ საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ზეწოლას ვერ გაუძლო.
„ქართული ანდაზაა - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. დღეს უნდა დავუჯეროთ ჩვენ ნიკოლოზ ხაჩირაშვილს, როცა ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუ მაშინ უნდა დაგვეჯერებინა, როდესაც გვარწმუნებდა, რომ თითოეული დაკითხვა საკრებულოს უმრავლესობის დაშლისკენ იყო მიმართული?! კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას და სიბრალულს იმის გამო, რომ ნიკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამით საკუთარ ღირსებაზე თქვა უარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სევდია უგრეხელიძემ ნიკო ხაჩირაშვილის განცხადების კომენტირებისას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხაჩირაშვილის დაკითხვას პერმანენტულად აწარმოებდა. ერთხელ იგი რიყის გასხვისების საქმეზე დაიკითხა, მეორედ კი, კომპანია „თბილსერვისთან“ დაკავშირებით. ამავე საქმეზე თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა მაღალჩინოსნები დაიკითხნენ.
პოსტიდან გადადგომის შემდეგ უკვე გაცხადდა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელები“ ნიკოლოზ ხაჩირაშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე აცხადებს, მისი ფრაქციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე თბილისის საკრებულოს საქმიანობა თბილისელების იმ მოთხოვნებთან და ინტერესებთან იქნება ადეკვატური, რაც წარმოიშვა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამდგარ ახალ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით. ამდენად, ისინი მზად არიან, ხაჩირაშვილთან ითანამშროლონ.
For.ge ნიკო ხაჩირაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა იგი მობილურს არ პასუხობდა. ფრაქცია „ქართული ოცნება -თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკრებულოს საქმიანობა ადეკვატური უნდა იყოს და თბილისელების ახალი დაკვეთები უნდა შეასრულოს, რაც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაჩნდა,
- ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნიკო ხაჩირაშვილთან და სხვა წევრებთან, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს, რათა შეიქმნას დაბალანსებული უმრავლესობა.
უფრო ადრე რატომ არ მიიღო ხაჩირაშვილმა ეს გადაწყვეტილება და კონსულტაციები თუ გქონდათ მასთან?
- მე პირადად ძალიან ზომიერ მესიჯებს ვუგზავნიდი ნაციონალებს და, ეტყობა, მათაც გადახედეს თავიანთ მდგომარეობას. როგორც საკრებულოს წევრები, ისინი ვეღარ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. არც არავინ ჰკითხავდა მათ ამომრჩეველთან ურთიერთობას, მხოლოდ და მხოლოდ ისინი ხელის ამწევი, გამტარები და ნოტარიუსები იყვნენ გიგი უგულავას მიერ წარმოდგენილი პროექტების დროს. როგორც ჩანს, მათ ეს კარგად გაიაზრეს და ნიკო ხაჩირაშვილმა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს აისახება საკრებულოს უმრავლესობაზეც და პირველი პირი როდესაც ტოვებს ფრაქციას, ბუნებრივია, მას რამდენიმე ადამიანი რეალურად მიჰყვება.
ნაციონალების მხრიდან ნიკოლოზ ხაჩირაშვილის ნაბიჯმა აშკარად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
- მე ვიცი ქალბატონი სევდია უგრეხელიძის პოზიცია. სხვათა შორის, მან საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ის ბრალდებები, რაც ნიკო ხაჩირაშვილს წაუყენა ამ მოცემულ სიტუაციაში, ანალოგიური პრეტენზია მეც მაქვს ქალბატონი სევდიას მიმართ. ნამდვილად არ მოიქცა ქალბატონი სევდია, როგორც იურისტი და საკრებულოს წევრი, წინა მოწვევის საკრებულოს დროს, როცა კობა დავითაშვილი და სხვები სცემეს საკრებულოში. იმ დროს ქ ალბატონი სევდია საკრებულოს სხდომაზე იყო, მეც ვესწრებოდი ამ სხდომას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და მან საოცარი განცხადება გააკეთა, არაფერი დამინახავს, არაფერი მომისმენიაო. ამ შემთხვევაში, რომელ ღირსეულ ქცევაზეა საუბარი?!
სამომავლოდ თქვენს ფრაქციაში ხომ არ აპირებს ხაჩირაშვილი გაწევრიანებას?
- ამაზე არ არის საუბარი. მან განაცხადა, რომ აპირებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დარჩეს საკრებულოში, ჩვენი ფრაქცია კი მზად არის, ითანამშრომლოს იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ხაჩირაშვილია, ანუ თავისუფალი, დამოუკიდებელი დეპუტატია.
თქვენ აცხადებეთ, რომ მესიჯებს უგზავნიდით ნაციონალებს. რომელ გზავნილებზეა საუბარი?
