რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომზადების გამო.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო საინფორმაციო ფონზე ხდება“.
„მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთის დაჟინებულ მოთხოვნას ალექსეი ნავალნის გათავისუფლების თაობაზე. რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის კურსმა კრახი განიცადა. რუსეთი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის არსენალში ისეთი არალეგიტიმური ინსტრუმენტები გაძლიერდა, როგორიცაა ულტიმატუმები, სანქციები და ზეწოლა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
22 თებერვალს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ალექსეი ნავალნის გასამართლებაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.