სუპერსაპრეზიდენტოდან სუპერსაპრემიერო რესპუბლიკამდე

სუპერსაპრეზიდენტოდან სუპერსაპრემიერო რესპუბლიკამდე

უკვე რამდენიმე დღეა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებითაც პრეზიდენტის უფლება-მოსილება მნიშვნელოვნად იზღუდება. კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება-მოსილება ჩამოერთმევა.

მოქმედი საკონსტიტუციო მოდელით, პრეზიდენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა, შემდეგ კი მისთვის სასურველი მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად.

თუკი პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას ნდობას არ უცხადებს, პრეზიდენტი მას კიდევ ორჯერ წარადგენს. თუკი მთავრობის სამჯერ წარდგენის შემდეგ პარლამენტი მას მაინც არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს უფლება აქვს, ახლა უკვე პარლამენტი დაითხოვოს და მისთვის სასურველი მთავრობის შემადგენლობა ერთპიროვნულად დაამტკიცოს.

სწორედ პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება-მოსილება არის ის საკვანძო საკითხი, რომელიც ერთი მხრივ მმართველ კოალიციას აშფოთებს, ხოლო მეორე მხრივ, პრეზიდენტის ხელში სერიოზულ პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს. ამიტომაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში შეტანილიყო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლება-მოსილებებში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდა.

კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით გარკვეული ვადებით არის შეზღუდული. მას არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვის პერიოდში. მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთავაზობს, ეს შეზღუდვები მოიხსნას და პრეზიდენტს პარლამენტის ნებისმიერ დროს დათხოვნის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ, პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის შესაძლებლობა და მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები უკვე ყოფილმა (დათხოვნილმა) მთავრობამ, ანუ მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაატაროს. სწორედ ეს არის წარმოქმნილი საკონსტიტუციო დავის მთელი ქვაკუთხედი - პრეზიდენტის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში ვინ ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა, თუ მის მიერ დათხოვნილი, ანუ მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან უნდა შესულიყო და შესაძლოა, ეს ცვლილებები ვადამდე ამოქმედდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ის მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაში შევიდეს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ საუბარი მიდის იმაზე, ხომ არ შევიდეს ძალაში ის ცვლილებები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2010 წელს მიიღო. თუმცა, ეს ცვლილებები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ შედის ძალაში. უსუფაშვილი განმარტავს, რომ ამ ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ნაწილობრივ და არა სრულად ამოქმედება ბევრი პრობლემის მოგვარებას გახდიდა შესაძლებელს, რომელიც დღის წესრიგში დგას.

„ამასობაში, კოალიცა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა ერთ საკითხს – ჩვენთვის მისაღები იყო, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ვინაიდან ამ საუბრებში გაჩნდა მზაობა, უფრო კომპლექსური, გლობალური პრობლემების მოგვარებისა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა. ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად, თვლიდნენ, რომ  ამ უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მისაღები. შექმნილ რეალობაში კი მათ გამოთქვეს არა თუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ამ ინიციატივით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ მოლაპარაკება ამ მოდელზე მიმდინარეობს, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება მიღწეულია. ამასთანავე, მათი განმარტებით, შეიძლება ამ მოდელში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც 2013 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რომლის ვადამდე ამოქმედებასთან დაკავშირებით უმცირესობა და უმრავლესობა მოლაპარაკებებს მართავენ? ამ მოდელით პრეზიდენტის უფლება-მოსილებები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად მცირდება. პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება, რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმი.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო მმართველობის სამი კლასიკური მოდელი არსებობს. ესენია საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შერეული რესპუბლიკა და საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ის მოდელი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, არც ერთ ამ ფორმაში არ ჯდება.

