„კობა ვარსკვლავი გახდა და ბევრს მოვეფერებით“

„კობა ვარსკვლავი გახდა და ბევრს მოვეფერებით“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი „მტრების გახარებას“ არ აპირებს, „ქართულ ოცნებაში“ რჩება და თანაგუნდელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

მედიის წინაშე, ამ შემართებით კობა დავითაშვილი ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ წარსდგა, სადაც მმართველი გუნდის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინათინ ხიდაშელზე განაწყენებული კობა დავითაშვილის „შერიგებას“ ცდილობდნენ.

უმრავლესობის სხდომას, რომელიც კობა დავითაშვილის მოთხოვნით დაინიშნა, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და თავად თინათინ ხიდაშელი არ ესწრებოდნენ,  სხდომა კი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამდე, დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, საკომიტეტო მოსმენისთვის განკუთვნილ მეოთხე დარბაზში კი, ტელეკამერების თანხლებით დავითაშვილის გამოჩენას უმრავლესობის ლიდერთა რეპლიკები - „კობა ვარსკვლავი გახდა“, „კადრში ჩვენც გამოგვაჩინეთ“, „კობას ბევრს მოვეფერებით” მოჰყვა.

ვინაიდან, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მეოთხე დარბაზში მიკროფონები გამოირთო და სხდომაზე საუბარიც დაბალ ხმაზე მიმდინარეობდა, ჩვენთვის ის საკითხები უცნობი დარჩა, გამოსვლისას რაზე გაამახვილა დავითაშვილმა ყურადღება და თუ რითი ახსნა მის მიერ ხელისუფლებისადმი გამოთქმული  კრიტიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე, დარბაზიდან პირველები კობა დავითაშვილი და დავით ბერძენიშვილი გამოვიდნენ. დავითაშვილმა კი, ტელეკამერების წინ, განცხადების გაკეთება ბერძენიშვილთან ერთად სინქრონში მოისურვა და თანაგუნდელიც გვერდიდან არ მოიცილა.

დავითაშვილის განცხადებით, ის მტერს არ გაახარებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის განხეთქილება არ იქნება.

„კრიტიკა ნორმალურია, ხოლო ეს კრიტიკა განხეთქილებაში არ გადავა და ბრძოლა ერთად გაგრძელდება. მთავარია გადაწყვეტილება, რომელიც ასეთია - ჩვენ ვართ თანამებრძოლები, მტერს არ გავახარებთ და ჩვენს შორის არანაირი განხეთქილება არ იქნება. ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კანონმდებელმა, რომელმაც for.ge-ს კითხვას - „თუ მტრის გახარება არ გსურდათ, რატომ გააკრიტიკეთ ხელისუფლება?“ თავი აარიდა და მოგვიწოდა „იხილეთ პასუხი ნომერი ერთი“. 

ამ კომენტარის შემდეგ, სხვადასხვა კითხვაზე კობა დავითაშვილმა ერთი და იგივე პასუხი გასცა, რის გამოც, მედიამ მისადმი ინტერესი დაკარგა და ვითარების გარკვევას დავით ბერძენიშვილთან შევეცადეთ, რომელმაც კითხვებზე პასუხების გაცემას თავი მაქსიმალურად აარიდა და მოგვიანებით, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებების შეფასება დაიწყო. 

ბერძენიშვილის შეფასებით, კობა დავითაშვილმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა, რომელიც შემდეგ დააზუსტა და ნორმალური ვითარება გახდა.

„ხელისუფლება ერთიანი და მძლავრი გუნდია. კობა დავითაშვილი როგორც იყო, ასევე რჩება უმრავლესობის სრულფასოვან წარმომადგენლად. ჩვენ ვართ ერთად და ამ სიძლიერეს კიდევ ადასტურებს ის, რომ უმრავლესობა ძლიერდება და იზრდება, უმცირესობა კი ყოველდღიურად მცირდება“, - დასძინა დეპუტატმა.

მართალია, კობა დავითაშვილმა თანაგუნდელების მიმართ არსებული წყენა დროებით დაივიწყა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ჭიქაში ქარიშხალი მან თავად მოაწყო, მმართველი გუნდი ღიად გააკრიტიკა და ხელისუფლების ქმედებებს „დოყლაპიობა“ უწოდა. ხიდაშელ-უსუფაშვილს კი, „კეთილი რჩევა“ მისცა - პედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით საუბარს თავი დაანებონ.

საგულისხმოა, რომ კობა დავითაშვილის მსგავსად, ყურადღების დეფიციტზე ჯერ კიდევ სამი თვის წინ, უმრავლესობის სხდომაზე, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა ისაუბრა. For.ge თავად გახდა მოწმე, მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან ორ კვირაში, სხდომაზე, სოსო ჯაჭვლიანმა თანაგუნდელებთან კომუნიკაციის არარსებობის გამო უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ „იმედები გამიცრუეთ. ხალხი გარკვეულ საკითხებზე პასუხს მთხოვს, თქვენ კი გირეკავთ და ან ზარებს არ პასუხობთ, ან, ტელეფონები გათიშული გაქვთ“. ამის შემდეგ, ჯაჭვლიანს გუნდთან მიმართებაში საყვედური არ გამოუთქვამს, მაგრამ კომუნიკაციის ნაკლებობაზე უმრავლესობის წევრები ყურადღებას for.ge-სთან კულუარულ საუბრებში ხშირად ამახვილებენ.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს შორის ვითარება, მას შემდეგ დაიძაბა, რაც „მაესტროში“ სერგო რატიანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, დავითაშვილი თინათინ ხიდაშელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკეს.