"ერთნაირად იქნება დაცული ჩიორას ცხვირიც და კობა დავითაშვილის თვალებიც"

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი ბოლო მომენტში განაცხადა საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი დემოკრატიული თანამეგობრობის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და საჭიროების შემთხვევაში, მისი განიარაღება მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება. კერძოდ, მომავალში საერთაშორისო არენაზე აღარ იქნება ნაციონალების ექსკლუზივი და „ერთნაირად იქნება დაცული ჩიორას ცხვირიც და კობა დავითაშვილის თვალებიც“. ასეთია დავით უსუფაშვილის პოზიცია.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის შესახებ მსჯელობა ხელისუფლებასა და ნაციონალებს შორის ბოლო ათი დღის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამდენად, საზოგადოებას მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი მიეწოდებოდა. დღეს კი საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განასაჯაროვა მოლაპარაკების დეტალები.

როგორც გაირკვა, მმართველ გუნდსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობითი იყო და ძირითადად, იმ პრინციპულ თემებს შეეხებოდა, რაც საზოგადოებას დღემდე აღელვებს, ეს არის სამართლიანობის აღდგენის სურვილი, რაც დროში უზომოდ გაჭიანურდა. ნაციონალების მთავარი მოთხოვნა კი სწორედ საზოგადოების ამ სურვილის დაბრკოლება იყო.

მიუხედავად ამისა, უსუფაშვილი მადლობას უხდის მოლაპარაკების პროცესში მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც სათანადო მონდომებითა და კეთილსინდისიერებით ეკიდებოდნენ საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეს. ამასთან, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებების სასურველი შედეგით ვერდასრულებაში უშუალოდ მათი წვლილი მინიმალურია და მომავალში უფრო პროდუქტიულად თანამშრომლობის იმედს იტოვებს.

რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებს, ქრონოლოგიურად ეს ასე გამოიყურებოდა.

გასული წლის 27 დეკემბერს მმართველმა გუნდმა „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება შესთავაზა, რომლითაც პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.

ნაციონალების შეთავაზების შემდეგ მმართველი გუნდი 15 თებერვალს დათანხმდა შემდეგ საკითხებს:

- შეთანხმებული კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი სხვა კონსტიტუციური ცვლილებისათვის საჭირო კვორუმის გაზრდა 2/3-დან 3/4-მდე.

- საგარეო პოლიტიკური საკითხების კონსტიტუციაში ჩაწერა იმ სახით და იმ ფორმით, რასაც თავად შემოგვთავაზებდნენ.

- პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებისთვის კენჭისყრის გადადება წლის ბოლომდე.

- კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის მხოლოდ ნაწილის ამოქმედება ისე, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე დარჩენოდა გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კვლავ კვალიფიციური უმრავლესობა ყოფილიყო საჭირო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გართულებული პროცედურები დარჩენილიყო უცვლელად და სხვა.

თუმცა 16 თებერვალს ნაციონალებმა დამატებითი წინაპირობა წამოაყენეს, რაც გულისხმობდა უპირობო და სრულ ამნისტიას ყველა საჯარო მოხელისათვის (პრეზიდენტიდან მუნიციპალიტეტის რიგით თანამშრომლამდე) 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.

მმართველმა გუნდმა 17 თებერვალს თანხმობა შემდეგ საკითხებზე განაცხადა, რომ უნდა მოხდეს უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა; განხორციელდეს ნაწილობრივი ამნისტია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც, ისინი გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, სამინისტროების მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანელები, გუბერნატორები, გამგებლები, მათი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოს და სხვა მსგავსი ცენტრალური სტრუქტურების წევრები, საკრებულოების თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები).

ამის შემდეგ ნაციონალების საბოლოო წინადადება 18 თებერვალს გაცხადდა, რაც გულისხმობდა სრულ და უპირობო ამნისტიას ყველასთვის, გარდა პრეზიდენტისა, მინისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ასევე, ამნისტიის საკითხზე შეთანხმებამდე კონსტიტუციის საკითხებზე შეთანხმების რეალიზების შეუძლებლობას.

