„ჩაგრულთა“ გოდება

„ჩაგრულთა“ გოდება

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 თებერვლის შემდეგ ახალ ტაქტიკაზე გადადის და ჩაგრულის როლის მორგებას ცდილობს. „შეხედეთ მათ განცხადებებს, მათ რიტორიკას, შეხედეთ, რა მოხდა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება საჯარო მოხელე საჯაროდ გვემუქრებოდეს?! ფაქტია, რომ საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომი გაჩნდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრთან შეკამათების შემდეგ.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს და ხალხს შიშის სინდრომი გაუჩინოს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როგორც კი ყოფილი ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანს დაკითხვაზე იბარებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მყისიერად სამოქალაქო დაპირისპირებისა 90-იან წლებში დაბრუნების საფრთხეს ხედავს. რის მიღწევას ცდილობს ასეთი განცხადებებით დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია ამ თემაზე ექსპერტი არმაზ ახვლედიანი გვესაუბრება.

ბატონო არმაზ, ბოლო დროსნაციონალური მოძრაობისგანხშირად ისმის, რომ ხელისუფლებას საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, რამდენად ობიექტურია ასეთი შეფასება?

- როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, რომ ამ პროტესტმა სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს - არადა ცდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რეალური ოდენობა 1 ოქტომბერს შევიტყვეთ ყველამ. მაგრამ ახლა მათი რეიტინგი წარმოუდგენლად დაბალია და დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ჩემი აზრით, ისინი გაჭირვებით გადალახავენ საარჩევნო ბარიერს. შესაბამისად, „““ნაციონალური მოძრაობა””“ სამოქალაქო დაპირისპირების არა, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და საზოგადოებაში შფოთის შექმნის ინიციატორი შესაძლოა გახდეს.

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, შიდა მოხმარებისთვის არის თუ ქვეყნის გარეთ სურთ სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციის შექმნა, რომ დასავლეთი ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყონ?

- საშინაო სივრცეში გათვლილია „ნაციონალური მოძრაობის“ იმ აქტივისტებზე, რომლებიც აშკარად დაბნეულები არიან და ამ განცხადების მეშვეობით მათი კონსოლიდირება სურთ. მეორე მხრივ, სურვილია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდეს შიში და არასტაბილურობის განცდა.

რაც შეეხება საგარეო სივრცეს, აქ „““ნაციონალური მოძრაობა””“ უკვე მერამდენედ ცდილობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში აჩვენოს, როგორ, თითქოს-და, იდევნება, ოპოზიციაში მყოფი პარტია ხელისუფლების მხრიდან. რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა და სხვა არაფერი.

თუნაციონალური მოძრაობისმხრიდან პროვოცირების საფრთხეები მუდმივად იარსებებს, რა შეიძლება გააკეთოს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ?

- ხელისუფლებამ როგორმე უნდა მოახერხოს და საზოგადოებაში არსებული მძაფრი უკმაყოფილება ყოფილი ხელისუფლების მიმართ როგორღაც შეაკავოს. კარგად მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, თუმცა ვერავის მოვუწონებ საქციელს, როდესაც კანონის დარღვევით ხდება, ის რაც მოხდა 8 თებერვალს, ან პრეზიდენტს არ ეძლევა იმის საშუალება, მივიდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში. იმავდროულად, პრეზიდენტსა და მის გუნდს მართებს დაფიქრდეს, რამ გამოიწვია ასეთი პროტესტი, რატომ არის საზოგადოება ასეთი გაღიზიანებული.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოღვაწეობის შედეგებს ობიექტურად ვერ აფასებს და ვერ ხვდება ქვეყანაში რა პროცესები გამოიწვიეს?

- ვერ დავიჯერებ, რომ ამას ვერ ხვდებოდნენ. შეუძლებელია, ამის წარმოდგენა. შეიძლება არის ვინმე ისეთი, ვინც რეალობას მთლიანად მოწყდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ „ნაცმოძრაობის“ ბირთვში არიან საღად მოაზროვნე ადამიანებიც და კარგად ხვდებიან ყველაფერს, მაგრამ ძალიან უჭირთ რეალობასთან შეგუება. ეს რეალობა მწარეა და მათ ეუბნება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებია, პრეზიდენტი სააკშვილი ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს, ეს შეუქმნის რეალურ პრობლემებს საპარლამენტო უმცირესობას.

ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ თვეებში საპარლამენტო უმცირესობის რეიტინგი ცოტათი მაინც მოიმატებს, ყველა პროგნოზითა და ყველა გათვლით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა და ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შეცვლა მოქმედების გეგმისა და იმის გათვალისწინება რა ხდება რეალურად.

ნაციონალებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება - ნორმალური, დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრება აირჩიონ, სხვა შემთხვევაში მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პოლიტიკურ სივრცეში აღარ დარჩება ადგილი მრავალი წლის განმავლობაში.

დღევანდელ პროცესს თუ შევაფასებთ, პოლიტიკური ვაჭრობისთვის რამდენად თანაბარწონადი საკითხები დევს სასწორზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა იმ შემთხვევში, თუ ხელისუფლება კანონებითა თუ კონსტიტუციაში ჩანაწერით გაამყარებს თავის პროდასავლურ კურსს?

