რუსუდან შარაძე დარწმუნებულია, რომ სოსო გოგაშვილი დეტალურ ინფორმაციას ფლობს ყველაზე და ყველაფერზე. მისი თქმით, მაშინ სუს–მა ვახტანგ გაბელიას ყველა მტკიცებულება მიატანინა და მათ შორის გარიგება შედგა. რუსდან შარაძე სუს–ის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოუწოდებს, მოყვეს, ვინ და რატომ გაათავისუფლა უმაღლესი თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც 2018 წლის 8 აგვისტოს ერთმანეთს შეხვდნენ და რეალურად დაიწყო გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დადება.
for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.
ბატონ სოსო გოგაშვილს მოვუწოდებ, შემდეგ ინტერვიუში მოყვეს, თუ ვინ ავალებდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვას“, – ქალბატონო რუსუდან რას გულისხმობდით თქვენს ამ სტატუსში, რა კავშირი ჰქონდა სუს–ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშვილს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში?
რუსუდან შარაძე: თქვენს კითხვას რომ სრულყოფილად ვუპასუხო, ცოტა შორიდან დავიწყებ, მოვყვები ფაქტებს და არაერთ რამეს პირველად გავამჟღავნებ: ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრობის დროს, კახა მიქაიასთან მივიდა დათა ახალაიას ყოფილი მარჯვენა ხელი, კუდ–ის ძველი თანამშრომელი, ზუგდიდელი ვახტანგ გაბელია. კახა მიქაია საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც სააკაშვილთან და მის ბანდასთან დაუღალავად მებრძოლი კაცი, რომელმაც თავისი დიდი წვლილი შეიტანა სამეგრელოში, როლანდ ახალაიას კლანის დანგრევაში (თუმცა, დღეს ისევ აღზევებულები არიან).
გაბელიამ კახას გაანდო, რომ ხუთი გახმაურებული საქმის, მათ შორის, გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ ჰქონდა მტკიცებულებები. ეს ის დროა, როდესაც ხალხში სამართლიანობის აღდგენის იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. გაბელიას, რომელიც ბოლოს დაპირისპირებული იყო დათა ახალაიასთან, თავისი ინტერესი ამოძრავებდა – სურდა ხელშეუხებლობა და აგრეთვე, არავის შეეშალა ხელი მისი ახლობლისთვის, დაებრუნებინა სააკაშვილის დროს უკანონოდ ჩამორთმეული მიწა, საიდანაც სარგებელს ელოდებოდა.
არაფერი უკანონო ამაში არ იყო. გაბელიას თქმით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გადამალული ჰქონდა უკრაინაში და მზად იყო, ჩამოეტანა, ხელისუფლებას შეემოწმებინა და ხაზგასმით ვამბობ, თუ გამოდგებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, ამის შემდეგ დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნები. რაც მთავარია, გაბელია თანახმა იყო, სასამართლო პროცესებზე გამოსულიყო და პირზე დადგომოდა ყოფილ შეფს – დათა ახალაიას.
თქვენს მიერ დასახელდა მკვლელობის ოქროს მოწმე – ვახტანგ გაბელია, შემდეგ მოხდა ისე, რომ შეეცადნენ ამ მოწმის გაჩერებას და ასევე გაქრა მტკიცებულება – აუდიოჩანაწერი, სადაც პირადად დათა ახალაია გურამ შარაძის ერთ–ერთ მკვლელს ასახელებს. რა მოხდა, შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ რა მოხდა მაშინ?
– ვახტანგ გაბელიას თქმით, ჰქონდა აუდიო–მტკიცებულება, რომელიც თავად ჩაწერა მკვლელობიდან მალევე, დათა ახალაიას კაბინეტში, თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ: თავად გაბელია, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, „მასტერა“ და კუდ–ის რამდენიმე თანამშრომელი. ჩანაწერში ისმის, როგორ მოიშორეს „პროფესორა“, რაც მათ „პირველმა“ დაავალა. იქვე ახალაია სვამს შეკითხვას, რამდენად სანდო იყო შემსრულებელი და ხომ არ შექმნიდა რამე პრობლემას, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მოწმის თქმით, ჩანაწერში დასახელებულია გურამ შარაძის მკვლელის ზედმეტსახელიც.
