გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და აქტივისტების დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი.
„მხარს ვუჭერ იმას, რომ მომზადდეს დამატებითი სანქციები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს შეეხებათ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთანავე, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა ისაუბროს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
17 თებერვალს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.