ქართული ეთნოკულტურული თვითმყოფადობა – ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის ფორმირების ერთადერთი საფუძველი

ქართული ეთნოკულტურული თვითმყოფადობა – ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის ფორმირების ერთადერთი საფუძველი

ჩვენ წინა თავში ჩამოვაყალიბეთ ორი ფრიად მნიშვნელოვანი დასკვნა:

1. ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას.

2. ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ეროვნული საზოგადოების ეთნოკულტურული თვითმყოფადობის ანალიზის შედეგად.

ამ თავში ჩვენ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

ერთადერთ კონკრეტულ ეროვნულ საზოგადოებას, რომლის ეთნოკულტურული თვითმყოფადობის ანალიზიც იძლევა საერთაშორისო საზოგადოებისათვის ესოდენ საჭირო ცივილიზაციათა დიალოგის მოდელის ჩამოყალიბების საშუალებას, წარმოადგენს თანამედროვე ქართული საზოგადოება.  

გააჩნია თუ არა ქართულ კულტურას ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის შექმნის რესურსი?

ზედმეტად გაზვიადებული ან სულაც საფუძველს მოკლებული ხომ არ არის ჩვენს მიერ მტკიცება იმის შესახებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ქართულ კულტურას გააჩნია რესურსი იმისათვის, რათა იქცეს იგი სათანადო ანალიზისა და განზოგადოების ობიექტად ცივილიზაციათა დიალოგის ჩვენთვის სასურველი მოდელის ფორმირების მიზნით?

ჩვენ ვამბობთ, რომ არც საფუძველს არის მოკლებული და არც გაზვიადებულია, რის მტკიცებულებადაც ჩვენ აქ მოვიყვანთ შემოკლებულ ლოგიკურ განვრცობას, რომლის სრულ ვერსიასაც დაინტერესებული მკითხველი შეუძლია გაეცნოს საიტზე gimg.ge ნაშრომში „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“.

ჯერ მოკლედ გაცნობებთ ამ ნაშრომის რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომელთა ჩამოთვლაც, ჩვენის აზრით, ნამდვილად ღირებულია აღებული კურსით მსჯელობის განვითარებისთვის.

აქ საუბარი ეხება განსაზღვრებას „კულტუროლოგიისა“, როგორც მეცნიერებისა, რომელიც შეისწავლის ცნება „კულტურაში“ ნაგულისხმევ არსს, და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ მეცნიერება კულტუროლოგიის საკვლევ აპარატში ახალი მეთოდის დანერგვის მცდელობას, რასაც პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ დასახული ამოცანის წარმატებით განხორციელებისათვის.

მაშ, ასე, კულტუროლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კულტურის არსს მის ნებისმიერ გამოვლინებაში. თავად ცნება „კულტურის“ შინაარსი განუსაზღვრელია, რამეთუ, როგორც მეცნიერები ამბობენ, არსებობს მისი განსაზღვრების ხუთასამდე ვარიანტი, რომელთაგან თითოეულის დამარწმუნებლობის ხარისხი მათ მიმდევრებს შორის წარმოადგენს მუდმივი კამათის საგანს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ არის ზუსტად განსაზღვრული თავად კულტუროლოგიაც, როგორც მეცნიერება.

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ შევეცადეთ მეცნიერება «კულტუროლოგიის» საკვლევი მეთოდების არსენალში შეგვეტანა პრინციპული სიახლე, რაც შემდეგში მდგომარეობს:

რადგან კულტურის არსი წარმოადგენს კომპლექსურ მოვლენას, ამიტომ მისი შესწავლა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული მხრიდან კულტურის ცნების სრული განსაზღვრების მიზნით საფუძველშივე არის მცდარი. კულტურა შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური კვლევის საგანს. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ საკვლევ აპარატში ახალი მეთოდის დანერგვა, რომელიც გულისხმობს კულტურის ცნებაში ნაგულისხმევი არსის მოდელირებას მისი შემდგომი ანალიზისა და სინთეზის მიზნით.

როგორ არის შესაძლებელი კულტურის ცნებაში გამოხატული არსის მოდელირება ისე, რომ იგი გამოხატავდეს მთელ დიაპაზონს კულტურის ცნებაში გამოხატული არსისა მის ნებისმიერ გამოვლინებაში?

ამ ამოცანის გადაწყვეტაზე ფიქრისას ჩვენთვის იმთავითვე აქსიომატურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა შემდეგი დებულება:

მოდელირება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი კონკრეტული უძველესი ეროვნული საზოგადოების ეთნოკულტურული თვითმყოფადობის მაგალითზე, რომელიც თავისი კულტურის შრეებში ასახავს ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარების არსს მისი პირველსაწყისობრივი მდგომარეობიდან დღემდე.