ვახტანგ გაბელიას მოთხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი კახა მიქაიას მოეთხრო, მაინცდამაინც, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილისთვის, რადგან მისი თქმით, ამ საქმეების გამოძიებას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება და ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. ამის შემდეგ, კახა, მისი მეგობარი დავით სორდია და მოწმე ვახტანგ გაბელია ღიად დასხდნენ კამერის წინ და გაკეთდა 56-წუთიანი ვიდეო–ჩანაწერი იმ მიზნით, რომ ენახა ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.
კახამ შეასრულა გაბელიას მოთხოვნა, შეხვდა უჩა მამაცაშვილს, რომელსაც იცნობს და პირადად აჩვენა ეს ვიდეო, სადაც მოწმე დეტალურად ყვება რა და როგორ იყო (როგორც ვიცი, შემდგომში, ეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ძმებმაც ნახეს). უჩა მამაცაშვილის რეაქცია იყო დადებითი და კახა დააკავშირა სოსო გოგაშვილთან, რომელიც სუს–ის უფროსის მოადგილე და ფაქტობრივი მმართველი იყო. სოსო გოგაშვილი კახას დაპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა. ამ დაპირება–დაპირებებში, გავიდა დიდი დრო.
კახა მიქაიამ არც ერთი გზა არ დატოვა, მაგრამ არათუ შედეგს ვერ მიაღწია, გოგაშვილმა და სუს–მა ყველა ღონე იხმარეს, რომ პირიქით მომხდარიყო. მე არაფერი ვიცოდი. კახას არ სურდა ჩემი ჩართვა, ამით მეც გამიფრთხილდა და საქმესაც, თან ჯერ თავად უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოწმეს მტკიცებულებები ნამდვილად ჰქონდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა კახა ჩემთან, 2017 წლის მარტში და მომიყვა ყველაფერი. მაშინ გავიგე პირველად სოსო გოგაშვილის სახელი და გვარი.
რა კავშირი აქვს მტკიცებულების გაქრობასთან სუს–ს, ვის ინტერესში შედიოდა, რომ ეს მტკიცებულება არ ყოფილიყო საქმეში და რა კავშირი აქვს ამასთან გოგაშვილს?
– გეტყვით. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, სასწრაფოდ ვნახე ჩემი ბიძაშვილი ნიკა შარაძე, რომელიც მაშინ სუს–ის ერთ–ერთი მაღალჩნოსანი იყო და დახმარება ვთხოვე, გადავეცი 56 წუთიანი ჩანაწერი და დავბრუნდი ჟენევაში. ცოტა ხანში, ვიგებ, რომ სუს–ის თანამშრომლები თბილისიდან ზუგდიდში ჩადიან, აშინებენ და აშანტაჟებენ მოწმე ვახტანგ გაბელიას. ისევ ჩემს ბიძაშვილს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ჩემთვის ცნობილი იყო, როგორ იქცეოდა სოსო გოგაშვილი და ხელთ მქონდა მტკიცებულება. არ მითქვამს, რას ვგულისხმობდი და კატეგორიულად მოვთხოვე, დაუყოვნებლივ შესულიყო მასთან და გადაეცა, შემხვედროდა.
გოგაშვილმა უარი მითხრა შეხვედრაზე. მაშინ შევუთვალე, რომ მაინც მოუწევდა ჩემთან დალაპარაკება, როდესაც კამერებით და ჟურნალისტებით მივადგებოდი, ხოლო იქამდე, წავიდოდი პროკურატურაში და მის წინააღმდეგ მივცემდი ჩვენებას. ჩემს ბიძაშვილთან რომ ამ მიმოწერაში ვიყავი, პარალელურად, გაცეცხლებულმა სოსო გოგაშვილმა დაურეკა კახა მიქაიას და აი, ამიტომ შედგა მიქაია–გოგაშვილის ის ყბადაღებული, 26 წუთიანი საუბარი, რომელიც, მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა და ფაქტობრივად, არის საქმის გარჩევა, რატომ გავიგე მე, შვილმა მამის მკვლელობის მოწმის შესახებ. ჩაწერა მოხდა შემთხვევით – კახას ტელეფონი იმ რეჟიმზეა, რომ ღია ხაზზე შემოსულ ყველა ზარს ავტომატურად იწერს.
