„ცეცხლივით მოედება თუ არა ეს ვირუსი ყველაფერს, ასეთ შედარებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მარტივია სქემა, რაც უფრო მეტი იქნება დისტანცირება, მით უფრო ნაკლებია რისკი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია.
ცალკეული პოლიტიკოსები პროკურატურას სთხოვენ, დაინტერესდეს მუშკეტერებად ცნობილი სამეულის მუშაობით, რადგან არავინ იცის, საქართველოში რატომ შემოდის გაუგებარი ტესტები და რატომ ცდება PCR ტესტი, რაც ზოგჯერ ფატალურად მთავრდება. თქვენ თუ გაქვთ კითხვები კონკრეტული ინფექციონისტების მიმართ?
- ჩვენი საზოგადოება დაღლილია ემოციურად, ეკონომიკურად, ეს ფსიქოლოგიური დრამაა, რადგან ძალიან ბევრს შეეხო ეს პრობლემა, რაც რთულად გადასატანი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ პირველად ვართ ასეთი გამოწვევის წინაშე მთელი საზოგადოება. უახლოეს წარსულში, ჩვენს თაობას, ან კიდევ უფრო ახალგაზრდებს არ ახსოვთ ასეთი პანდემია. ეს არის ვირუსი, რომელიც პირველად მოხვდა ადამიანის სხეულში. ამიტომ სერიოზული გამოწვევაა და გასაკვირი არაა, რომ საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა არაადეკვატური, რიგ შემთხვევაში, გადაჭარბებული იყოს. აქ, ასევე, დიდ როლს თამაშობს მასმედია, სწორი და გაფილტრული ინფორმაციის მიწოდება. პირადად მე ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამ სამი ადამიანის კეთილსინდისიერებაში, სამივეს ვიცნობ, ვიცი მათი უზარმაზარი გამოცდილება, ღვაწლი თითოეულისა თავის დარგში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სამწუხაროდ, ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, ბევრი რამ პროცესის მიხედვით იცვლება, ვხედავთ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ ასეთი განცხადებები ძალიან საფრთხილოა.
თუკი ისევ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობა და ისევ „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, ისრები, ალბათ, ისევ ამ სამი ინფექციონისტისკენ წავა. რა შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული, რომ ერთ დროს დაფასებული ადამიანები სამიზნეები არ გახდნენ და, საერთოდაც, ხანგრძლივი ლოკდაუნები სამომავლოდ რამდენად გამართლებულია?
- ხანგრძლივ „ლოკდაუნს“ რაც შეეხება, სამწუხაროდ, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სხვა ინსტრუმენტი დღევანდელ კაცობრიობას არ გააჩნია. მსგავსი ვირუსული ინფექციის, თუ ნებისმიერი სხვა ინფექციის დროს, ეს უნდა იყოს იზოლაცია, სოციალური დისტანცირება, ყველანაირი დამცავი საშუალების გამოყენება. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის პირბადე და, რა თქმა უნდა, ჰიგიენა, რომელიც ისედაც უნდა დავიცვათ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის იზოლაცია მოხდეს. ცხადია, ამას ვერავინ ვერ აიღებს საკუთარ თავზე, ყველა გამოკეტოს სახლებში, თორემ, თუ ყველა გამოვკეტეთ, კოვიდი მართლაც საერთოდ არ იქნება და არ განვითარდება ეს ვირუსი. თუმცა ამას ვერ აკეთებს ვერც ერთი ხელისუფლება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებენ, რათა ეკონომიკაც არ დაზიანდეს, შენარჩუნდეს ინფიცირების ზღვრულზე დაბალი მაჩვენებელი. ეს მუდმივად რთული ამოცანაა. კორონავირუსის რამდენი ტალღაც არ უნდა მოვიდეს, ამ ხალხის მიმართ თუ იქნა პოლიტიკური ისრები მიმართული, ეს არასწორი იქნება.
ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ, თუკი პოლიტიკურად გააქტიურდებიან ოპონენტები, ისევ გამოაცხადებენ ჩაკეტვას, შეზღუდვებს. კორონაპანდემიისას ხომ არ იგრძნობა პოლიტიკური ხელწერა საქართველოში?
- არ ვიცი, რთული სათქმელია და არ მინდა, დავიჯერო, რომ პანდემია პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული. ყოველგვარი ზედმეტი პანიკის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პანდემია არ არის სათამაშო, ვიმეორებ, გამოცდილება ძალიან მწირია ვირუსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომ პოლიტიკური მიზნებისათვის პანდემიის გამოყენება არასწორია.
კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრისას ცალკეული ინფექციონისტები მკვეთრ შეფასებას არ ერიდებიან და პროგნოზირებენ, რომ, რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში, 6-8 კვირაში კოვიდი შეიძლება ცეცხლივით მოედოს ყველაფერს. ხედავთ ამის წინაპირობას, როდესაც მაინცდამაინც არ იცავენ ჰიგიენის წესებს და ტრანსპორტშიც პირბადის გამოყენების დარღვევებზე საუბრობს კახა კალაძე?
- ნებისმიერი ინფექციის დროს, მით უმეტეს, ასეთი ტიპის ინფექციისას, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით და შეწონილი წვეთების სახით გადადის (ვირუსი შესაძლოა, ცოტა ხანს ჰაერში იყოს შეწონილი), რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება და ეს კონტაქტი იქნება დაუცველი ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, დაინფიცირების რისკი იზრდება. ცეცხლივით მოედება თუ არა ეს ვირუსი ყველაფერს, ასეთ შედარებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მარტივი სქემაა, რაც უფრო მეტი იქნება დისტანცირება, მით უფრო ნაკლებია რისკი.
და არ არის განსხვავება ბრიტანულია შტამი, ბრაზილიური, თუ სამხრეთ აფრიკული?
- რა თქმა უნდა, ხალხმა ერთმანეთისგან უნდა დაიცვას თავი მანამ, სანამ მეტ ინფორმაციას მივიღებთ კოვიდის შესახებ. მით უმეტეს, რომ პირველადაა ადამიანი ამ ვირუსის მასპინძელი.
ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თქვენ თუ ენდობით რუსულ, ან ჩინურ ვაქცინებს?
- მარტო უსაფრთხოების კი არა, ეს არის ჩვენი კეთილდღეობის საკითხი. ამ ვირუსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჯანმრთელობა კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ვაქცინაცია. რუსული იქნება ვაქცინა, ჩინური, თუ, სიტყვაზე, ინდური, მთავარია, ის კრიტერიუმები იყოს დაცული, აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული და აპრობირებული დანარჩენ ქვეყნებში.