ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები შემოვიდნენ. თბილისში შემოსვლამდე ოკუპანტებმა უკვე დატოვეს სისხლიანი კვალი, დაიღუპნენ გულანთებული ქართველი პატრიოტები. ამასთან, ეს აღმოჩნდა დასაწყისი იმ ენით აღუწერელი სისასტიკისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში. ისტორიამ ნაკლებად იცის უფრო დაუნდობელი და ანტიჰუმანური სახელმწიფო, ვიდრე ბოლშევიკების მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი. ათიათასობით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით.
მიუხედავად მძიმე ვითარებისა, საქართველოს მოსახლეობას არ შეუწყვეტია თავგანწირული ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ. მრავალი სახელოვანი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა ეროვნული მოძრაობის აზვირთების შემდეგ, გასული საუკუნის 80-იან წლებში. განვითარებული მოვლენების შედეგად, უკვე 1990 წლის 9 მარტს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, თავადვე ეცნო ბოლშევიკური ოკუპაციის სრული უკანონობა, 1991 წლის 31 მარტს კი, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვება იყო, რომელსაც საფუძვლად ედო სრულიად ქართული კონსენსუსი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლების სწორი, იმავდროულად, რისკიანი და თავდადებული მოქმედება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ორ-ნახევარ წელიწადს უკვალოდ არ ჩაუვლია. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის ღირსია თავისუფლებისა და უნარიც შესწევს, შექმნას და პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, დაიცვას ადამიანთა ღირსება და პიროვნული უფლებები, წარმატებით გადაჭრას ეკონომიკური დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ურთულესი პერიოდი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსათვის. კაცობრიობა იშუშებდა I მსოფლიო ომისაგან მიყენებულ ჭრილობებს და ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისათვის არ ეცალა. ამასთან, ახლად წარმოქმნილ ქვეყნებში ძირითადად ავტორიტარული რეჟიმები დამყარდა, საქართველოს კი ეყო შინაგანი ძალა, ფართოდ გაეღო კარი დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის, რასაც თვალნათლივ ადასტურებს 1921 წლის თებერვლის კონსტიტუცია. იგი საქართველოს პარლამენტმა მიიღო საბჭოთა ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას.
უეჭველია, რომ ისეთ რთულ პროცესს, როგორიც არის დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისთვის საკუთარი ადგილის მიჩენა, შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია. არ იქნა გამოყენებული ქართველთა მხედრული პოტენციალი, კერძოდ, ის მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება, რაც ქართველმა ოფიცრობამ მიიღო პირველ მსოფლიო ომში. მათი თავდადება და სამხედრო მშენებლობის უნარი არ იყო სათანადოდ დაფასებული და რეალიზებული.
ვერ მივაღწიეთ ესოდენ საჭირო პოლიტიკურ, პარტიულ და საზოგადოებრივ კონსენსუსს სამოქალაქო ძალებს შორის. ამ შეცდომებმა იჩინეს თავი ბოლშევიკური აგრესიის დროს. ამასთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა თვე-ნახევრის განმავლობაში და ქართულ იარაღს ამ ტრაგიკულ ვითარებაშიც კი ჰქონდა თავისი წარმატებები.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, არის დამოკიდებულება რუსეთთან. ამ წლებში არსებობდა ილუზია, რომ დემოკრატიული საქართველო წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დემოკრატიული რუსეთი, ბოლშევიკურ ქვეყანასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სერიოზულ გარანტად მიიჩნეოდა. იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიული რუსეთის შესახებ არაადეკვატური წარმოდგენები 1921 წლის შემდეგ კიდევ დიდხანს არსებობდა მსოფლიოში და კვლავაც იარსებებს. 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულებამ კი დემოკრატიულ საქართველოს საშუალება მისცა, მიეღწია საერთაშორისო აღიარებისათვის. ასეთია მაშინდელი წინააღმდეგობრივი სურათი და იგი გათვალისწინებული უნდა იქნას.
განუზომელია ბოლშევიკური რუსეთის დანაშაული საქართველოს მიმართ. მან არა მარტო შეაფერხა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარება და ურიცხვი უდანაშაულო მსხვერპლი მოითხოვა, არამედ ის ტერიტორიები, რომელსაც ფლობდა დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის მიერ აღიარებული იყო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ძალით, ოკუპაციის პირველივე დღეებში მიიტაცა. მანვე საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცების მიზნით შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამ აქციის ბოროტ შედეგებს დღესაც ვიმკით.
უღმერთო ბოლშევიკურმა რუსეთმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას. მებრძოლმა ათეისტებმა დაანგრიეს ათეულობით ტაძარი, აკრძალეს ღვთისმსახურება, მრავალი ღირსეული მღვდელმთავარი და სასულიერო პირი გამოასალმეს წუთისოფელს ან ციხეში გამოამწყვდიეს. რელიგიური ცხოვრება უდიდეს დანაშაულად გამოცხადდა.
ღვთის შეწევნითა და საქართველოს მოქალაქეთა თავდადებით მოხერხდა საბჭოთა სისტემისაგან განთავისუფლება, თუმცა დღესაც აქტუალურია ის გაკვეთილები, რომლებსაც ისტორია გვთავაზობს. რუსეთის იმპერიალიზმი ისევ ცოცხლობს, კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და კავკასიას. ამ პირობებში სამოქალაქო თანხმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მით უმეტეს, რომ საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში გაცილებით უფრო მტკიცეა და საიმედო, ვიდრე ეს იყო 100 წლის წინ. ამიტომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი კეთილდღეობა ჩვენს ხელშია, ეს კი, დიდ შესაძლებლობასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს დღევანდელობისა და მომავლის წინაშე.