პირბადის გამოყენების წესის შესახებ ექიმებშიც განსხვავებული დამოკიდებულებაა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირბადე შიდა სივრცეში ბევრად უფრო ეფექტურია, გარე სივრცეში კი მის გამოყენებას აზრი არ აქვს, პირიქით, ადამიანის იმუნიტეტს ასუსტებს კიდეც, რადგან ამოსუნთქული ნახშირორჟანგი პირბადის ქვეშ გროვდება და უკან გვიბრუნდება. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და არ გამოვიყენოთ პირბადე იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არის.
როგორც ცნობილია, ადამიანის მიერ ამონასუნთქ ჰაერში მაღალია ნახშირორჟანგის შემცველობა. ცხადია, პირბადე ვერ მოახდენს მთლიანად ამონასუნთქი ჰაერის გატარებას და მას ჩავიბრუნებთ ფილტვებში. ამდენად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნახშირორჟანგით გაჯერებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე. სწორედ ეს აფიქრებინებს ცალკეულ ადამიანებს, როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონაპანდემიისას, როცა სწორად სუნთქვაც კი არ შეგვიძლია?!
ალბათ, ამითაც იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის გამოჩენის პირველ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირბადე ჯანმრთელი ადამიანისთვის საჭირო არ იყო, თუმცა მალევე შეცვალა თავისი მიდგომა, რადგან კორონავირუსის უსიმპტომოდ მატარებელი უამრავი ადამიანი აღმოჩნდა.
უნდა გვეკეთოს თუ არა პირბადე, როცა მარტო მივდივართ ქუჩაში და ხალხი არ ჩანს?
თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პირბადე არც დახურულ, არც ღია სივრცეში საშიში არ არის. პირიქით, პირბადის გამოყენება დღეისთვის რეკომენდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელება შესაძლებელია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.
„კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ყველა რეგიონში საქართველოს რესპირაციულმა ასოციაციამ ჩაატარა დეტალური ტრენინგი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ტრენინგში მოცემულია რამდენიმე სურათი, სადაც ნაჩვენებია, როცა ადამიანი აცემინებს და მას ნიღაბი არ უკეთია, მის მიერ გამოყოფილი კორონავირუსის შემცველი ნაწილაკები როგორ რჩება ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში. შესაბამისად, შესაძლოა, ჩემს წინ ქუჩაში არავინ მიდიოდეს, მაგრამ ერთი წუთით წინ ამ სივრცეში ვინმე თუ მოძრაობდა, მე შეიძლება ის აეროზოლი შევისუნთქო, რომელიც კორონავირუსის ნაწილაკებს შეიცავს და ამით დავინფიცირდე. ამიტომ არავის აქვს იმის გარანტია, რომ ადამიანი მარტო მოძრაობს ქუჩაში, მის წინ არავინაა და არ არსებობს რისკი, კორონავირუსი დაემართოს. ეს თავის მოტყუებაა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ამდენად, მისი მოსაზრებით, ნიღბის ტარების მოთხოვნა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სამი საათის განმავლობაში შეიძლება დარჩეს კორონავირუსი ჰაერში. სამი საათის განმავლობაში თუ ვიღაცამ ქუჩაში გაიარა და სხვა ადამიანი აღმოჩნდა იმ სივრცეში, მასაც დაემართება კორონავირუსი.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა for.ge- სთან საუბრისას ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია დახურულ სივრცეში და ახლო კონტაქტის დროს, როდესაც ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნა უწევთ ისეთ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება.
„თუმცა, როცა სერიოზული ეპიდსიტუაცია, დაავადების მაღალი გავრცელებაა, მაშინ კვლევებმა აჩვენა, რომ პირბადის გამოყენება გარე სივრცეშიც ეფექტურია. თუკი საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდება, მაშინ შეიძლება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების წესი გადაიხედოს და დარჩეს მხოლოდ დახურულ სივრცეში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.