ირაკლი კობახიძე: „თავის დროზე ეს ცვლილებები კრიტიკულად შევაფასე და ამ ახალ მოდელს საპრემიერო რესპუბლიკა ვუწოდე. ამ ახალი მოდელის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის გარშემო არის კონცენტრირებული, რაც არ არის თავსებადი არც საპარლამენტო, არც შერეულ მმართველობასთან, და ზოგადად არც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, ანუ ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციონალიზმის დოგმებთან არის პრინციპული შეუთავსებლობა. გარდა ამისა, ამ მოდელში ჩადებულია გარკვეული ნორმები, რომლებითაც პრეზიდენტს ეძლევა საშუალება პრემიერ-მინისტრს საქმე გაურთულოს, თუმცა საუაბრია მხოლოდ გართულებაზე. კერძოდ, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას ვერ შეზღუდავს, მაგრამ შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში საქმე გაართულოს, მაგალითად, საგარეო ურთიერთობების სფეროში. პრეზიდენტს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლება-მოსილებები საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის სფეროში, ელჩების დანიშვნის საქმეში და ა.შ. საბოო ჯამში, ეს მოდელი საკმაოდ ეკლექტურია. მისი ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ მთელი ძალაუფლება პრემიერის გარშემო არის კონცენტრირებული, პარლამენტი სუსტია როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიმართაც. გარდა ამისა, ეს სისტემა წმინდა საპარლამენტო მოდელს იმ კუთხითაც არ გვთავაზობს, რომ პრეზიდენტს გარკვეული აღმასრულებელი უფლება-მოსილებები ფრაგმენტული სახით შენარჩუნებული აქვს, რაც ასევე არასასურველია.

ბატონო ირაკლი, დღეს მოქმედი მოდელით პრეზიდენტს ძალიან ფართო უფლებები აქვს. მას შეუძლია მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა და ასევე მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნა. ახალი კონსტიტუციით, რამდენად ფართო უფლებები აქვს ამ მხრივ პრემიერ-მინისტრს?

- აქ აღმასრულებელი ძალაუფლება თითქმის მთლიანად პრემიერ-მინისტრის ხელში არის კონცენტრირებული. პრემიერს შეუძლია მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება, რა კუთხითაც მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს. შესაბამისად, მას საერთოდ აღარ სჭირდება ის ბერკეტები, რაც პრეზიდენტს ამ ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემაში სჭირდებოდა. თუ პრეზიდენტს შეეძლო მთავრობის გადაყენება, რაც მას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სუბიექტების მიმართ აძლიერებდა, ახალი მოდელის მიხედვით პრემიერ-მინისტრი არანაკლებ ძლიერი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ იქნება ძირითადი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება მას ნებისმიერ დროს შეეძლება. ამდენად, ამ კუთხით პრემიერ-მინისტრი არანაკლებ ძლიერია.

ჩვენ თუ ამ ცვლილებების პოლიტიკურ კონტექსტს გავიხსენებთ, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ეს მოდელი არსებული სუპერსაპრეზიდენტო სისტემის სუპერსაპრემიერო მმართველობად გარდაქმნას ისახავდა მიზნად. აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2010 წელს განხორციელდა, პერსონებზე იყო მორგებული. ახლა პოლიტიკური კონტექსტი განსხვავებულია და შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით, რისკებიც ნაკლებია, მაგრამ საერთო რისკი ძალაში რჩება. შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მის ხელში აკუმულირებული ძალაუფლება რაღაც მომენტში ბოროტად გამოიყენოს, ახლო მომავალში თუ არა, შორეულ პერსპექტივაში მაინც.

თქვენ ამბობთ, რომ ახალი სისტემით პრემიერ-მინისტრს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება ექნება. ექნება თუ არა მას უფლება, მთავრობა დაითხოვოს?

- მთავრობის ფორმირებას რაც შეეხება, ეს უფლება-მოსილება პარლამენტის ხელში იქნება, ანუ ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს. როდესაც პარლამენტი აირჩევა, პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მინისტრობის კანდიდატებს. პარლამენტი კი ერთიანად უცხადებს ნდობას მთავრობის შემადგენლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრი თავისუფალი არ არის. მისი მთავრობის შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება ესაჭიროება იმისათვის, რომ უფლება-მოსილების განხორციელებას შეუდგეს. რაც შეეხება მინისტრების განთავისუფლებას, აქ უკვე პრემიერ-მინისტრის უფლება-მოსილებები შეუზღუდავია, ანუ ის არ არის ვალდებული ამ გადაწყვეტილების მიღების დროს პარლამენტს დაეკითხოს. პრემიერს შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი მინისტრი გადააყენოს თანამდებობიდან.

მოქმედი კონსტიტუციით, მინისტრების გარკვეული რაოდენობის გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი მთავრობა წარუდგინოს. ახალი მოდელის მიხედვით, პრემიერსაც აქვს ამგვარი ვალდებულება?

- მოქმედ კონსტიტუციაში ჩადებულია ასეთი დათქმა და საუბარია მინისტრების რაოდენობის ერთ მესამედზე, მაგრამ ახალი კონსტიტუციიდან ეს დათქმა ამოღებულია.

