უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ალექსეი ნავალნის გასამართლებაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.
„რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოს მოდელისკენ მიდის და ევროპას შორდება. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით ცხადყოფს, რომ ევროპასთან თანამშრომლობით დაინტერესებული არ არის. ალექსეი ნავალნის ირგვლივ სიტუაციაზე საპასუხოდ პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ, სანქციები დავუწესოთ ალექსეი ნავალნის დაკავებასა და გასამართლებაზე პასუხისმგებელ პირებს. სანქციების დაწესების პროცესს სადღაც ერთი კვირა დასჭირდება“, - აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
17 თებერვალს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.