2017 წლის ივლისის თვეში, კახა მიქაია, მოწმე და მე მივედით პროკურატურაში, მივეცით ოფიციალური ჩვენება. 2018 წლის აპრილამდე ამ და სხვა ბრძოლებში ვიყავით, პროკურატურამ მოწმე კიდევ არაერთხელ გამოიძახა, ერთადაც წავსულვართ გამომძიებელთან, მაგრამ საჯაროდ არ ვახმაურებდი, რადგან მაინც მქონდა იმედი, რომ ჭკუაზე მოვიდოდნენ. არაფერმა რომ არ გაჭრა და მოწმეზე ისევ ზეწოლა ხდებოდა, 2018 წლის 10 აპრილს, გავმართე პრესკონფერენცია, სადაც თითქმის მარტო ვიჯექი. სუს–მა ყველგან დამბლოკა. თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, მაინც მოვახერხე გახმაურება.
სოსო გოგაშვილს რომ არავინ ჰკითხავდა გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას, ამდენს ვხვდებოდი, მაგრამ მტკიცებულებები მასზე მქონდა. უნდა დავრწმუნებულიყავი, ბიძინა ივანიშვილამდე მართლა არ მიჰქონდათ ამბავი, რისი შთაბეჭდილების შექმნაც უნდოდათ, თუ პირიქით, მისგან მოდიოდა მითითება, რომ არ გამოძიებულიყო ეს მკვლელობა. 2018 წლის მაისში, დახვრეტილი მამაჩემის პლაკატით ხელში, აქცია გავმართე „ოცნების“ ოფისთან და უმორჩილესად ვითხოვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. სამწუხაროდ, პასუხად სრული იგნორირება მივიღე. ძალიან არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ სხვა აღარაფერი რჩებოდა – ფაქტი იყო, ბატონ ბიძინას არ სურდა მამაჩემის მკვლელობის საქმის გახსნა.
როდესაც თქვენ დაასახელეთ ვახტანგ გაბელიას სახელი და გვარი, მოხდა ისე, რომ სუს–მა თქვენს წინააღმდეგ აამოქმედა გარკვეული ზომები და ცდილობდნენ თქვენს პროვოკაციაზე წამოგებას. ეს ვისი დავალებით ხდებოდა?
– ვახტანგ გაბელიას არა, სოსო გოგაშვილის არაერთხელ დასახელების გამო დამესია მთელი სუს–ი. ვინ არ გამონახეს შუამავლებად. ტყუილს ვერ ვიტყვი, მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იყო საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ თავი დამენებებინა გოგაშვილისთვის. ამას ვერ მიაღწიეს და წავიდნენ ბინძურ პროვოკაციებზე, რომ დავტაკებოდი ჩემს ბიძაშვილს. ერთ ამბავს მოგიყვებით: 2018 წლის 9 ივნისს, „იბერიაზე“, ვანო პავლიაშვილის გადაცემაში უნდა გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, სუს–მა ანონსებით იცოდა. აგრეთვე, იცოდნენ, რომ ორი დღით ადრე, პროკურატურას კიდევ ერთი ჩვენება მივეცი, სადაც მოვითხოვე სოსო გოგაშვილის, ნიკა შარაძის, უჩა მამაცაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ძმების დაკითხვა.
მოვითხოვე გამოაშკარავება, ვინ და რატომ უშლიდა ხელს მამაჩემის მკვლელობის საქმის გახსნას. იქვე, არ დამვიწყებია ზოგიერთების წარსულიც და გამოვთქვი ეჭვი, რომ მამაჩემის მკვლელებს ხელს შეგნებულად აფარებდნენ. გადაცემაში წასვლის წინ, ერთმა პიროვნებამ, რომელიც მხარდაჭერას მიცხადებდა და დიდად აქტიურობდა ჩემი ფეისბუკის გვერდზე, პირად შეტყობინებაში სიტყვა–სიტყვით მომწერა: „წუხელ ამერიკიდან დამირეკეს, მაგრამ ვერ გეტყვი ვინ, ხომ გესმის. დამაფიცეს. სუს–ის ყოფილმა თანამშრომელმა. ეხლა გაიქცა ქვეყნიდან. მამაშენის საქმეს შენი ბიძაშვილი აყალბებს და აჩერებს, ხატზე დაიფიცა იმ ბიჭმა. დათა ახალაიასთან დღემდე აქვს კავშირიო, ყურმოჭრილი მონააო. თუ იშოვა და მოიპოვა მონაცემები მოგაწვდი. სოსოს რომ უთქვია მიხედეო, მაგას უთქვია გიჟია რუსო, აფრენსო. იმენნა მამალი ნაციაო და იმასაც ამბობენ, რომ ეგეც ურევია. თუ მასალები მოიპოვეს და მომაწოდეს, ხომ იცი მოგაწვდი. წუხელ ავტირდი. ამდენი გამყიდველი. უფალი დიდია და ყველა აგებს პასუხს, მჯერა“ (ამ მიმოწერის ასლები გადავეცი ჩემს ბიძაშვილს).