ჩვენის აზრით, სხვაგვარად, ცნება «კულტურის» მოდელირება იქნებოდა ზოგადი, აბსტრაქტული და ამდენად, ნაკლებ სარწმუნო.

თანამედროვე ქართული კულტურა – კულტურის ცნების მოდელირების ერთადერთი საფუძველი

იმის ასახსნელად, თუ მოდელირების ობიექტად რა მიზეზთა და მიზეზთა გამო ავირჩიეთ ჩვენ თანამედროვე ქართული კულტურა, უკეთესად, ვიდრე ეს შემდეგი სიტყვების ავტორმა მოახერხა, ძნელად წარმოსადგენია:

საქართველო უდიდესი სასწაულია, რომლის შედარებაც მხოლოდ ისრაელისთვის შეიძლება. ის არა მხოლოდ უძველესი ცივილიზაციაა. ის ცოცხალი სიძველეა. შეადარეთ ის რომს და ათენს. მათ წარსულს არავითარი კავშირი არა აქვს მათ თანამედროვეობასთან. საქართველოში ყველაფერი ძველი აგრძელებს ცხოვრებას თანამედროვეობაში”.

ეს სიტყვები ეკუთვნის არა ვინმე თავისი ეროვნების განდიდების მანიით შეპყრობილ ქართველს, არამედ თანამედროვე ებრაელ თეოლოგსა და მოაზროვნეს ავიგდორ ესკინს და ანცვიფრებს ადამიანის წარმოსახვას ქართული კულტურის არსში ასეთი ღრმა წვდომით.

სწორედ ჩვენი, ქართული კულტურის საოცარი მახასიათებელი - ცოცხალი სიძველეობა და თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი ძველის გაგრძელება - გახდა მიზეზი ჩვენი არჩევანისა თანამედროვე ქართული კულტურის საფუძველზე მოგვეხდინა კულტურის ცნების მოდელირება, რომლის სრული სახით დასაბუთებასაც ჩვენ შევეცადეთ ზემოთ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომში.

პირველსაწყისობრივი ინტელექტის შესახებ

იმისათვის, რათა შევძლოთ მოვახდინოთ ბატონი ესკინის საქართველოს შესახებ წარმოთქმული  სიტყვების სათანადო ანალიზი, გვინდა შევახსენოთ ჩვენს პატივცემულ მკითხველს შემდეგი გარემოება:

ეროვნული კულტურა ზოგადად დაფუძნებულია გარკვეული საზოგადოებრივი ინტელექტის არსებობაზე, რომელიც მას აძლევს არა მარტო სტრუქტურული დიფერენცირების, არამედ მრავალმხრივი ფუნქციონირების საშუალებასაც.

ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ინტელექტი ეროვნული საზოგადოებისათვის წარმოადგენს გარკვეულ ალგორითმს, რომლის მნიშვნელობაც მრავალფუნქციონალურია შესაბამისი კულტურისათვის, რომელიც გულისხმობს როგორც მიზნის არსებობას, ისე მისი მიღწევის სტრატედიასა და ტექნოლოგიებს და რომელიც ანიჭებს შესაბამის კულტურას და მის მატარებელ საზოგადოებას ავტონომიური არსებობისათვის აუცილებელ სასიცოცხლო მობილურობასა და ცხოველმყოფელობას.

იმდენად თვალშისაცემი და ცალსახაა ეროვნული კულტურის დამოკიდებულება საზოგადოებრივი ინტელექტის არსებობაზე, რომ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ აპრიორი ჭეშმარიტებად მივიღოთ შემდეგი დებულება – რა მომენტიდანაც იწყებს არსებობას საზოგადოებრივი ინტელექტი, იმ მომენტიდან იწყებს არსებობას ეროვნული კულტურაც.

ამ თვალსაზრისით კაცობრიობის განვითარების ისტორიის რომელიღაც მომენტში ჩვენ შეგვიძლია პირობითად დავუშვათ პირველსაწყისობრივი ინტელექტის, როგორც საზოგადოებრივი კულტურის ფუნქციონალური კოდის რომელიღაც მომენტში წარმოშობა, რომელიც ისევე განსაზღვრავს მასზე აღმოცენებული კულტურის სტრუქტურულ-ფუნქციონალურ სახეს, როგორც თესლი განსაზღვრავს ამა თუ იმ სახეობის ხეს.

