ქართველი ადვოკატების დაპატიმრების; საპყრობილეებში შესვლისას, რბილად, რომ ვთქვათ, უხერხული ფორმით ჩხრეკის და მათი უფლებების შელახვის ფაქტებზე, გერმანიის ფედერალური ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებს სარეკომენდაციო წერილებით მიმართავს. ამის შესახებ პრესა.გე–ს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, გერმანელი კოლეგების საქართველოდან გამგზავრების შემდეგ უთხრა.
პრესა.გე სასტუმრო “ამბასადორში“, მრგვალი მაგიდის დაწყებამდე შეხვდა და ესაუბრა გერმანიის ფედერალური ადვოკატთა ასოციაციის დირექტორს, ვოლფგანგ აიშლეს, რომელიც ამავე ორგანიზაციაში საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილებასაც ხელმძღვანელობს. იგი ბერლინში მოღვაწეობს.
ვოფლგანგ აიშლეს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი საფუძველია დამოუკიდებელი, საკუთარ ფეხზე მყარად მდგომი ადვოკატურა და ამიტომ, ყველანაირად ხელს შეუწყობენ, რომ მათ საქართველოში, ადვოკატთა ასოციაციის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავდეთ.
“ძალიან დაინტერესებული ვართ, ადვოკატების მხრიდან თვითმართველობის საკითხებით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახით გვინდა ძლიერი მოკავშირე, ძლიერი პარტნიორი გვყავდეს და აი, ამ მიზნით, ახლა მდგომარეობას ვეცნობით. ჩვენი მიზანია ადვოკატურასთან მიმართებაში თვითმართველობის პრინციპი გავაძლიეროთ, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი სვეტია დამოუკიდებელი, საკუთარ ფეხზე მყარად მდგომი ადვოკატურა და ამიტომ მის გაძლიერებას ხელს ყველანაირად შევუწყობთ“, – გვითხრა ფოლფგანგ აიშლემ.
საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანელი ადვოკატები, სასტუმრო “ამბასადორში“ ორი დღის განმავლობაში – 20–21 ივლისს, ქართველ კოლეგებთან ერთად, მრგვალი მაგიდის გარშემო საუბრობდნენ: ადვოკატთა პროფესიულ განვითარებაზე; გერმანიაში ადვოკატთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაზე; ადვოკატთა ქცევის წესებზე სასამართლოში; კანონზე ადვოკატურის შესახებ ... ღონისძიების ბოლოს, მათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააცნო 2009 წლის ნოემბრიდან დღემდე, ასოციაციაში არსებული ვითარება...
“ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვედი და მარიამ იველაშვილის შესახებ ვისაუბრე. ჩვენს გერმანელ კოლეგებს მოვუყევი, თუ რა საშინელებაზეა ეს ადვოკატი დაკავებული. მათ ძალიან სერიოზული დახმარება აღმიქვეს. მათი აზრით, უნდა მოხდეს ამ საქმის გადახედვა და ის პირები უნდა დაისაჯნონ, ვინც ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში დანაშაული ჩაიდინა. მრგვალ მაგიდას არაერთი ქართველი ადვოკატი ესწრებოდა; მათ შორის იყო გელა ნიკოლაიშვილი. ასევე სტუმრებს წარვუდგინე ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის საგაზეთო მასალა, სათაურით – “ქრონიკამ“ ადვოკატი დაჭერას გადაარჩინა“. ეს იყო საშინელი ფაქტი – ადვოკატი ვალერი ტაბაღუა, თავის დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, რომელმაც დაუწერა, თუ როგორ აწამეს იგი. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადვოკატს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ყველაფერი წაართვეს, 40 წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ და “ქრონიკას“ ჩარევის შედეგად, ეს ადამიანი გადარჩა.
გერმანელ კოლეგებს ასევე ვუამბე ქუთაისში ადვოკატ კობა სოხაძის დაკავების შესახებ, რომელიც თავისი მობილური ტელეფონით იღებდა მოქალაქის დაკავების ფაქტს, რა დროსაც მოქალაქეს პატრული ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა; ეს რომ დაინახეს, ადვოკატს ტელეფონი წაართვეს, სცემეს და 30–დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გერმანიიდან ჩამოსულ სტუმრებს, ასევე მოვუყევი, თუ როგორ ამცირებენ ადვოკატებს, საპყრობილეებში შესვლის წინ, როგორ უფათურებენ ხელებს და როგორ ჩხრეკენ დეტექტორის გარეშე; ამასთან, დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრისას, მაგალითად, მერვე საპყრობილეში, კარი ღიაა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესმით კლიენტსა და ადვოკატს შორის მიმდინარე საუბრის შინაარსი.
როდესაც თქვენ ჩემს გერმანელ კოლეგას ესაუბრეთ, მრგვალი მაგიდა დაწყებული არ იყო და ჩვენი სტუმრები დეტალურად ინფორმირებულები არ იყვნენ, აქ არსებული მდგომარეობის თაობაზე“, – ამბობს ზაზა ხატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ამ ფაქტების მოსმენამ გერმანელი ადვოკატები აღაშფოთა:
“მსგავსი რამ გერმანიაში რომ მოხდეს, ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება... გერმანიაში ადვოკატს საპყრობილეში შესვლისას არ ჩხრეკენ, მაგრამ თუ ამის გაკეთება საჭირო გახდა, ჩხრეკა დეტექტორის საშუალებით ხდება; ადვოკატების ხელით გაჩხრეკვა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ აღარაფერი ვთქვათ, ადვოკატების უკანონო დაკავების შესახებო“. ზაზა ხატიაშვილის თქმით, მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა მრგვალი მაგიდის დასრულებისას, გერმანელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ სარეკომენდაციო წერილებით: “ყველა იმ კონკრეტული ფაქტის შესახებ, რომელზეც მათ ვუამბე, აღმიქვეს სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ვალდებულნი არიან მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ. ასევე თავად მითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში მომწერენ ყველაფერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთად. ჩემი აზრით, ეს უდიდესი დახმარებაა. საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა აკეთებს განაცხადს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს. გერმანელი სტუმრების გამოსვლა იყო დასტური იმისა, რომ ეს არის ბლეფი, რომ ევროოკავშირში თუნდაც ასოცირებულ წევრად, არავინ მიგვიღებს, სანამ გვექნება ასეთი კანონმდებლობა, უსამართლო სასამართლო და ადამიანის უფლებების შელახვის უხეში ფაქტები“.