- საქმე ისაა, რომ ისინი წარმოადგენენ საკრებულოს წევრებს და ამომრჩეველის წინაშე თავიანთი მოვალეობები უნდა შეასრულონ, რაც კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩათ შესასრულებელი მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე. არადა, საკრებულოს შესახებ კანონით, საკრებულოს წევრს ევალება სამ თვეში ერთხელ ხდებოდეს ამომრჩეველს და აბარებდეს ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რაც არ ხდებოდა და ისინი არღვევდნენ ამ კანონს. მით უმეტეს, ახალ პოლიტიკურ რეალობაში ამის დარღვევა შეუძლებელია, რადგან ხალხის განწყობა ვიცით, რომ ნაციონალების მხარეს არ არის და ახალი ხელისუფლების მხარესაა.
მათი ასეთი საქციელი და ნაციონალებისგან დროულად წამოსვლა ერთგვარ ინდულგენციას ხომ არ უნდა ნიშნავდეს? ხაჩირაშვილი თავის დროზე გამგებელი გახლდათ. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება ხომ არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შემთხვევაში, მას ეს ეპატიოს? საზოგადოებაში სწორედ ამ მიმართულებით ისმება კითხვები.
- კონკრეტულ დანაშაულებებზე პასუხი უნდა გასცენ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ჩვენ ამის შესახენ ინფორმაცია არ გვაქვს. უბრალოდ, ვიცით, რომ დაკითხვა ეხებოდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენას. დაკითხვაზე იმყოფებოდა ნიკო ხაჩირაშვილი, მაგრამ, თუ ის დამნაშავეა, რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ცნობილი არ არის.
უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას საკრებულოსთან ნაკლები შეხება აქვს და დეტალები არ იცის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ამ ყველაფერს ხაჩირაშვილის პროკურატურაში მისვლას უკავშირებს.
„აქ ცალსახად ფიქსირდება ერთი რამ და ძალიან ნათელია, მით უმეტეს, ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების ფონზე, თუ როგორ მუშაობს პროკურატურა. აქ ასეთი ლაპარაკი იყო - გინდა კიდევ ერთხელ მოგიყვანოთ დაკითხვაზე? - ამიტომ სჯობს, რომ წახვიდე. ადამიანს ნერვები არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ თავისი სიმართლისთვის იბრძოლოს. ურჩევნია, კომფორტი და წყნარი ცხოვრება და ამ წყნარ ცხოვრებას სთავაზობენ და აქ არ არის სამართლიანობა და სამართლის ძიება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქალაქი ჩაიგდონ ხელში ნებისმიერი მეთოდებით“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ჩვენ დავინტერესდით, რომ ნაციონალების და, ზოგადად, პრეზიდენტის მტკიცების მიუხედავად, თითქოს ყოფილი ჩინოვნიკები დანაშაულში არ იყვნენ შემჩნეულნი, რას ნიშნავდა ხაჩირაშვილის დაკითხვაზე დაბარება? დავით დარჩიაშვილმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, „ვთქვათ და, ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოსყიდვის საფასურად „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლა რას ნიშნავს?! ე.ი. მას პირდაპირ სთავაზობენ, მოდი, შენ გადი საკრებულოს ნაციონალური ფრაქციიდან და შენს დანაშაულზე აღარ იქნება საუბარი. ხაჩირაშვილის საკითხი ცალკე გასარკვევია. გამოიძიონ, კი ბატონო, თუ რამე დანაშაული ჰქონდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი, მაგრამ მეორე ამბავია, თვითონ პროკურატურის მუშაობის სტილი“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
თუ რა იგულისხმა ნიკო ხაჩირაშვილმა კატა-თაგვობანას თამაშში, ამის ახსნა დავით დარჩიაშვილს უჭირს. თუმცა მისთვის ცალსახაა, რომ პროკურატურაში სამჯერ თუ ოთხჯერ მისვლის შემდეგ ნიკო ხაჩირაშვილი გავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ამასთან, დეპუტატი გვირჩევს, რომ ზურა გაჩეჩილაძის შესახებ ნიკო ხაჩირაშვილის განცხადებები გავიხსენოთ და მის მიერ ნაციონალების დატოვებას შევუდაროთ.
„ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, რომ გადი და უფრო წყნარი ცხოვრება გექნება. სხვა რა დასკვნა უნდა გავაკეთო?! უცებ გაეხსნა პოლიტიკურ-იდეოლოგიური განსხვავებული აზრი? ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი“.
ცნობისთვის, ნიკო ხაჩირაშვილი 2008 - 2010 წლებში ქ. თბილისის მერის მოადგილე, 2005 – 2008 წლებში კი გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო.
შეგახსენებთ, ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს რვა დეპუტატმა დატოვა. თუ ნაციონალებს კიდევ ხუთი დეპუტატი გამოაკლდებათ, მაშინ საკრებულოში უმრავლესობა აღარ ეყოლებათ.