ჩვენ ნაშრომში „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“ ჩვენს მიერვე შემოთავაზებული გარკვეული გრადაციის მიხედვით ზოგადსაკაცობრიო კულტურას პირობითად ვყოფთ ორ ძირითად მეგაკულტურად – პროტოშუმერულად და პროტოიბერიულად და გამოვთქვამთ აზრს, რომლის მიხედვითაც ზოგადსაკაცობრიო კულტურის ისტორია წარმოადგენს ან ერთის არსებობას, ან მეორის არსებობას, ან მათ შენაზავს.

პროტოშუმერულ მეგაკულტურაში ვგულისხმობთ სინამდვილის აღქმის ვარსკვლავთმრიცხველურ მსოფლმხედველობას, რომლის მატარებელმა კულტურებმა შეძლეს მრავალი ათასი წელი ცხოველმყოფელად ეფუნქციონირათ ლეგენდალური ცივილიზაციების სახით და რომელიც დაფუძნებული იყო ქურუმთა კასტის მიერ მხოლოდ მათთვის ცნობილი მედიტაციის მეთოდებით სამყაროში წვდომის კულტურასა და შესაბამისი მსოფლმხედველობის მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაზე.

ხოლო პროტოიბერიულ მეგაკულტურაში ჩვენ ვგულისხმობთ შესაბამის მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ენთუზიასტური მსახურების იმ უდიდეს კულტურას, რომელიც აგებულია სქემაზე პათოსი – კათარზისი, სადაც პათოსის ერთადერთ გამართლებას წარმოადგენს კათარზისი ანუ განწმენდილი მდგომარეობა. (მხურვალე ლოცვის გზით კათარზისულ ანუ განწმენდილ მდგომარეობაში ანუ ღმერთში შესვლა)

შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად არის შესამჩნევი განსხვავება ამ ორი მეგაკულტურის განმსაზღვრელ ალგორითმებს შორის, რომლებიც თავის პირველსაწყისობრივ წარმომავლობაშივე თავიანთი ფორმატის მიხედვით განსხვავებულები არიან.

ამ შემთხვევაში შეგვიძლია საუბარი გვქონდეს:

ა) ცალკე პირველსაწყისობრივი ინტელექტის პროტოშუმერული მოდელის შესახებ, რომელიც გულისხმობს მედიტაციის მეთოდებით სინამდვილის არსში წვდომასა და მასზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის მიხედვით საზოგადოების შესაბამის მოწყობას და

ბ) ცალკე პირველსაწყისობრივი ინტელექტის პროტოიბერიული მოდელის შესახებ, რომლის საფუძველზე აგებული მსოფლმხედველობაც, განმსაზღვრელი საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობისა, განმსჭვალულია ენთუზიასტური მსახურების სულისკვეთებით და აგებულია სქემაზე „პათოსი-კათარზისი”, სადაც პათოსის ერთადერთ გამართლებას წარმოადგენს კათარზისი ანუ ადამიანების განწმენდილი მდგომარეობა.

იმდენად, რამდენადაც ჩვენი ინტერესების სფეროს წარმოადგენს პროტოიბერიული კულტურა, ვიტყვით, რომ ამგვარი გრადაციის მიხედვით მთელი თანამედროვე ასე ვთქვათ, ბიბლიური – იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამის აღმსარებელი და, ნაწილობრივ, კონფუცის შემდგომო ხანის აღმოსავლური სამყაროები წარმოადგენენ პროტოიბერიული მეგაკულტურის მემკვიდრე კულტურებს.

ამიტომ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ წინამდებარე სტატიაში საუბარი გვაქვს თითქმის მალიანად თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო კულტურის შესახებ, რომელიც აღმოცენებულია პროტოიბერიული კულტურის პირველსაწყისობრივი ინტელექტიდან, როგორც ბერმუხა - რკოდან.

ქართული კულტურის უნიკალური სტატუსის შესახებ

ჩვენ აქ ისევ დავუბრუნდებით თემას გლობალიზაციის ეპოქაში სხვა და სხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველის შექმნის მნიშვნელოვნებას როგორც ზოგადად თანამედროვე კაცობრიობის, ისე მისი შემადგენელი თითოეული ეთნოკულტურული თვითმყოფადობის ყოფნა-არ ყოფნის განსაზღვრების თვალსაზრისით.

შევნიშნავთ, რომ პირველსაწყისობრივი საზოგადოებრივი ინტელექტის (შემდგომში „პირველსაწყისობრივი ინტელექტი“), როგორც ფენომენის სახით ჩვენ გამოვკვეთეთ ის საერთო მახასიათებელი, რომელსაც ძალუძს დააკავშიროს საერთაშორისო საზოგადოების თითოეული ეთნოკულტურული თვითმყოფადობა ერთმანეთთან და სათანადო კვლევის ჩატარების შედეგად მოგვცეს საშუალება ჩამოვაყალიბოთ მათ შორის ურთიერთობების დამარეგულირებელი უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველი.

