გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არასამართლიანად და არათანაბრად ნაწილდება, რამაც პანდემიასთან ბრძოლა სერიოზულად შეიძლება გაართულოს.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანებს ვაქცინაციის გავლის შესაძლებლობა მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰქონდეთ. თუმცა, ვაქცინების განაწილება დიდწილად არასამართლიანი და არათანაბარი იყო“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოში გაკეთებული ვაქცინების 75% ათ ქვეყანაზე მოდის.
„და ამ დროს 130-ზე მეტ ქვეყანას ვაქცინის ერთი დოზაც არ მიუღია“, - აღნიშნა მან.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ყველა ქვეყანა ერთად იმუშავებს და ვაქცინების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს.