„მე მომწონს ის, რასაც ალექსეი აკეთებს, რადგანაც ვთვლი, რომ ეს სწორია“, - ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ ჟურნალ Harper’s Bazaar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, აგვისტოს შემდეგ უფრო მეშინია, მაგრამ ჩემი ქმარი უკან არ იხევს და არც მე ვაპირებ უკან დახევას. მისი შეჩერება ცუდ ადამიანებს სურთ. ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე აღფრთოვანებული ვარ ალექსეით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი ქმარია, არამედ იმიტომ, რომ მისი მხარდამჭერიც ვარ და მას ყველაზე უკეთ ვიცნობ. ჩემი მთავარი ამოცანაა, რაც უნდა მოხდეს, ჩვენს ოჯახში არაფერი შეიცვალოს, ბავშვები დარჩნენ ბავშვებად, სახლი დარჩეს სახლად. მეც მინდა დავრჩე იულია ნავალნაიად, ალექსეი ნავალნის ცოლად“, - ამბობს იულია ნავალნაია.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკში ნევრულ-პარალიტიკური აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რის შემდეგაც ის ბერლინში მკურნალობდა. სამშობლოში დაბრუნებული ოპოზიციონერი შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრეს და პირობითი ვადის დარღვევის გამო გაასამართლეს.