მართალია პრეზიდენტი წარადგენს პრემიერს, ხოლო პრემიერი - მთავრობას, მაგრამ მთავრობისათვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერს უფლება აქვს, რამდენიც უნდა, იმდენი მინისტრი გაანთავისუფლოს თანამდებობიდან, ანუ შეუზღუდავი უფლებები აქვს და მას აღარ ეკისრება ვალდებულება, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელოს?

- დიახ, მინისტრების მიმართ პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება, თუმცა მთავარი პრობლემა ესეც არ არის. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პარლამენტს ძალიან უჭირს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. როდესაც ვენეციის კომისიამ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა, თავის საბოლოო დასკვნაში ასეთი რამ ჩაწერა - „პარლამენტისთვის თითქმის შეუძლებელია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება, შესაბამისად, არ ჩანს სისტემის ქვაკუთხედი, ანუ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა პარლამენტის მიმართ.“

საპარლამენტო მმართველობისთვის, ისევე, როგორც შერეული მმართველობისთვის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი სწორედ ის არის, რომ მთავრობა პარლამენტის წინაშე არის პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს მთავრობის გადაყენება, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მარტივად უნდა შეეძლოს. კონსტიტუციონალიზმის ეს მთავარი პრინციპი ამ ახალი მოდელით დარღვეულია.

რაში გამოიხატება პარლამენტის მიერ მთავრობის დათხოვნის პროცედურის სირთულე?

- პირველ რიგში, ეს გამოიხატება ვადებში, ვადები ძალიან გაწელილია. სხვადასხვა შემთხვევაში დაახლოებით ორიდან ორთვენახევრამდე ესაჭიროება უნდობლობის გამოცხადებას. ამიტომ ძალიან დიდია იმის საშიშროება, რომ ამ პერიოდში პოლიტიკური კრიზისი გაღვივდეს, ანუ კონსტიტუცია პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და სამთავრობო კრიზისის უფრო რთულ პროცესებში გადაზრდას უწყობს ხელს. როდესაც პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებობს წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობის დაძლევა ორთვენახევრის განმავლობაში შეუძლებელია, ძალიან დიდი შანსია, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა სამთავრობო დაწესებულებებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს. უცხოელი ექსპერტები ამ რისკზეც მიანიშნებდნენ, როდესაც ამ ახალ სისტემას აფასებდნენ.

ვადები კი გაწელილიამაგრამ რეალურად პარლამენტს შეუძლია მთავრობის დათხოვნა?

- თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ამის შესაძლებლობა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, როდესაც ეს პროცესები იწელება, ხოლო ძირითადი აღმასრულებელი ბერკეტები მთავრობის ხელში რჩება, მთავრობას უფრო მარტივად შეუძლია თუნდაც პარლამენტის წევრებზე და მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. რაც მეტი დრო გადის, უფრო მცირდება იმის შანსი, რომ პარლამენტში ამ გადაწყვეტილებისთვის საჭირო უმრავლესობა შეგროვდეს. გარდა ამისა, ახალ მოდელში სხვა მექანიზმებიც არის ჩადებული. მაგალითად, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს მთავრობის გადაყენების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას, რაც ასევე არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს. სისტემაში, სადაც მთავრობა პარლამენტის წინაშე არის პასუხისმგებელი, სრულიად ალოგიკურია, რომ პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილება დაბლოკოს. ეს იყო ერთგვარი დამატებითი დამცავი მექანიზმი, რომელიც პრემიერ-მინისტრს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას უნარჩუნებს.

გამოდის, რომ ახალი მოდელის მიხედვით პარლამენტი პრაქტიკულად უუფლებოა.

- დიახ, პარლამენტი ისეთივე სუსტი იქნება, როგორიც არის ის დღეს, ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის პირობებში.

რაც შეეხება პრეზიდენტს, რა უფლება-მოსილებები რჩება მას?

- პრეზიდენტს რჩება გარკვეული უფლება-მოსილებები, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ეს ჩანაწერები არის ძალიან ბუნდოვანი. მაგალითად, 73-ე მუხლში წერია, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულებებს ხელს აწერს მთავრობის თანხმობით. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ამ უფლება-მოსილებას ვერ განახორციელებს, თუმცა 73-ე მუხლში თავის დროზე გაწერილი იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლება-მოსილებები, რომლებსაც მხოლოდ პრეზიდენტი ახორციელებდა. 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს თუ ასე განვმარტავთ, გამოდის, რომ მართალია პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით არის შეზღუდული, მაგრამ მას საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ექსკლუზიური უფლება-მოსილება მაინც რჩება, რაც ამ სისტემის საერთო სულისკვეთების გათვალისწინებით, ერთგვარი ნონსენსია.

