„ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივები აქვს და გაგვიმართლა, რომ ნატო, თურქეთის სახით არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო“

„ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივები აქვს და გაგვიმართლა, რომ ნატო, თურქეთის სახით არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო“

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდგომ, კავკასიის რეგიონში ახალი, ეკონომიკური ინტერესების გადანაწილება დაიწყო. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ომის შემდგომ, კავკასიის რეგიონში თურქეთის ინტერესები გაძლიერდა, რუსეთის მომხრეები კი, რუსული ძალის გავლენაზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, აქ მთავარი სხვა რამეა, სად არის ამ პროცესებში საქართველოს ადგილი, რა პოზიცია იქნება მომგებიანი ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და რას უნდა ველოდოთ ახალი რეალობისგან. ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ნატოში გაწევრიანებაა, რაც ავტომატურად ნიშნავს პრობლემების მოგვარებას.

პაატა ზაქარეიშვილი: თურქეთის ჩართულობით, აზერბაიჯანმა 30-წლიანი კონფლიქტი მოაგვარა. რუსეთი დადგა ამ ფაქტის წინაშე, რის გამოც მოუწია თავისი მოკავშირე სომხეთისგან დისტანცირება. ახალი რეალობაა ის, რომ რუსეთი მართალია რეგიონში რჩება, მაგრამ მოუწია ჩაჩოჩება და თურქეთისთვის პოზიციების დათმობა. ზუსტად ასი წლის უკან, რუსეთმა თავისი წესები დაამყარა კავკასიაში, როცა განახორციელა სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ანექსია, დაიპყრო ტერიტორიები და ზუსტად ასი წლის თავზე ხდება ამისი რევიზია. რეგიონში ბრუნდება თურქეთი. დღეს გვაქვს რეალობა, სადაც რუსეთის გავლენები რჩება, მაგრამ უკვე ეს გავლენები არის შესუსტებული.

ამ პროცესების საფუძველი ხომ არ იყო ეკონომიკური ინტერესები, სადაც რუსეთიც მოგებული რჩება და თურქეთიც, ვხედავთ ირანიც შემოდის პროცესებში, აქ საერთო ინტერესები იკვეთება, რომელსაც უდიდესი სახელმწიფოები ინაწილებენ..

- საქართველოსგან განსხვავებით, ირანი ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესებში საერთოდ გაშეშებულია, მგონი საერთოდ აზრზე არ არის რა ხდება მის გარშემო. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს თურქეთის გაძლიერება არ უხარია. რუსეთი თავის ინტერესებს თურქეთს უზიარებს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არის ერთად, როდესაც თურქეთის ინტერესებს ვახსენებთ, აქვე უნდა ვიგულისხმოთ აზერბაიჯანიც. როდესაც აზერბაიჯანი რუსეთში ხვდება პუტინს, ამ დროს მის ზურგს უკან არის თურქეთი და მისი ინტერესები. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად, რუსეთმა, ასე ვთქვათ, სომხეთი გახსნა, სომხეთს ახლა მოუწევს აზერბაიჯანის გავლით ატაროს ტვირთები. ჩვენი სიბეცე და წინდაუხედაობა სწორედ ამაშია, რომ სომხეთს ჩვენთან მუდმივი პრობლემა ჰქონდა ამ საკითხში, და გვთხოვდნენ გზის გახსნას აფხაზეთის მონაკვეთზე ტვირთების სატარებლად, მაგრამ ამ ფონზე ჩვენ ანგარიშს ვუწევდით აზერბაიჯანს და ამას არ ვაკეთებდით.

მაგრამ, სადაც არის რუსეთი, იქ სომხეთის მსგავსი პატარა ქვეყნის ინტერესი ძალიან უმნიშვნელოა, საქმე გვაქვს რეგიონში პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გადანაწილებასთან და, ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ სომხეთის ინტერესებზე კი არა, რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გაძლიერებასა და მოგებებზე უფრო მართებული იქნებოდა აქცენტების გაკეთება?