ესე იგი, რა გამოდის?

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებით ჩვენს მიზანს და შევქმნათ ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი, თუ შევძლებთ წარმატებით გამოვიკვლიოთ და დიფერენცირებული სახით წარმოვიდგინოთ საზოგადოებრივი კულტურის განმსაზღვრელი ფენომენი, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ პირველსაწყისობრივი ინტელექტი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ძველბერძნულმა კულტურამ სახე უცვალა პროტოიბერიულ საზოგადოებაში მანმადე არსებულ წარმოდგენებს სინამდვილის შესახებ და ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარებას პრინციპულად შეუცვალა მიმართულება, კაცობრიობა მოწყვეტილი აღმოჩნდა იმ ფესვისაგან, რომლიდანაც თავის დროზე თავად აღმოცენდა იგი. და დღეს, ამ დიდად საპასუხისმგებლო ვითარებაში აღმოჩნდა, რომ მაშველი რგოლი, რომლის საშუალებითაც გლობალიზაციის ეპოქაში გახდებოდა შესაძლებელი თანამედროვე კაცობრიობის მიერ თავის გადარჩენა, აღმოჩნდა ძველბერძნების მიერ გავლებული მიჯნის მიღმა.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ პირველსაწყისობრივი ინტელექტი, როგორც რეალური საზოგადოების სულიერი ცხოვრების პრაქტიკა, დაკარგულია.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მაცოცხლებელი წყალი, რომლის გარეშეც თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციას არ უწერია მომავალი, დაშრა.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ზოგადსაკაცობრიო ხე მაცოცხლებელი ფესვისაგან მოშორების გამო განწირულია გასახმობად.

მაგრამ, იკითხავს მკითხველი, რა შუაშია აქ თანამედროვე ქართული კულტურა და რა შეხება აქვს მას პროტოიბერიული კულტურის პირველსაწყისობრივ ინტელექტთან, რომელიც, როგორც ირკვევა, უიმედოდ ჩაიკარგა არქაული ეპოქის წყვდიადით მოცულ უფსკრულებში?

საქმეც სწორედ იმაშია, ჩემო ძვირფასო მკითხველო, რომ ერთადერთი ეთნოკულტურული თვითმყოფადობა თანამედროვე მსოფლიოში, რომელმაც გასაოცარი ხელშეუხებლობით შემოუნახა კაცობრიობას ეს უდიდესი სიბრძნე – პირველსაწყისობრივი ინტელექტი – საიდანაც სათავე დაედო თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო კულტურასა და ცივილიზაციას, არის თანამედროვე ქართული კულტურა.

ეს მდგომარეობა ანიჭებს ქართულ კულტურას გამორჩეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რაც დღევანდელი როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებების მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია.

ამ თვალსაზრისით საქართველო, ფაქტობრივად, წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციის კულტურულ ნაკრძალს. (რისი სტატუსის მინიჭებაზე საკითხის წამოწევაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ჩვენი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს!!!).

ქართული ღვინის კულტურა – ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენა

მაგრამ აქ ისმება ფრიად ბუნებრივი კითხვა – რით განსხვავდება ქართული კულტურა მსოფლიოს დანარჩენი ნაციონალური კულტურებისაგან და რა გვაძლევს ჩვენ ამგვარი დასკვნების გაკეთების საფუძველს?

პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, ამის საფუძველს იძლევა ქართული ღვინის კულტურა, რომელის მსოფლიოს სხვა ქვეყანათა ღვინის კულტურებისაგან განსხვავდება იმით, რომ გარდა გასტრონომიული შემადგენელისა შეიცავს, აგრეთვე, სულიერ შემადგენელსაც.

შემდგომ თავებში ჩვენ შევეცდებით, მეტი თანამიმდევრობით წარმოგიდგინოთ მსჯელობა ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ორ თეზას:

ა) ცივილიზაციისა და ღვინის კულტურის ისტორია ქრონოლოგიურად ერთმანეთს ემთხვევა.

ბ) მსოფლიო მეცნიერების მიერ საქართველო მიჩნეულია ღვინის აკვნად.

