„საქართველოსთვის მომგებიანია, რომ უცბად არ შემოდის ამდენი ვაქცინა, რადგან დაკვირვების პროცესი აუცილებელია“

„საქართველოსთვის მომგებიანია, რომ უცბად არ შემოდის ამდენი ვაქცინა, რადგან დაკვირვების პროცესი აუცილებელია“

ევროპის ნაწილში „ასტრაზენეკას“ 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეებში არ იყენებენ, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინასთან ერთად დიდი რაოდენობით „ასტრაზენეკა“ - 180-დან 300 ათას დოზამდე ვაქცინა შემოვა. შემდეგ იქნება „მოდერნას“ ვაქცინა და ა.შ. თუმცა თითოეული ვაქცინის მოხმარების ინსტრუქცია განსხვავებულია. მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა ორჯერადად უნდა გაკეთდეს 3-4 კვირიანი შუალედით და ამ ვაქცინით პირველად მედიკოსებს აცრიან, შემდეგ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, „ასტრაზენეკას“ მიმართ კი ევროპაში დამოკიდებულება განსხვავებულია და მას ასაკოვნებში არ იყენებენ.

საინტერესოა, ჩვენთან თუ გამოიყენებენ „ასტრაზენეკას“ ხანდაზმულთა ასაცრელად, რადგან გამუდმებით გვესმის, რომ, პირველ რიგში, რისკჯგუფებს აცრიან, რომელთა შორისაც არიან ასაკოვანი ადამიანები.

ზოგადად, მსოფლიოში ეჭვობენ, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინა ხანდაზმულებზე არ მოქმედებს, რადგან ასაკოვნებს, უმრავლეს შემთხვევაში, ძალზე დაბალი იმუნური სისტემა აქვთ. ვირუსის შეჭრის დროს კი შეიძლება ვაქცინამ და სამკურნალო პრეპარატმა ვერც კი მოახერხოს დაზიანებული უბნების ეფექტური გაჯანსაღება, განსხვავებით, ახალგაზრდული ორგანიზმისგან.

მართალია, ნორვეგიის მედიცინის სააგენტომ დაადგინა, რომ ვაქცინაციასა და ხანდაზმულთა სიკვდილიანობას შორის პირდაპირი კავშირი არაა, მაგრამ ვაქცინაციის შესაძლო გვერდით ეფექტებზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებში ვაქცინაციაგავლილი 23 პაციენტი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს დაუკავშირდა.

რა ტიპის ვაქცინა უნდა გამოიყენონ საქართველოში ხანდაზმულთა ასაცრელად?

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ, მაგალითად, გერმანიაში 65 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით არ ცრიან. ამდენად, იმ მომენტში, თუკი „ასტრაზენეკა“ ჩვენთანაც შემოვა და ამ ვაქცინით მოგვიწევს ადამიანების აცრა, მაშინ უნდა ვიხელმძღვანელოთ და დავეყრდნოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და იმის მიხედვით უნდა მოხდეს საქართველოში ვაქცინაცია ამა თუ იმ პრეპარატით.

რაც შეეხება „ფაიზერს“, დასაშვებია თუ არა 65 წლის ზემოთ ადამიანებს გაუკეთდეს ეს ვაქცინა, ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავა გვპასუხობს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც გამოცდილია, პირიქით, ზუსტად ასაკოვან ადამიანებს უნდა გაუკეთდეს, რადგან კორონავირუსული ინფექცია ასაკოვნებში ვრცელდება ძირითადად. ამიტომ 60 წლის ზემოთ ხალხი არის ზუსტად ის მიზანჯგუფი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მით უფრო, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობა ხშირად ამ ასაკშია.

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ როდესაც „ასტრაზენეკა“ შემოვა, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ცალკეული ქვეყნების გამოცდილებას. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა რაიმე ინფორმაცია შეიძლება იყოს დამალული.

„თუ რომელიმე ქვეყანა უარს ამბობს 65 წლის ზემოთ გადაცილებულებში ცალკეული ვაქცინის გამოყენებაზე, ჩვენც ანალოგიურად მოვიქცევით. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, 65 წლის ქვემოთ გამოვიყენოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და 65 წელს ზემოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში დღემდე არსებული გამოცდილება გავითვალისწინოთ, როგორც გვერდითი მოვლენების, ისე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეზღუდვასთან დაკავშირებით 65 წლის ასაკის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია“, - მიიჩნევს ივანე ჩხაიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ამბობს, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა აჩქარება არ გვმართებს.

„შეიძლება უცნაური განცხადება გავაკეთო, მაგრამ, ერთი მხრივ, უმართლებს კიდეც საქართველოს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, უცებ არ შემოვიდეს ჩვენთან ამდენი ვაქცინა, რაღაცნაირად ვაკვირდებით კიდეც სიტუაციას, რადგან აღმოჩნდა და კვლევებმაც ცხადყო, რომ თურმე 65 წლის ზემოთ გარკვეული ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება. ამიტომაც მსოფლიოში შეიცვალა სქემები, შეიცვალა დამოკიდებულება, ასევე, გამოჩნდა კვლევები, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, კოვიდს, როგორც გრიპის ვირუსს, ჰქონდეს პერიოდული ხასიათი. ამიტომ, რაღაც გაგებით, არ უნდა ვიჩქაროთ, ჩვენ ვიღებთ მთელი მსოფლიოდან სიახლეს, გამოცდილებას“,-აღნიშნა ირაკლი სასანიამ for.ge-სთან საუბარში.