ჩემი ღრმა რწმენით, ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ გამოვვარდნილიყავი პირდაპირ ეთერში, „მემხილებინა“ საკუთარი სისხლი და ხორცი, ფაქტობრივად, ძმა და ამტყდარიყო იაფფასიანი სკანდალები. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ დაიწყებდნენ სოციალურ ქსელებში ჩვენი სახელების თრევას და გარჩევ–გამორჩევას. ამით გურამ შარაძის სახელი და მკვლელობის საქმე გაბაიბურდებოდა, ხოლო სოსო გოგაშვილი და მკვლელობის საქმის ნამდვილი არსი გვერდზე მორჩებოდა.
ეს ხომ სპეცსამსახურების აპრობირებული მეთოდია – ამოგთხვრიან ტალახში, აგიგდებენ მასხრად, ხელშეუხებელს არ დაგიტოვებენ მკვდარ–ცოცხალს და მერე რაღა მნიშვნელობა აქვს მტყუან–მართალს. მოკლედ, გადაცემაში გამოვედი და პირიქით ვთქვი, რომ ჩემს ბიძაშვილს არაფერი შეეძლო და ეს მართლაც ასე იყო. ამასობაში, ჩემი პირველი პრესკონფერენციიდან მალევე, 2018 წლის აპრილის ბოლოს, ბარათელი საქართველოდან გაიყვანეს და დღემდე გადაკარგულია. იქამდე, საქართველოდან გადაიხვეწა მეორე „ოქროს“ მოწმე გურიკა ქადარიაც, ხოლო გაბელია ისე გადამკიდეს, მოსაკლავად დამდევდა.
სოსო გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, თქვენ მოუწოდეთ მას, მოყვეს, ვინ და რატომ გაათავისუფლა უმაღლესი თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც 2018 წლის 8 აგვისტოს ერთმანეთს შეხვდით და რეალურად დაიწყო გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დადება. რას გულისხმობთ?
– დიახ, 2018 წლის 8 აგვისტოს, ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა სოსო გოგაშვილის კაბინეტში და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ეს იყო დადებითი შეხვედრა. ბატონმა სოსომ ხატი, სანთლები, საეკლესიო ღვინო მისახსოვრა. აგრეთვე, ბებუთი და თან დააყოლა, – „ეს როგორც ჟანა დარკსო“. ჩემი მხრიდან, მამაჩემის „აკაკი“ ვაჩუქე. პირდაპირ ვუთხარი: „თქვენ სააკაშვილს კი არა, ახალაიასაც ვერ მოკიდებთ ხელს, მივუბრუნდეთ „ალდაგის“ ფირს, დადეთ ობიექტური დასკვნა–მეთქი“. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო აცხადებდა, რომ ფირზე გამოსახული მკვლელის სიმაღლეს ზუსტად ვერ ზომავენ, რადგან შესაბამისი აპარატურა არა აქვთ.
გთხოვთ, იქნებ, იშოვოთ ეს აპარატურა და თუ ვერ დაადგენთ, ვინ არის ფირზე გამოსახული, იქნებ, ის მაინც დაამტკიცოთ, რომ გიორგი ბარათელი არ არის, რადგან გაბარიტები, ჩაცმულობა, თავზე თმა და ა.შ. არ ემთხვევა ბარათელის მონაცემებს და ნების შემთხვევაში, ეს ადვილი დასამტკიცებელია–მეთქი. კიო, დამპირდა და მართლაც, მეორე დღიდან, დაიწყეს აპარატურის მოძიება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მატყობინებდნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები (ირაკლი შოთაძე გადამდგარი იყო), ასევე თავად ბატონი სოსო, რომელთანაც ყოველდღიურ კავშირზე ვიყავი. არ ვიცი, ეს ყველაფერი დადგმული იყო თუ არა, მე ვყვები ფაქტებს, რისი მოწმე და მონაწილეც ვარ. დანარჩენი, ბატონმა სოსომ თქვას.