- ვფიქრობ, რუსეთი უფრო წაგებულია ვიდრე მოგებული. აქამდე რუსეთი მართავდა მთლიანად პროცესებს. ეკონომიკური მიმართულებით, ახალი ჯერჯერობით არაფერი არ დაწყებულა, მხოლოდ ლაპარაკის დონეზეა და ალბათ, დაიწყება, მაგრამ ეკონომიკურად თუ ვინმეა მოგებული, ეს არის აზერბაიჯანი და თურქეთი. თუ სომხეთზე გაიხსნა სარკინიგზო გზა, უკვე ტვირთები, რომელიც ბაქოდან მოდიოდა ფოთში, ყველა ეს ტვირთები უკვე წავა ხმელთაშუა ზღვისკენ თურქეთის პორტებში. ამიტომ, რკინიგზა, რომელიც სამ-ოთხ წელიწადში აღდგება, ბაქოდან წამოიღებს ტვირთებს, გაივლის სამხრეთ აზერბაიჯანს, გადაკვეთს სომხეთის 40 კილომეტრიან ტერიტორიას, გავა ნახჩევანში და იქიდან გადავა თურქეთის ტერიტორიაზე. მთელი ის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ევლო, თურქეთის პორტებში გადაინაცვლებს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, თუ ვინმე იგებს, იგებს თურქეთი. ვინაიდან რუსეთს არაფერი არ რჩებოდა, ამაზე უნდა ეთქვა თანხმობა და პირობა დააყენა, რომ სომხეთიც გავხსნათ, არა საქართველოს მიმართულებით, რომელიც 900 კილომეტრით არის მოკლე, არამედ სომხეთი გავხსნათ აზერბაიჯანის ტერიტორიის გაგრძელებაზე და სომხებმა თავიანთი ტვირთები უნდა ატარონ თავიანთი მტრის ტერიტორიის გავლითო. რუსეთმა ამით სომხეთს გული მოუგო, რომ მათთვის რაღაცა მაინც გააკეთა, აქ კი, რუსეთის მოგება საერთოდ არაფერი არ არის. შეიძლება რუსეთმა ტვირთების ტარება დაიწყოს თურქეთის მიმართულებით, მაგრამ მას ზღვა აქვს, ოკუპირებული ყირიმიდან შეუძლია ბევრად მოკლე გზით ატაროს თურქეთში. ანუ, რუსეთისთვის პრობლემა არ ყოფილა თურქეთში ტვირთების ტარება. კი ბატონო, შეიძლება ეს ტვირთები რკინიგზაზე გადაანაწილოს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა რუსეთისთვის ამას არ აქვს. სამაგიეროდ, ეს თურქეთისთვის არის მნიშვნელოვანი, მთელი ჩინეთის, ცენტრალური აზიის ტვირთები გაივლის არა შავ ზღვას, არამედ გაივლის თურქეთის ტერიტორიას. ამ სეგმენტიდან ქართული პორტები საერთოდ ამოვარდება და დაიტვირთება თურქული პორტები, რაც თურქეთის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსეთმა უფრო მოიგო. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ფენომენიც - რუსეთს კავკასიის ტერიტორიაზე ყავს ორი მოწინააღმდეგე ძალა, ერთია საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ყველანაირი პოლიტიკური, იურიდიული უფლება აქვს, რომ დაუპირისპირდეს. აზერბაიჯანი ჩუმადაა, მაგრამ აშკარად უკმაყოფილოა, რომ შესაძლოა, რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდეს, მაგრამ ეს დროებითია და იმედი აქვს, რომ ხუთ წელიწადში ხელახლა დაუბრუნდება ამ საკითხს და რაც მთავარია, თურქეთი შემოვიდა, რაც რუსეთს არანაირად არ უნდა აწყობდეს რეგიონში. თურქეთი ჩვენთვის არის ინსტიტუციონალური პარტნიორი, ის ნატოს წევრი სახელმწიფოა. თუ აზერბაიჯანისათვის თურქეთი არის კულტურული, მენტალური და ცივილიზაციური პარტნიორი, ენა, რელიგია, კულტურის თანხვედრა აქვთ, თურქეთს საქართველოსთან ინსტიტუციონალური ბმა აქვს ნატოს საშუალებით. ამით რეგიონში ძლიერდება ნატო და სუსტდება რუსეთის გავლენები. რუსეთი მხოლოდ ჯარით რჩება და თურქეთი საქართველოში ცივილიზაციით შემოდის.