მეორე თეზის დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ ლონდონში მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ღვინის მუზეუმში ნომერ პირველ ექსპოზიციას ეწოდება «ღვინის აკვანი», სადაც წარმოდგენილია მარნეულის რაიონში ნაპოვნი ღვინის მოლეკულებ შემხმარი რვა ათასი წლის წინანდელი ქვევრის ნატეხი. Aადვილი წარმოსადგენია, რომ თუ რვა ათასი წლის წინ უკვე ხდებოდა ქვევრის წარმოება, რათა მასში ღვინო შეენახათ, კიდევ რამდენად ძველი უნდა იყოს თავად ღვინის დაწურვისა და მოხმარების კულტურა, ვიდრე ამას მარნეულის აღმოჩენა გვიდასტურებს.

ეს ფაქტი არის დამადასტურებელი იმ პრეცედენტის არსებობისა, რომ ჩვენი წინაპრები სულ ცოტა, რვა ათასი წლის წინ უკვე ეწეოდნენ სამისებს და სადღეგრძელოებს წარმოსთქვამდნენ.

გასაოცარია ჩვენი, ქართული კულტურის ფუნქციონალური უწყვეტობა და გასაოცარია ის სიმდიდრე, რომელიც ახლავს ჩვენს კულტურას ზოგადსაკაცობრიო კულტურის კვლევის თვალსაზრისით!

დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სწორედ ქართული ღვინის კულტურამ ქართული სუფრის სახით შემოუნახა კაცობრიობას პირველსაწყისობრივი ინტელექტის პროტოიბერიული მოდელი, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სრულფასოვანი ფუნქციონირების ალგორითმი, რაც აძლევს თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლებლობას ისარგებლოს ამით და გამოვიდეს მსოფლმხედველობრივი კრიზისის მდგომარეობიდან.

ის ფაქტი, რომ პირველსაწყისობრივი ინტელექტი ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციას შემოუნახა ქართული ღვინის კულტურამ, რომელიც გასტრონომიულ შემადგენელთან ერთად (ღვინო),  აგრეთვე, შეიცავს სულიერ შემადგენელსაც (პირველსაწყისობრივი ინტელექტი), გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანიჭებს მას, ქართული ღვინის კულტურას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენის სტატუსს.

(ამ თვალსაზრისით, ქართული ღვინის კულტურა თვისობრივად განსხვავდება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ღვინის კულტურისაგან, რაც გამოარჩევს მას საერთაშორისო ასპარეზზე და რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იგი ქართული ღვინის საერთაშორისო ლობის სახით. ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით სპეციალურ განყოფილებაში შევეხებით).

ფაქტობრივად, იმისათვის, რათა ქართული ეთნოკულტურული თვითნყოფადობის მაგალითზე მოვახდინოთ კულტურის ცნების მოდელირება, საჭიროა გამოვიკვლიოთ ქართული ღვინის კულტურა მის ყოველმხრივ გამოვლინებაში.

ნაშრომი „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“, ჩვენის ღრმა რწმენით, სწორედ ამით უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მასში თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის კვლევისა და ანალიზის საშუალებით ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვლია ზოგადსაკაცობრიო კულტურის წარმომავლობა პირველსაწყისობრივი ინტელექტის არსებობის თვალსაზრისით, მოგვეცა მისი სტრუქტურულ-ფუნქციონალური აღნაგობის საკმაო კონკრეტიკის დონეზე დიფერენცირებული სურათი, წარმოგვედგინა საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის საფუძვლები ისე, როგორც ეს პირველსაწყისობრივი ინტელექტის არსიდან გამომდინარეობს და, საბოლოო ჯამში, შეგვექმნა პირობები ცივილიზაციათა დიალოგის ქართულ-იბერიული მოდელის ჩამოყალიბებისათვის.

P.S.  შემდგომ თავში ჩვენ დავუბრუნდებით უშუალოდ ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესის განხილვას და შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის განვითარება იმ მიმართულებით, რომლის მიხედვითაც ის ესოდენ დიდ საჭიროებას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო კაცობრიობისათვის, გულისხმობს ორი ეტაპის გავლას – ქართული კულტურის ინტელექტუალიზაციას და ინტელექტის კაპიტალიზაციას.

გარდა ამისა, გვინდა განსაკუთრებით აღვნიშნოთ ის უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც ეკისრება ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პროცესში ქართული ღვინის ბიზნესს, როგორც პირველსაწყისობრივი ინტელექტის საერთაშორისო ასპარეზზე გამტან ლოკომოტივს.

ამ წერილთან ერთად მომდევნო ორი წერილიც ქართული საზოგადოების დაინტერესებულ წრეებს შეუძლიათ ჩათვალონ ქართული ღვინის საერთაშორისი ლობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პროცესის დასაწყისად.