„შორს ხელები კომპეტენტური კადრებისგან“

„შორს ხელები კომპეტენტური კადრებისგან“

„შორს ხელები ამ კადრებისგან, ნუ იძლევით უკანონო ბრძანებებს“... „კაცი, რომელმაც ეს გააკეთა, ნუ მელაპარაკება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე“... „შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისთვის, რადგან მე ამ კადრებზე ვაგებ პასუხს“, - ასეთნაირად მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს არასამთავრობოებთან გამართულ ხმაურიან კონფერენციაზე მთავრობის ასდღიანი ანგარიშის შესახებ, სადაც წულუკიანსა და ვაშაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

თავის მხრივ, არც გიორგი ვაშაძე დარჩენილა ვალში და მანაც თეა წულუკიანის მისამართით აღნიშნა: „უსინდისოდ ნუ იქცევით... ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, შეარჩიეთ საუბრის ტონი. უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი. მაშინ, როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა. დიახ, სწორედ ამიტომ დავრეკე და ვთხოვე, რომ ჩემთვის პასპორტი მოეცა“.

შელაპარაკება ასე მარტივად არ დასრულებულა და მოგვიანებით ვაშაძემ წულუკიანის მიმართ შეურაცმხყოფელი განცხადებები კიდევ უფრო გააღრმავა. მან თეა წულუკიანი „კონტექსტიდან ამოვარდნილ ადამიანად“ და „არალოგიკური ფსიქიკური მდგომარეობის მქონედ“ მოიხსენია.

გიორგი ვაშაძის გაცხარება ერთ-ერთი „კომპეტენტური“ კადრის ლაშა ციმაკურიძის სამსახურიდან დათხოვნამ გამოიწვია. საქმე ეხებოდა დიპლომატიური პასპორტის გაცემას გიორგი ვაშაძის სახელზე, რა დროსაც ვაშაძემ ძველი კავშირებით ისარგებლა, აღნიშნულ პირს დაურეკა და მცირე დროში მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადება მოითხოვა, რაც იუსტიციის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ უკანონობად მიიჩნია და ლაშა ციმაკურიძე სამსახურიდან დაითხოვა.     

მართალია, „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, ზოგადად, მთავრობისა და ოპოზიციის ტონი შემრიგებლურად ჩათვალა, მაგრამ ჩვენ დავინტერესდით, ასეთი ფარული თუ აშკარა დაპირისპირების ფონზე როგორ შედგება ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესი.

ასევე ჩნდება კითხვა, იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ჩინოვნიკებისთვის უკანონო დავალებების მიცემას, ისინი ხომ არ თვლიან, რომ კვლავაც ხელისუფლებაში არიან და ამიტომაც აგრძელებენ ჩვეული სტილით ცხოვრებას და პირადი ნაცნობობის გამოყენებას?!

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში კახა კახიშვილი ერთ ფაქტსაც კი ვერ იხსენებს, როცა ამ ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილი და მისი გარემოცვა, ადეიშვილი ან მათი მთავრობის პრემიერი ასე ფართოდ შეხვედროდნენ არასამთავრობო სექტორს და თავისუფალ რეჟიმში, წინასწარ რეგლამენტირებული კითხვების გარეშე, წარემართათ საუბარი. ამდენად, კახა კახიშვილის აზრით, თუ ვაშაძეს სურს დაინახოს სხვაობა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის, ეს ისედაც აშკარაა. უფრო მეტიც, ვაშაძის მსგავსად, შევარდნაძის რომელიმე ჩინოვნიკს რომ გაებედა და ადეიშვილთან მსგავსი ტონით ესაუბრა, ცხადია, მას რა ბედი ეწეოდა.