2018 წლის 20 აგვისტოს, სოსო გოგაშვილი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და 22 აგვისტოს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის მსგავსი მკვლელ სააკაშვილსაც არ გაუბედავს. მის დროს თუ ამბობდნენ, ფირი უვარგისია ექსპერტიზისთვისო, ხოლო შემდეგ – აპარატურა არ გვაქვსო, ახლა თქვეს – ფირზე გამოსახული მკვლელი შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი ისევე, როგორც შეიძლება არ იყოსო. მართალია, ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ფაქტია – ასე დამსაჯა ბიძინა ივანიშვილმა დაუმორჩილებლობისთვის.
როგორ ფიქრობთ, რა ინფორმაციას ფლობს სოსო გოგაშვილი გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით?
– დარწმუნებული ვარ, ის ფლობს დეტალურ ინფორმაციას ყველაზე და ყველაფერზე, მეტიც – სავარაუდოდ, მაშინ სუს–მა ვახტანგ გაბელიას ყველა მტკიცებულება მიატანინა და მათ შორის გარიგება შედგა. სხვათა შორის, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სოსო გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ერთ–ერთი მიზანი პროკურატურისთვის დარტყმის მიყენება იყო და ეს აზრი პირველად არ გამჩენია. მარტო ერთ ფაქტს მოგიყვებით: 2018 წლის მაისში, დაკა–დაკაში რომ ვართ, დამიკავშირდა ერთ–ერთი ცნობილი, აქტიური ადამიანი იმ მიზნით, რომ გვერდში დამიდგებოდა. სუს–თან მის კავშირებზე ხშირად დაწერილა და სკანდალებიც ყოფილა, მაგრამ მაინც შევხვდი.
მთელი საუბრის განმავლობაში, ცდილობდა დავეყოლიებინე, რომ ჩაგვეწერა და გაგვევრცელებინა ვიდეო, სადაც სოსო გოგაშვილს და ირაკლი შოთაძეს ერთნაირად დავადებდით ხელს. უარი ვუთხარი. კარგი, მაშინ მე მარტო ვიზამო და იმავე საღამოს, გამოაქვეყნა ვიდეო–ბლოგი, სადაც ირაკლი შოთაძეს გადაუარა და გოგაშვილზე სიტყვაც არ დაცდენია. მივხვდი, რომ ისრების გადატანა უნდოდათ პროკურატურაზე, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ.
როგორც ცნობილია, თქვენ მამის ერთ–ერთ მკვლელად ასახელებთ გია ფაჩულიას, რომელიც დღესაც, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცრაზმის უფროსის მოადგილეა. თქვენი ინფორმაციით, ვინ მფარველობს მას ძალოვან უწყებაში?
– მე არა, მოწმე, მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი – გურიკა ქადარია ადებს ხელს, რომელიც 2013 წელს, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ აღმოაჩინა ზუგდიდში. ქადარია ამბობს: 2007 წლის მაისში, მამაჩემის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, მეგის ქარდავამ დაავალა ორი სპეცრაზმელის – თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას სამეგრელოდან თბილისში ჩაყვანა, რათა მოეკლათ გურამ შარაძე. ბრძანება „მაღლიდან“ მოდიოდა. თბილისში მათ დაუკავშირდებოდა „მასტერა“ და დეტალურ გეგმას გააცნობდა. პრემიის სახით, ქარდავამ ქადარიას გადასცა 5 ათასი ლარი. თუმცა, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა.
მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, თემურ ჯგერენაია, იგივე „ჯგერე“ რუსეთში გადაიხვეწა და იქ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. გია ფაჩულია აგრძელებდა და აგრძელებს სამეგრელოს რეგიონის სპეცრაზმში მუშაობას. ჩემი ინფორმაციით, ამ ხელისუფლებაში მას მფარველობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი სპეცრაზმელი ვახტანგ გომელაური, რომელიც ჩემი სუს–თან დაპირისპირების დროს, 2017–2018 წლებში, გოგაშვილის ოფიციალური შეფი და სუს–ის უფროსი იყო. ხედავთ, როგორი წრე იკვრება?
