კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. მთავრობის მიერ შემუშავებეული გეგმის თანახმად, 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, თუმცა, მშობლებს აქვთ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება.
რაც შეეხება რესტორნებს და კვების ობიექტებს, ისინი შაბათ-კვირის გარდა, შეძლებენ სტუმრების მიღებას, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. ამის ფონზე, 15 თებერვლიდან გამკაცრდა სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანარჩენი აკრძალვების მოხსნაც ეტაპობრივად გაგრძელდება, მაგალითად, როგორიცაა, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში For.ge-ს განუცხადეს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
„როდესაც აღდგება, წინასწარ გახდება ამის შესახებ ცნობილი. დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე ნებისმიერი შემდგომი შემსუბუქება. ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღების დასახელება, არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განუცხადეს For.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ღამის საათების გაუქმება ან შემსუბუქება არ იგეგმება, რადგან ეს შეიძლება ეპიდემილოგიური თვალსაზრისით საშიში აღმოჩნდეს. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შემსუბუქება პირველ რიგში საბავშვო ბაღებს, ფიტნეს კლუბებს და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება.
„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო სწორედ ღამის საათების შეზღუდვა, მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის უფრო მკაცრი რამაა. სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამ ზომის გამო შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე, ეს ცალსახად ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც ამ შეზღუდვამ მოგვცა პოზიტიური შედეგი. მის შემსუბუქებაზე და გაუქმებაზე გადაწყვეტილებას წინ ძალიან სერიოზული მსჯელობა უნდა უძღოდეს. არ შეიძლება, რომ ყველაფერი ერთად შევამსუბუქოდ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის.
დარჩა ჯერ კიდევ ბიზნესები, სადაც ჯე არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა. ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ვერ გავხსენით ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული აქტივობები და ალბათ, პირველ რიგში ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ვიმსჯელებთ. ღამის საათების შეზღუდვის შემსუბუქებას მოგვიანებით მოვიტოვებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგეს. თანაც, მისი თქმით, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ეს არსებულ ეპიდვითარებას არ გაართულებს.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა გარკვეულწილად იმიტომ გვიანდება, რომ არ მოხდეს სხვა რეგიონიდან თბილისში კორონავირუსის ინფექციის შემოტანა. დედაქალაქში მოსახლეობის უმეტესობამ თითქმის მოიხადა ეს ვირუსული ინფექცია და ცდილობენ, რომ გარედან ზედდება არ მოხდეს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანები შედარებით იზოლირებულები არიან, მართალია, ერთ წუთზე მეტ ხანს არიან, მაგრამ დიდი ხანი არ არიან ერთად. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მოქალაქეებს 3-4 საათი ერთად უწევთ ყოფნა, შემდეგ გაჩერებები, ურთიერთობები. ეს ადამიანების უფრო მეტ სიახლოვეს განაპირობებს და სოციალური დისტანცირება შედარებით ნაკლებია. ამიტომ, ყველაზე ბოლოს ალბათ, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა.
უნდა ითქვას, რომ თავიდან, ბათუმიდან წამოვიდა ეს ინფექცია და ძირითადი წყარო ბათუმს და აჭარას უკავშირდება. თუმცა, პირველი ვარ იმ ადამიანებს შორის, ვინც მიესალმება აღდგენას. ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ, როგორც ეკონომიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
ძალიან ძვირი ჯდება ზოგჯერ ერთი შეხედვით ახლო ქალაქიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, მით უმეტეს იქ ექიმი გჭირდება, საყიდლებზე ჩამოსვლა, ბიზნესი უფუჭდებათ ამის გამო... ალბათ, უკვე უნდა აღდგეს, რადგან დღეს 3%-ზე ნაკლები არის ინფიცირებულთა რაოდენობა.
მიმაჩნია, რომ ჯერ რესტორნები უნდა გაიხსნას და ასევე კვების ობიექტები. შემდეგ ცოტა ხანი დაველოდოთ, რა უარყოფითი თუ დადებითი ეფექტი ექნება და ამის მერე უკვე ვიფიქროთ საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენაზე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.