იქნებ თურქული ცივილიზაცია აგვიხსნათ რა არის? ამ ეტაპზე თურქულ ცივილიზაციას ვხედავთ მთელი ქვეყნის ტერიტორიზე უპრეცედენტოდ მომრავლებული მეჩეთების სახით, თურქული ბარ-რესტორნებით, სამომავლოდ თურქული ჰესებით და ასე შემდეგ, გვჭირდება ასეთი ცივილიზაცია ჩვენ?

- კი, მეჩეთებზე გეთანხმებით, მაგრამ, ჰესები არის ბიზნესი. ჩვენთან რუსეთი ცივილიზაციით შემოვიდა 1801 წელს. რელიგიით და რუსული ენით შემოვიდა და ამის გამო განვითარდა საქართველოში ეროვნული მოძრაობა. მაშინ ისე გაძლიერდა რუსული ენა, რომ უკვე ქართული ენის დაცვა გახდა საჭირო. თურქეთი საქართველოში ვერ შემოვა ვერც ენით და ვერც რელიგიით, რადგანაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი. ანუ, ის ცივილიზაციურად შევა მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანში. სამაგიეროდ, საქართველოსთან შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუციონალური ბმა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნატო. ეკონომიკურად ჩინეთი უფრო შეიძლება საქართველოში შემოვიდეს, ვიდრე თურქეთი, ვისაც მეტი ფული ექნება ის შემოვა. ეკონომიკას არ სჭირდება არანაირი ცივილიზაციური ბარიერები. უბრალოდ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი სახელმწიფო უკეთეს ბიზნეს-პარტნიორობას შემოგვთავაზებს. თურქეთი უფრო ახლოსაა. თუკი თურქეთი უფრო მეტს დახარჯავს, რა არის ამაში ცუდი?

სამწუხაროდ, სადაც მეტად გამოიკვეთება და იქნება თანხვედრა ხელისუფლების ინტერესებთან, ის ქვეყანა შემოდის ცალკეული ბიზნესებით, ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც, როგორც წესი, ნაკლებად ხდება ქვეყნის ინტერესების განსაზღვრა და გათვალისწინება. ქვეყნის განვითარების პერსპექტივები ყოველთვის ცალკეული პიროვნებების ბიზნეს-ინტერსებზე და მოგებაზეა მიბმული და ამის შედეგებს ნათლად ვხედავთ.

- ამიტომ, ხელისუფლება კი არა, ხალხი უნდა მართავდეს სიტუაციას. მანამ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ცალკეული პიროვნებები საზღვრავენ რომელი ბიზნესები აწარმოონ. გეთანხმებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში არსებობდეს რაღაც კლანები თავისი ბიზნეს-ინტერესებით, კანონის დარღვევით ვიღაცას მიანიჭონ უპირატესობა, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ურთიერთობებზე. ანუ, უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ის, ვინც იქნება ქვეყნის ინტერსებში, იყოს გამჭვირვალე ტენდერები, გაიმარჯვებს ჩინური კომპანია? გაიმარჯვებს თურქული კომპანია? - შემოვიდნენ. ნურავის ეწყინება და, აქ ნუ ელოდებიან ფრანგულ და გერმანულ კომპანიებს. ჩვენთან შემოვა რუსული, ჩინური ან თურქული კომპანიები, ესაა რეალობა, ესაა ჩვენი სამეზობლო, ჩვენ არ ვართ შვეიცარიის ადგილზე, სადაც შენი მეზობლები არიან გერმანია და საფრანგეთი, ავსტრია და იტალია. ჩვენ ვართ საქართველო, ეს არის ჩვენი რეალობა, სადაც საქართველოს თავისი უპირატესობები გააჩნია და რასაც არ იყენებს. საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ერთმანეთთან მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, მათ შორის არის დაპირისპირება და ჩვენ სამივესთან კარგად ვართ. ჩვენ შეიძლება შუამავალი ვყოფილიყავით ერთი მხრივ სომხეთსა და მეორე მხრივ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. შეგვეძლო მაგალითად, დაგვეწყო ლაპარაკი რკინიგზის გახსნაზე რუსეთის მიმართულებით სომხეთისთვის. რატომ უნდა ატარო ტვირთი აზერბაიჯანზე, როცა შეგიძლია ატარო საქართველოზე?! მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ჩვენ ხელიდან ვუშვებთ უნიკალურ შანსებს, რომ რაღაცა ფორმით დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი შევუქმნათ სახელმწიფოს.