„ასეთი ენამახვილი და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი თუ იყო ვაშაძე, ის რაც დღეს ილაპარაკა, ყოველდღე, თუნდაც ხუთი წუთის განმავლობაში ადეიშვილისთვის რომ გაებედა, ალბათ, უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით. მეორე მხრივ, ალბათ, არასწორი იყო კონფერენციის ფარგლებში წულუკიანისა და ვაშაძის მხრიდან ასეთი საუბარი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ დეტალები არ ვიცით, რასთან დაკავშირებით იყო ეს დავალება. როგორც მივხვდი, დიპლომატიური პასპორტის აღება უნდოდა ვაშაძეს. მას, როგორც დეპუტატს, ეკუთვნის კიდეც ეს პასპორტი, მაგრამ არ ვიცი, რას ითხოვდა, დროში უფრო დამიჩქარეთო?! ერთი რამ ფაქტია, ხელისუფლებაში დარჩენილი ძველი კადრები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დღემდე კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რეალურად თავისას გააკეთებენ“, - მიიჩნევს კახა კახიშვილი.

მისივე თქმით, წულუკიანსა და ვაშაძეს შორის შეკამათება ყველაზე უწყინარი შემთხვევა იყო, თუ როგორ გამოიყენა ძველმა ხელისუფლებამ ძველი კადრები სათავისოდ. ექსპერტი ფიქრობს, რომ ანალოგიურად ბევრად სერიოზული თემების შესახებ მიმდინარეობს ინფორმაციების გაცვლა და გაჟონვა სახელმწიფო უწყებებიდან, განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურებიდან. კონკრეტულად კი, იგი ეჭვობს, რომ პროკურატურისა და შს სამინისტროს ის კადრები, რომლებიც დანაშაულებრივი საქმიანობით არიან შეკრულნი ძველ ხელისუფლებასთან, დღესაც აწვდიან ინფორმაციებს ნაციონალებს ამა თუ იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს, ყველა იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სისხლის სამართლის საქმის გაფუჭება წინასწარი გამოძიების სტადიაზე იმდენად მარტივია, რომ შემდგომში იურისპრუდენციის გენიოსებიც ვერ უზრუნველყოფენ, რომ მასზე დადგეს განაჩენი. ასე რომ, დღესაც პროკურატურასა და შსს-ში წინასწარი გამოძიების ეტაპზე სხვადასხვა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საქმეები შეგნებულად ფუჭდება სწორედ ამ მეგობრობის გამო ძველ ხელისუფლებასა და მოქმედ კადრებს შორის.

ამასთან, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სახელმწიფო სამსახურში ვერავინ მოხვდებოდა, ათჯერ მაინც რომ არ დაეფიცა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. აქედან გამომდინარე, ვაშაძე და მისნაირები თვლიან, რომ დღეს ამ უწყებებში სწორედ მათი კადრი მუშაობს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი დამსახურებაა, რადგან ოდესღაც რეკომენდაცია გაუწიეს ამ კადრებს. თავის მხრივ, ეს ადამიანებიც მათგან დავალებულები არიან და მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

ამდენად, ექსპერტის აზრით, თუ სამსახურიდან ვინმე გასაშვებია, მათ განცხადება კი არ უნდა დააწერინონ სამსახურიდან წასვლის შესახებ, არამედ, თუ ამ ადამიანმა დაარღვია კანონი, ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ამას სჭირდება შემოწმება, გამოვლენა იმ საფუძვლების, თუ რატომ ვუშვებთ ამ კადრებს სამსახურიდან.

მეტიც, მისთვის გაუგებარია, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი განცხადების საფუძველზე რატომ ათავისუფლებენ ჩვეულებრივ ხალხს, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებისას რეალურად არანაირ კავშირში არ ყოფილან პოლიტიკურ მოტივებთან. ამ დროს კი რატომღაც აწინაურებენ იმ ხალხს, რომლებიც ან უკანონო დავალების შემსრულებლები ან თანამონაწილეები იყვნენ დანაშაულის ჩადენისას და სწორედ ეს ხალხი წინაურდება.