ამის პასუხად ნაციონალებმა 20 თებერვალს ასეთი შემონათვალი მიიღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მიუხედავად, მმართველი გუნდი მოამზადებს და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ იმ პრინციპების საფუძველზე, რაც შესთავაზეს 17 თებერვალს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს უყრიან საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

ამასთან, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭისყრაზე არ დასვამენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე;

გააგრძელებენ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობას, მაგრამ 15 მარტამდე ყველა შემთხვევაში, კენჭს უყრიან პარლამენტის რეზოლუციას ამ თემაზე;

შექმნიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის, ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის მოდელების შესამუშავებლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები; საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას 1 მარტიდან. ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისთვის მოიწვევენ არსაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; შეიმუშავებენ და საზოგადოებას 1 მარტამდე გააცნობენ ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმას, რომლის მიზანი იქნება

საზოგადოებრივი წესრიგის უმკაცრესი დაცვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე; სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების კონსტიტუციური და საპროცესო უფლებების განუხრელი დაცვა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა მოხდება;

ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების მოხელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების განუხრელი დაცვა განხორციელდება;

და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი და დროული ინფორმირება მოხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე.

ამრიგად, მმართველი გუნდი არ წყვეტს დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოიფარგლება.

უსუფაშვილის განმარტებით, უსაფუძვლო ჭირვეულობითა და ახალ-ახალი პირობების დაყენებით დროის გაყვანა ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელისუფლება კი ვალდებულია, პირველ რიგში, საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს.

„რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებას უმალ გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. მან განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა „დევნის კამპანიის შეჩერებაზე“ ვერ შეთანხმდნენ. 

მისი თქმით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.

„დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ. დამნაშავეა გიგი უგულავა? მიხეილ სააკაშვილი?! საკუთარი თავისთვის იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ თავი დაანებეთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვებზე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით კავშირი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 6 000 ადამიანი დაიკითხა მერიაში, რომ როგორმე გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავზებით, დევნა უნდა შეწყდეს სამინისტროებში სამმართველოების უფროსების მოადგილის ქვემოთ, რაც არარაციონალურია, რადგ ან მათ ქვემოთ უკვე ტექნიკური პერსონალია.

„მათი ვარიანტით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამმართველოს უფროსიც კი არის, უნდა დარჩეს დევნის ობიექტი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ქვეყანას სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა და თუ ამას სჭირდება ლიდერების დასჯა, მზად ვართ, თუმცა ყველა დანარჩენს თავი დაანებონ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება მაქსიმალურად კონსტრუქციულად. იმედია, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ შედეგზე და გონივრულ კომპრომისზე ორიენტირებული“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ასევე, ბაქრაძემ ნაციონალებისთვის „საკრალური“ სიტყვა კოჰაბიტაციაც მოიშველია და აღნიშნა, თუ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე და ვთანხმდებით საკონსტიტუციო მოდელზე, ეს ვერ მოხდება, როცა ამ წუთისთვის 15 000-მდე ადამიანი დაკითხულია მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით უკავშირდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ შემთხვევაში დავით ბაქრაძე გახმაურებულ საქმეებზე არ საუბრობს.

მისი სურვილია, შეჩერდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უნდა შედგეს სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა, არ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის განადგურება და ვიაროთ შერიგების და არა დაპირისპირების გაღრმავების გზით.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რადგან მმართველ გუნდსა და ნაციონალებს შორის შეთანხმება ამნისტიის შინაარსის გამო ვერ შედგა, ეს მიუთითებს, რომ ეს ყველაზე მწვავე საკითხია ნაციონალების პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ექსპერტის აზრით, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბუტა რობაქიძის გუშინდელი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ მოსახლეობაში არის გარკვეული ტიპის უკმაყოფილება. ამასთან, პოლიტიკოსებშიც კობა დავითაშვილის პოზიციაც უკმაყოფილების ამსახველია, რომ ხელისუფლება საკმარისად ვერ ახერხებს დასასაჯელთა დასჯას.

„ეს ამზადებს ლინჩის წესით გასამართლების განწყობილებას ხალხში. ასე რომ, „ქართული ოცნება“ თუ ნაციონალების პირობას დათანხმდება, როგორც პარტია, რეიტინგს საგრძნობლად დაკარგავს, მაგრამ ამით ნაციონალებს უფრო მძიმე დღე დაადგებათ. ხელისუფლებას ხალხი აღარ შეხედავს და ქუჩაში გაიმართება მათი სასამართლო თავისი სასჯელით. მე მგონი, ამ შემთხვევაში, ნაციონალებისა და „ოცნებისთვისაც“ წამგებიანია აბსოლუტური ამნისტია და ნაციონალებისთვის კიდევ უფრო მეტადაა წამგებიანი“, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.