ქალბატონო რუსუდან, თქვენ დღემდე ვერ მიიღეთ პასუხი კითხვაზე – ვინ და რატომ მოკლა პროფესორი გურამ შარაძე და კითხვა, რომ დავაზუსტოთ, რატომ არ ჰყავს ამ საქმეს ოფიციალური ბრალდებულები ამ დრომდე? კონკრეტულად, ვის ინტერესშია საქმის არგამოძიება?
– როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის პოლიტიკური მკვლელობები არ იხსნება ხოლმე. თუმცა, გაჩერების უფლება არ მქონდა და არც ახლა მაქვს. ვაკეთებდი და გავაკეთებ მაქსიმალურს და დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც, მამაჩემის მკვლელობის საქმე ოფიციალურად გამოცხადდება გახსნილად. ინტერესს რაც შეეხება, გლობალურ, ღრმა ფესვებს რომ თავი დავანებო, ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, რომ სააკაშვილი, ბოკერია და მათი ბანდა მკვლელებად გასამართლებულიყვნენ. საიდან მოიყვანდა ამაზე უარეს, თავმოჭრილ ოპოზიციას, რომლის ფონზეც ის მუდამ გაბრწყინებული და გამარჯვებული იქნება?!
ხოლო შედარებით დაბალი რანგის, „გამოცდილი“ კადრები, მათ შორის, ზონდერებიც, რომლებითაც სავსეა დღეს ძალოვანი უწყებები, საკუთარ სამსახურში ჩაიყენა. აბა მითხარით, გია ფაჩულიას და სხვა „ფაჩულიებს“ რომელი საერთაშორისო მფარველები ჰყავთ? მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ – მოწმის, ვახტანგ გაბელიას მიერ დასახელებული ხუთი საქმის გახსნა საკმარისი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საერთოდ გამქრალიყვნენ პოლიტიკიდან და წესით, ბევრი მათგანი, სამუდამოდ ციხეშიც აღმოჩნდებოდა.
ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია გენერალურ პროკურორთან და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზე არის საქმე?
– ირაკლი შოთაძესთან, გაცნობის დღიდან, სანდომიანი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა და დღემდე ასეა. ხელისუფლების ცვლილებისთანავე, 2012 წლის ოქტომბრიდან, დავიწყეთ პროკურატურაში მტკიცებულებების შეტანა, მათ შორის იყო მოწმეთა დაკითხვის ოქმები, რომლებსაც ჩვენი ადვოკატი აწარმოებდა. მოწმეები აცხადებენ, რომ მელიქიშილზე და მის მიდამოებში, გიორგი ბარათელისგან სრულიად განსხვავებული მკვლელი (თუ მკვლელები) ნახეს. ამასობაში, როგორც გითხარით, გამოჩნდა გურიკა ქადარიაც. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ პროკურატურას ის გამოეკითხა.
თუმცა, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი არც ქადარიას და არც სხვა მოწმეთა ჩვენებები. საბედნიეროდ, უწყებაში ცვლილებები მოხდა და 2014 წლის მაისში, შევხვდი ახალ მთავარ პროკურორს – გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს – ირაკლი შოთაძეს. მალე, გურიკა ქადარიას ჩვენება ახლადაღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალა და საქმის გამოძიება განახლდა.
ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ ვიქნები იქამდე, სანამ მამაჩემის მკვლელობის საქმე ოფიციალურად არ გამოცხადდება გახსნილად. თუმცა, თუ რამე გაკეთდა, გააკეთა ირაკლი შოთაძემ და ბრმა უნდა ვიყო, არ დავინახო. საქმე ოფიციალურად ძიებაშია. სხვა თუ არაფერი, ჩაიხედავს იქ მომავალი თაობა და ყველაფერი ხელისგულზე დევს – გურამ შარაძე არ მოუკლავს გიორგი ბარათელს, ის მოკლეს მეგის ქარდავას ზონდერებმა, სააკაშვილის ბრძანებით და დათა ახალაიას ორგანიზატორობით.