„გადახედეთ კბილაშვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუს, როცა კითხვა დაუსვეს, რატომ გყავთ ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სხვადასხვა საქმეებში, ის აცხადებს, რომ, მართალია, ამის შესახებ იცის, მაგრამ ეს ადამიანები შემსრულებლები იყვნენო. იურისტმა კაცმა, განსაკუთრებით, მთავარმა პროკურორმა, ამდენი თუ ვერ გაარკვია, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი ხარ თუ ორგანიზატორი, ეს მხოლოდ ბრალის სიმძიმეს განსაზღვრავს და არანაირად ბრალს არ გიხსნის?... არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო, მთავარ პროკურორს ასეთი ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა. ამის გამო, მათ თურმე, უნდა ეპატიოთ და გააგრძელონ თანამდებობებზე მუშაობა. ძალიან უცნაური ლოგიკაა. ეტყობა, ამ ლოგიკას ერთადერთი ახსნა აქვს, თუ ადეიშვილის დავალებას ასრულებდნენ, ახლა კბილაშვილის დავალებას შეასრულებენ და არანაირი პრობლემა თურმე არ იქნება. ამ დროს კი ხალხის ნაწილს სხვა განცდა აქვს, ისინი ელოდებიან იმ პროკურორებს, რომლებიც ადეიშვილის ან კბილაშვილის დავალებებს კი არ შეასრულებენ, არამედ კანონის მოთხოვნების საფუძვლებზე იმუშავებენ“, - მიიჩნევს კახა კახიშვილი.    

ექსპერტი პოლიტიკური საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ინტერესდება, რას ვგულისხმობთ სიტყვას კოჰაბიტაციაში, რადგან ამას სხვადასხვაგვარი მიდგომები გააჩნია. თავი რომ დავანებოთ, ზოგადად, ვინ რას თვლის ამ სიტყვის მიღმა, აშკარაა, რომ ყოფილი ხელისუფლება კოჰაბიტაციაში გულისხმობს იმას, რომ ის ისევ რჩება ხელისუფლებაში და არა - პარლამენტში ან ოპოზიციაში. ამდენად, მათ თავი ხელისუფლებაში წარმოუდგენიათ და შეუძლიათ, სურვილისამებრ, იმოქმედონ.

„ყოფილი ხელისუფლება წილში უზის დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ნათლად გამოჩნდა ამ შემთხვევის დროსაც, როდესაც წულუკიანმა დაადანაშულა ვაშაძე უკანონო დავალებების მიცემაში. ამ დროს კოჰაბიტაცია როგორ შეიძლება იყოს უკანონო დავალების მიცემა?! რა უფლება აქვს ვაშაძეს უკვე არსებულ პირობებში, დაავალოს თუნდაც მის უახლოეს თანამშრომელს, კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს?! ეს არ არის კოჰაბიტაცია, ამას სახელმწიფო ენაზე დანაშაული ჰქვია და მან არა მარტო თვითონ გამოიყენა თავისი ნაცნობობა, არამედ სხვა პირიც აიძულა, ამაზე წასულიყო და, ფაქტობრივად, მას დააკარგინა სამსახური“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან აკონკრეტებს, რომ გიორგი ვაშაძის არგუმენტი, თითქოს მას გაუჭიანურეს პასპორტის მიღება, აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია. კერძოდ, თუ ვაშაძეს გაუჭიანურეს პასპორტის მიღება, იგი, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული იყო, დაეცვა კანონი. უფრო ზუსტად, კანონიერების ფარგლებში მას ჰქონდა ტრიბუნა და, როგორც უმცირესობის წევრს, ჰქონდა სხვა ბერკეტები, რომლითაც შეეძლო კანონიერება აღედგინა. მას უნდა აღედგინა კიდეც კანონიერება, ამ დროს კი საწინააღმდეგოდ მოიქცა და კანონის გვერდის ავლით თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება დაიწყო.

„ეს ძველი ხელისუფლებისგან ახალი არ არის, ისინი ამას ნორმალურ მოვლენად თვლიან. სწორედ ეს არის განსხვავება წულუკიანსა და იმავე ვაშაძეს შორის. მან გამოიყენა თავისი უშუალო ურთიერთობა ადამიანთან, იმ ადამიანმა კი, ალბათ, ხათრი ვეღარ გაუტეხა. ეს არის სახე ყოფილი ხელისუფლების, როცა მათ სჭირდებათ, მშვენივრად იწყებენ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებას, უბრალო მოსახლეობა კი ამას ვერ გააკეთებს და ძალიან კარგია, რომ ახალი ხელისუფლება ამას ებრძვის და ეს არ შეიძლება გაგრძელდეს ქვეყანაში“, - აცხადებს ექსპერტი.