გარდა ამისა, პრეზიდენტის უფლება-მოსილებაში რჩება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნა. ამასთანავე, პრეზიდენტს აქვს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის ექსკლუზიური უფლება. გარდა ამისა, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეობის საკითხებზე და შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საჭიროა პრემიერ-მინისტრის მიერ ამ აქტის კონტრასიგნაცია, ანუ თანახელმოწერა. მოკლედ, გარკვეული უფლება-მოსილებები პრეზიდენტს აქვს. ძირითადად ეს ანტიკრიზისული ხასიათის უფლება-მოსილებებია, თუმცა ფრაგმენტულ აღმასრულებელ უფლება-მოსილებებსაც ვხვდებით. როგორც მოგახსენეთ, ეს არის საგარეო ურთიერთობების სფერო და მოქალაქეობის საკითხი.

როდესაც კონსტიტუციაში ეს ცვლილებები შეიტანეს, ოპოზიცია ამ მოდელს აკრიტიკებდა. ახლა როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის (ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც მაშინ ოპოზიციაში იყო) ეს მოდელი მისაღები გახდა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათი პოზიციის ასეთი ცვლილება?

- იმედი მაქვს, რომ მათი პოზიცია ისეთივე კრიტიკური რჩება, როგორიც 2010 წელს იყო, თუმცა აქ შეიძლება საუბარი იყოს ერთგვარ გარდამავალ პერიოდზე. როგორც ვიცით, პარლამენტი გარდამავალი პერიოდისთვის გეგმავდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას იმისათვის, რომ პრეზიდენტს თავისი მთავრობის ფორმირების საშუალება არ მისცემოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გადრამავალი პერიოდისთვის ამ ცვლილების ამოქმედებაზე, ეს ჩემთვის, როგორც კონსტიტუციონალისტ-იურისტისთვის მისაღები იქნებოდა. თუმცა თუ საუბარია, რომ ეს მოდელი საქართველოში ხანგრძლივი ვადით უნდა დამკვიდრდეს და ჩვენ ამ კონსტიტუციით უნდა გავნაგრძოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ასეთი პოზიცია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა.

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა შეფასდეს ობიექტურად და არა კონკრეტული პოლიტიკური ვითარების და პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური რისკები შემცირებულია იმის გათვალისწინებით, რომ აღარ არსებობს სუპერპრეზიდენტის სუპერპრემიერად მოვლინების საფრთხე, მაგრამ ზოგადად ეს რისკები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონსტიტუციაში ჩადებულია და როდის იჩენენ ისინი თავს, არავინ იცის. ხვალ თუ არა, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ამან პრობლემები შექმნას, რადგან პრემიერ-მინისტრის ხელში მეტისმეტად მაღალი ხარისხის ძალაუფლება იქნება კონცენტრირებული.

და ბოლოს, ძალიან საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია, რადგან გამოდის, რომ ის თანხმდება, ვადაზე რამდენიმე თვით ადრე შეიზღუდოს ძალაუფლება. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება მას ამაზე უბიძგოს, ან რის სანაცვლოდ შეიძლება მან საკუთარი უფლებები დათმოს?

- ფაქტობრივად, ამ ცვლილებების ამოქმედებით კონსტიტუციური რეგულაციები უფრო მეტად დაუახლოვდება სტატუს-კვოს. არსებული სტატუს-კვოს თვალსაზრისით, პრეზიდენტი ბევრს არაფერს კარგავს, თუმცა მას ეკარგება მთავრობის ნებისმიერ დროს გადაყენების უფლება, რაც მის ხელში სერიოზული პოლიტიკური ბერკეტი იყო. უცბათ გამიჭირდება ამის გაანალიზება, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ახლა ასე უცებ მახსენდება, არის ის, რომ ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით აირჩევა. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში იყოს ის, რომ შეინარჩუნოს პირდაპირი წესით არჩევები და 2013 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტი სწორედ ამ წესით იყოს არჩეული. შეიძლება ისინი ამ პერსპექტივაზე ფიქრობენ, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რათა ამ ფორმით იყვნენ ხელისუფლებაში წარმოდგენილები. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ კარგად უნდა გადავხედო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ვნახო, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ამ ცვლილებების ახლა ამოქმედებას დასთანხმდეს.