ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერაყის ხელისუფლების თხოვნით ჩრდილოატლანტიკური მისიის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Twitter-ზე ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი წერს.
„გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ერაყში ნატოს საწვრთნელი მისია, რათა დავეხმაროთ ერაყს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისიის შემადგენლობა 500-დან 4 000 სამხედრომდე გაიზრდება“, - წერს სტოლტენბერგი.
გარდა ამისა, წვრთნებში მონაწილე ერაყელი სამხედროების რიცხვი გაიზრდება, წვრთნების ადგილმდებარეობა კი ბაღდადის ფარგლებს გასცდება.
სტოლტენბერგის განცხადებით, მისია ერაყის მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებს და ეს კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.