გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიანმარის არმიას რეპრესიების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„მიანმარის სამხედროებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიები, გაათავისუფლონ პატიმრები, დაასრულონ ძალადობა და პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და ხალხის ნებას, რომელიც მათ ბოლო არჩევნებში გამოხატეს“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.
11 თებერვალს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.