ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. დღეიდან ჩვენ გვექნება ახალი გლობალური პოლიტიკა, რომელიც მის სახელს ატარებს, რათა სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ მათ, ვინც ჩართულია ჟურნალისტებზე ან აქტივისტებზე ექსტერიტორიულ თავდასხმაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.
„2017 წლიდან მემკვიდრე პრინცი აბსოლუტურად აკონტროლებს სამეფოს უსაფრთხოებისა და სადაზვერვო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა ამგვარი ხასიათის ოპერაცია მემკვიდრე პრინცის სანქციის გარეშე განახორციელეს“, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
2020 წლის 7 სექტემბერს, საუდის არაბეთში სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.