- შეთანხმება პოლიტიკაში, რასაც ზოგი ვაჭრობას არქმევს, სულაც არ არის ცუდი, თუ იგი ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო შედეგს წაადგება. ამ შემთხვევაში, როგორც ვხვდები, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემას სწორედ რომ სასპეკულაციოდ იყენებს. ვაჭრობს ხელისუფლებასთან - დასავლეთსა და ჩვენი საზოგადოების ნაწილს მოაჩვენოს, რომ ის არის ერთადერთი პროდასავლური ძალა და მხოლოდ მას შესწევს დასავლური ფასეულობების დაცვის უნარი ამ ქვეყანაში. რაც, ცხადია, არ არის სიმართლე. ეს ძალა არ ყოფილა პროდასავლური არც პირველ ოქტომბრამდე და არც დღეს არის ერთი მარტივი მიზეზის გამო - დასავლურობა და ევროპული ფასეულობები ნიშნავს არა დეკლარირებას ამ ფასეულობების, არამედ ამ ცხოვრების წესს. ეს ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს, რეალურ დემოკრატიას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო შეექმნა. ახლა კი არჩევნების შემდეგ ცდილობს, ოპოზიციის მანტიამორგებული, თითქოსდა მგელი ცხვრის ტყავში, მოევლინოს როგორც დასავლეთს, ასევე ჩვენს საზოგადოებას და უთხრას, რომ იგი მოახერხებს ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ჩვენ დავინახეთ, როგორც მოახერხა და ვხედავთ როგორ ახერხებს ახლა - ეს არის პროვოკაციების გაუთავებელი სერია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კოჰაბიტაცია, რომელზეც მხოლოდ საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან. ნაბიჯები კი ხშირად საპირისპირო იდგმება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ლობისტების მეშვეობით ცდილობს დასავლეთში პოზიციების გამყარებას, საქართველოში აშშ- ელჩის ბოლო განცხადებაშიც თანამშრომლობისკენ მოწოდება ისმოდა, როგორ ფიქრობთ დაიჯერა დასავლეთმა მისი?

- დასავლეთს რახანია, სააკაშვილის ცრემლების არ სჯერა და კოჰაბიტაციისკენ მოწოდება არასერიოზულად ეჩვენება ბევრს დასავლეთშიც და ჩვენს ქვეყანაშიც, იმიტომ, რომ ქართული ანდაზისა არ იყოს, „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“. პრეზიდენტი ამბობს ზოგჯერ, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვერ ვხედავთ ამ თანამშრომლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ვხედავთ იმას, რომ მისი გუნდი, როგორც წესი, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს, დაპირისპირებისკენ, კონფრონტაციისკენ და ამისი ერთ-ერთი ავტორი თავად პრეზიდენტი სააკაშვილია.

არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტ სააკშვილის გუნდი როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, ყოველთვის წავა პროვოკაციებზე. დღევანდელ ხელისუფლებასა და საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს მართებს, რაც შეიძლება ნაკლებად წამოეგოს ქვეყანა ამ პროვოკაციებზე, ასე უნდა მივიდეთ ოქტომბრამდე.

შესაძლოა საზოგადოების გაღიზიანებას ისიც ამძაფრებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დროში გაიწელა? მთავარი პროკურორი გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში საკმაოდ რეზონანსული საქმეების სამართლებრივი შეფასება მოხდება...

- საზოგადოება ხედავს, რომ ის საქმეები, რომელთა გამოც ყოფილ ხელისუფლებას არჩევნებზე ვერდიქტი გამოუტანა, ჯერაც არ არის გამოძიებული, არ არის შესწავლილი ყველა დეტალი და სასამართლოს განჩინება ჯერ არ გვაქვს. საზოგადოების უარყოფითი რეაქცია ამის გამო ჩემთვისაც და ალბათ, ბევრისთვისაც გასაგებია.

მაგრამ ამ უმძიმეს საქმეებს, დრამატულ შემთხვევებს თავიც რომ დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ღიმილის მომგვრელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, მოწოდებები და შეგონებები თანამშრომლობაზე, რაღაცის გაუმჯობესებაზე, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ეს ბატონები იყვნენ ძალადობისა და წნეხის მანქანის შემქმნელები ავტორები და განმხორციელებლები.

როდესაც ხშირად ისმის შეფასებები, რომ 90-იან წლებში ვბრუნდებით, ეს ხომ არ არის ერთგვარი ზომბირება საზოგადოების... თანაც მოგეხსენებათ ეს წლები სამოქალაქო დაპირისპირებასთან ასოცირდება...

- ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ და ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის, მაგრამ ამ თემით სპეკულირება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ დააშინონ საზოგადოება და შექმნან განცდა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კვლავ შეიქმნას ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება. ამის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გააჩნდეს, ამას გამოიყენებდა კიდეც. მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ და ამიტომაც ცდილობენ, ცალკეული, თითიდან გამოწოვილი და მაღალ კაბინეტებში ჯერ კიდევ ვინ იცის, როდის დაგეგმილი სცენარით იმოქმედონ და დროგამოშვებით მოაწყონ მსგავსი პროვოკაციები.