გახსნა დახურვისთვის?!

გახსნა დახურვისთვის?!

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით უკვე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხელისუფლება, რომელიც შეზღუდვების შერბილებასთან დაკავშირებით თავიდან უკომპრომისო იყო, ნელ-ნელა დათმობაზე წავიდა, რაც ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებით ახსნა. აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიები, მოლები, ბაზრობები, შემდეგ ამას მოჰყვა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც არის ჩვენს საზოგადოებაში მოლოდინი, ხანმოკლე თავისუფლების შემდეგ ისევ ხომ არ ჩაგვკეტავენ.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ, როგორც კი პოლიტიკურად გააქტიურდებიან და საპროტესტო აქციებს დააანონსებენ, ხელისუფლება თავის სარეზერვო საშუალებებს აამოქმედებს და კვლავაც შეზღუდვებს დააწესებს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვაფრთხილებს, რომ ვირუსი თავისი გავრცელების ბუნებრივ პოტენციალთან დაბრუნებას ცდილობს და, თუ სათანადოდ არ დავიცავთ პირბადის ტარების წესს და დისტანციას, ვირუსის ახალი ტალღა 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს. ამიტომ კულუმბეგოვის გაფრთხილებით, თუ ასე მოხდა, მექანიკური გახსნის შემდეგ მექანიკურადვე მოგვიწევს დაკეტვა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე მუნიციპალურ ტრანსპორტს, მეტროსადგურს და ავტობუსს, საშუალოდ დღეში 700 ათასი მგზავრი გადაჰყავდა, 9 თებერვალს კი, ანუ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების მეორე დღეს მეტროთი და ავტობუსით 450 ათასმა ადამიანმა იმგზავრა, რაც ნიშნავს, რომ მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამ შემცირების მიუხედავად, 524 მგზავრი პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 3790 მგზავრს კი გაფრთხილება მიეცა.

ხომ არ იქნება გახსნა დახურვისთვის და ხომ არ მოგველის უკვე მესამედ შეზღუდვებით ცხოვრება?!

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები იმ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, თუკი შემთხვევათა რაოდენობა ისევ 5 ათასამდე იმატებს. თუ ჩვენ გვექნება მესამე ტალღა და იგივე სიტუაცია განმეორდება, რაც ნოემბრის ბოლოს იყო, მაშინ შეზღუდვები განახლდება.

„მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში შემთხვევები თანდათანობით იმატებდა. ჯერ გვყავდა ათასი დაინფიცირებული, შემდეგ 2 ათასი გახდა, შემდეგ- 4 და 5 ათასი. თუ ასე მოხდა, ცხადია, დაგვხურავენ. თუმცა ადამიანების მობილობის გაზრდის მიუხედავად, შემთხვევების მატებას არ ველი. უბრალოდ, მეორე ტალღის წინ გვქონდა ძალიან ცუდი პერიოდი, ზაფხული, როდესაც არანაირი კონტროლი ნიღბის ტარებაზე დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა. სხვათა შორის, იგივე მოხდა ევროპის ყველა ქვეყანაში და ზაფხულში მობილობის გაზრდამ გამოიწვია მეორე ტალღა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე for.ge- სთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, თუ არ გვექნება ნიღბის ტარების ვალდებულება, თუ ამ პროცესს არავინ გააკონტროლებს, ისევ არ დავიცავთ დისტანციას და ყველაფერი გაიხსნება, მაშინ მესამე ტალღის ალბათობა რეალურია და ამის უარყოფა არაფრით არ შეიძლება.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ, სანამ მასობრივი აცრა არ განხორციელდება, მანამ „ლოკდაუნიდან“ გამოსვლის შემდეგ ისევ „ლოკდაუნში“ დაბრუნების საფრთხე იარსებებს. აცრა კი იმის გარანტიაა, რომ დაავადებამ პანდემიური ხასიათი არ მიიღოს.

„ქართველებს მაქსიმალიზმი გვიყვარს - ან ძალიან კარგად ვაკეთებთ საქმეს, ან ძალიან ცუდად. პანდემიასთან ბრძოლაც კარგად დავიწყეთ, პირველ ტალღას ეფექტურად მოვერიეთ, მაგრამ მეორე ტალღამ წაგვლეკა, რადგან ხელიდან გავუშვით სადავეები. დღეში ინფიცირების 5000 შემთხვევამდე ავდიოდით. დღესაც, ვფიქრობ, რომ ქართველები პირბადის ტარების წესს არ დაიცავენ, უდისციპლინო ხალხი ვართ. მე მგონი, ამ ფსიქოეთნიკურ ფაქტორსაც ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ რომ სხვა „ბეგრაუნდი“ გვქონდეს და წესრიგი დავიცვათ, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა“,- ამბობს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტვები ეკონომიკას აზიანებს, პრეტენზიები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არ გააჩნია, ვინაიდან საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, რატომ ვართ ხანგრძლივად ჩაკეტილები კორონავირუსის პერიოდში. აქ მთავრობა არაფერ შუაშია.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა თვლის, რომ, თუ ჩვენ ყველა წესსა და რეკომენდაციას დავიცავთ, შესაძლებელია, გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს და არანაირად არ იყოს აუცილებელი იმავე რეგულაციებთან დაბრუნება.

„არა მგონია, „ლოკდაუნის“ და სხვა ასეთი რადიკალური ზომების მიღება დაგვჭირდეს, რაც ადრე გვქონდა. ვეჭვობ, გახსნას ისევ დახურვა მოჰყვეს“, - გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ.

ჯანდაცვის ექსპერტ ირაკლი სასანიას აინტერესებს, რა აზრი აქვს გახსნას, თუკი ისევ მალე დაგვხურავენ?

„ამასაც ხომ ლოგიკა უნდა ჰქონდეს? შეზღუდვები მოიხსნას იმისთვის, რომ მერე დაგვხურონ? რაღაც ქმედებას ყოველთვის მიზანი აქვს, ასე რომ, მე არ მესმის, რა მიზანს ემსახურება გახსნა, თუკი დაგვხურავენ?“