აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი ამ შეთანხმების ვალდებულებებს შეასრულებს. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი დაინტერესებულები არიან ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებასა და იმაში, რომ ირანმა ვერასდროს შეიმუშაოს ბირთვული იარაღი.
ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან აშშ-ის მზადყოფნას, დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას და ადასტურებენ საკვანძო საკითხებზე კონსულტაციებისა და კოორდინაციის გაგრძელების ინტერესს, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი ადასტურებს ვაშინგტონის მზადყოფნას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს თეირანთან.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.