კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის მისი დეპარტამენტის „მთელი დიპლომატიური რესურსის“ გამოყენება სთხოვა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
დაძაბულობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას შორის გამწვავდა, როდესაც დემონსტრანტებმა აღკვეთეს სააკაშვილის ყოველწლიური მიმართვა ერისადმი. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ყოფილი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენლის და საჯარო მოსამსახურის დაპატიმრების განკარგულება გასცა მას მერე, რაც ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა.
„ქართველი ხალხის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და საქართველოს ახლადფეხადგმული დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად, ჩვენ გთხოვთ გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია დემოკრატიით და თავისუფლებით საქართველოში“, ნათქვამია მიმართვაში. „ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელთ არსებული დიპლომატიური რესურსები ამ კრიზისზე საპასუხოდ“.
წერილს ხელს აწერს ოთხი დეპუტატი, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებული აღმოსავლეთ ევროპით: რესპუბლიკელი მაიკლ თერნერი (ოჰაიო), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ამერიკული დელეგაციის თავმჯდომარე; რესპუბლიკელი მარიო დიაზ-ბალარტი (ფლორიდა), ტრანსატლანტიკურ კანონმდებელთა დიალოგის თავმჯდომარე (პენსილვანია); ბილ შუსტერი (რესპუბლიკელი, პენსილვანია) და ელისონ შვარცი (დემოკრატი) – Congressional Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარეები.
სააკაშვილის ადმინისტრაციამ ამასწინათ იქირივა ლობისტები, რომლებიც მისი პარტიის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის, ინტერესებს წარმოადგენენ აშშ-ის კონგრესსა და ობამას ადმინისტრაციაში.