ნენსი პელოსი: კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს გამოიძიებს

ნენსი პელოსი: კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს გამოიძიებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.

„იმპიჩმენტის პროცესის დასკვნებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთ 6 იანვრის მოვლენებზე. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჩვენი შემდგომი ნაბიჯი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იქნება, რათა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის კომპლექსზე შიდა ტერორისტული თავდასხმის ფაქტები და მიზეზები გამოვიძიოთ“, - ნათქვამია ნენსი პელოსის განცხადებაში.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

14 თებერვალს აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. იმპიჩმენტის რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა.