პოლიტიკურ წრეებში ელჩობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ვნებათეღელვა არ ცხრება. თუ ორი თვის წინ, პარლამენტში ელჩობის კანდიდატების წარდგენა ხელისუფლებასა და ქვეყნის პირველ პირს შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა, ამჟამად, პლენარულ სხდომაზე ელჩობის კანდიდატების წარდგენაზე უარს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე აცხადებდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ ძაგნიძის „გაჯიუტების“ შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ არ გაასაჯაროვა.
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხვალ, პლენარულ სხდომაზე, ელჩობის კანდიდატების ბიოგრაფიები დიმიტრი ძაგნიძეს უნდა წარედგინა, რაზეც ის უარს აცხადებს.
„ის ამაზე უარს ამბობს, თუმცა, რა მიზეზით გაურკვეველია. ძაგნიძის ნაცვლად, ელჩობის კანდიდატებს, ჩემი მოადგილე - გიორგი ხელაია წარადგენს. თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, რომ ძაგნიძეს ელჩების კანდიდატების წარდგენა სთხოვოთ“, - მიმართა უმცირესობას მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალებმა მინისტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უმალვე უარყვეს და საკომიტეტო დარბაზში, სადაც მაია ფანჯიკიძის მოსმენა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიმიტრი ძაგნიძე „გააჩინეს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ძაგნიძე მეოთხე დარბაზთან იმ დროს მივიდა, როცა მაია ფანჯიკიძე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობდა. ძაგნიძე მინისტრს მარჯვენა გვერდიდან ამოუდგა და მას უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ჩუმად აქეზებდა - „მიაჭერი, მიაჭერი“. წერეთლის რეპლიკის ფონზე კი, ძაგნიძეს გოკა გაბაშვილი ყურში იმ სიტყვას კარნახობდა, რაც ჟურნალისტებისთვის უნდა ეთქვა. ნაციონალების მცდელობის მიუხედავად, ტელეკამერების წინ „შოუ ვერ შედგა“, რადგან მათ ამის საშუალება დიპლომატმა მინისტრმა არ მისცა, რომელმაც ადგილი საკუთარი კომენტარის გაკეთებისთანავე დატოვა და ტრიბუნა დიმიტრი ძაგნიძეს დაუთმო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მაია ფანჯიკიძის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება მისთვის მოულოდნელი იყო.
„საკითხზე მომხსენებლად მინისტრის მოადგილე იყო დანიშნული, რომელსაც პრეტენზია არ გამოუთქვამს. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა გავიგე, რომ ის ელჩობის კანდიდატების წარდგენას იმ მოტივით არ გეგმავს, რომ „თქვენ ხომ ისედაც ქუთაისში იმყოფებითო“. პრობლემა მასში უნდა ვეძებოთ, ვინც საკუთარი უფლებამოსილება არ შეასრულა და არა ჩემში“, - განაცხადა ძაგნიძემ.
„შოუს ჩაშლით“ გაწბილებულმა გოკა გაბაშვილმა კი, საგარეო უწყების ხელმძღვანელს იმის გარკვევა ურჩია - მისი მოადგილეები რატომ „ზარმაცობენ“.
„უცნაურია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ ჩამობრძანდა პარლამენტში, თუმცა, საინტერესოა, მას რა საქმე აქვს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობს. სჯობს, მინისტრმა მოიკითხოს რატომ ზარმაცობენ მისი მოადგილეები“, - განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხება უმცირესობის ფორმატში მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრას, დიპლომატმა უმცირესობის წევრები უყურადღებობის გამო გააკრიტიკა და დაინტერესდა, კანონმდებლები ერთმანეთში რატომ საუბრობდნენ, ტელეფონებით რატომ ერთობოდნენ და მესიჯებს რატომ გზავნიდნენ, რაზეც უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ეს ყოველივე პარლამენტში „მიღებული“ იყო.
ამას გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კანდელაკი გაკიცხა და განაცხადა, რომ უმცირესობის წევრი უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ცრუ ინფორმაციებს მეილებით უგზავნის, რაც თავად გიორგი კანდელაკმა უარყო და შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საკუთარი მეილების უკანონო კითხვაში ბრალი დასდო.
„მინისტრის ბრალდებით შოკირებული ვარ. ჩემს კუთვნილ კომპიუტერში, რამდენიმე ვირუსი დავიჭირე, რომელიც ინფორმაციას იპარავს. თქვენი რიტორიკა ბრეჟნევის რიტორიკას ემთხვევა, რომ მთელი დასავლეთი გაბრიყვებულია. თქვენი ხელისუფლება ვერანაირ კრიტიკას ვერ ისმენს და ქვეყნისადმი სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებთ. თქვენს მაგივრად მე მცხვენია“, - მიმართა მინისტრს კანდელაკმა.
მინისტრმა კი, გიორგი კანდელაკის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა დავით ბაქრაძეს სთხოვა.
„ბატონ გიორგის, როგორმე შოკი უნდა გავუნელოთ, რადგან ახალგაზრდა კაცია და შოკში არ უნდა ჩავარდეს“, - დასძინა დიპლომატმა და ნაციონალებს წარსული საქმიანობა შეახსენა.
„მოსმენებს, დასმენებსა და ფარულ ჩანაწერების განხორციელებას წინა ხელისუფლება აწარმოებდა. თქვენი სტილი იყო ფარული ვიდეოგადაღებები, ფარული ჩანაწერები და დასმენები, კომპიუტერების გატეხვა და ა.შ. თქვენ, რომ ჩანაწრეები გამოაქვეყნეთ, ადამიანი გაიტაცეთ, დააშანტაჟეთ და ათქმევინეთ, რომ თითქოს, ეს ჩანაწერები მისი გაკეთებული იყო, ეს დაგავიწყდათ? მაშინ, არცერთ თქვენგანს ამის გამო პროტესტის გრძნობა არ გაგჩენიათ“, - მიმართა უმცირესობას ფანჯიკიძემ.
ფაქტია, რომ ნაციონალების მიერ დაგეგმილი შოუ, დღეს ვერ შედგა, მაგრამ თუ ხვალ, ელჩობის კანდიდატებს დიმიტრი გვინდაძე წარადგენს, ამ შემთხვევაში, ხვალინდელი „შოუც“ ჩავარდება, რადგან ნაციონალთა „კრიტიკულ“ კითხვებს თავად ნაციონალი ვერ უპასუხებს.
რაც შეეხება ელჩების კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით შემდგარ გარიგებას, დეკემბერში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ელჩების კანდიდატების წარდგენის სანაცვლოდ, პატიმრობაში მყოფი რამდენიმე პირის გათავისუფლებას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება არ დათანხმდა. მოგვიანებით კი, ელჩობის კანდიდატების სანაცვლოდ, მთავრობამ პრეზიდენტს საკუთარ დაქვემდებარებაში სახელმწიფო დაცვის ერთი სამმართველო დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი ელჩი რამდენიმე ქვეყანაში ეყოლება. კერძოდ, ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კანდიდატად წარდგენილია - ნატალია საბანაძე, უნგრეთში - ზაზა კანდელაკი, ლატვიის რესპუბლიკაში - თეიმურაზ ჯანჯალია, ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, უკრაინაში - მიხეილ უკლება, იტალიის რესპუბლიკასა და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) კარლო სიხარულიძე.