ანუ, იკვეთება შემდეგი სურათი, რომ რეგიონში მივიღეთ რუსული გავლენების მაგივრად თურქული გავლენების გაძლიერება და როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე, სად ხედავთ ახალ რეალობაში საქართველოს ადგილს?

- საქართველოს ადგილს ვხედავ ნატოში გაწევრიანებაში, ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება. მე ვერ ვხედავ თურქეთში იმ საფრთხეებს, რასაც ზოგიერთები ხედავენ. თურქეთი არის ჩვენი მეზობელი გავლენიანი სახელმწიფო, თურქეთი არის ნატოს არა რიგითი, არამედ წამყვანი სახელმწიფო და ჩვენ თურქეთს უნდა ველაპარაკებოდეთ ბრიუსელში და მასში ჩვენ უნდა ვხედავდეთ ჩვენს მოკავშირეს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. თუ ჩვენ მოვახერხეთ და ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკიდან საქმეზე გადავედით, ამით უკვე მოხდება თურქეთთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივები აქვს და გაგვიმართლა, რომ ნატო, თურქეთის სახით არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. ევროკავშირი ძალიან შორსაა და ნატო კი ახლოსაა. რაც უფრო ჩქარა გავწევრიანდებით ნატოში, მით უფრო რეალური გახდება ევროკავშირში გაწევრიანება.

უკვე ცოტა სასაცილოცაა ამ თემაზე მუდმივი აპელირება, არ გვიღებენ ნატოში და რა გავაკეთოთ?

- უკაცრავად, როცა გახარია პირველად ჩავიდა თურქეთში როგორც პრემიერი, თბილიში დაბრუნების შემდეგ წარმოდგენილ ანგარიშში ვნახეთ, რომ იქ, ყველაფერზე ილაპარაკა რკინიგზაზე, გაზსადენზე, ეკონომიკაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია ნატოზე. არ გვიღებენ - მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, რომ მიგვიღონ. როდესაც თინა ხიდაშელი იყო თავდაცვის მინისტრი, ზოგჯერ, მომაბეზრებელიც კი იყო იმდენს დადიოდა უცხოეთში, სულ დადიოდა ნატოს წევს ქვეყნებში, მუდმივად ხვდებოდა იქ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

ვერ დავუკარგავ და, ხიდაშელი იმდენს ნამდვილად ვერ ივლიდა, რასაც სააკაშვილი დადიოდა და რატომ ვერ მიაღწია ნატოში გაწევრიანებას?

- სააკაშვილმა ბევრი რამე მოახერხა. ნატოში გაწევრიანება დაიწყო შევარდნაძის პერიოდიდან, 2002 წელს პრაღაში შეიტანა განაცხადი. ანუ, ყველა ხელისუფალი თავისას აკეთებდა. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა, მან მიაღწია იმას, რომ 2008 წლის მარტში დღის წესრიგში შევიდა ნატოში გაწევრიანება, მერე მიქარა და ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავინახოთ კარგიც და ცუდიც. კარგია ის, რომ მან მოახერხა და დღის წესრიგში მოაქცია საქართველოს საკითხი და ცუდია ის, რომ მან ხელი არ შეუშალა რუსეთის აგრესიას, რამაც უკან დაგვხია ნატოს მიმართულებით. თუ დღეს ნატოში პროგრესი არ გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ მოახერხა თავიდან აეცილებინა რუსული აგრესია. თუმცა, ამისი რესურსი და შანსები გააჩნდა. არ ეგონა, რომ რუსეთი ასეთი აგრესიული იყო. რაც სააკაშვილმა არ გააკეთა, ახლა ჩვენ გავაკეთოთ, სულ წარსულზე არ შეიძლება ლაპარაკი, მომავალზეც უნდა ვილაპარაკოთ. მუშაობაა ამისათვის საჭირო, რაც სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.

 

Aburjga Tasmanieli რატომ უნდა შევიდეთ ნატოში, რატომ?! რამდენი ასე საქართველოს არმიაში სამსახურს მოწყურებული საქრთველოს მოქალაქე ტრანსექსუალი გვყავს?? ვინ ხართ, რა ხართ, რას შემოგვიჩნდით, ყველა ლგბტ თემის წევრი როგორ ხართ?! ეს პიტალო ... ხომ უნდა გააპო შუაზე?!
3 წლის უკან
Katana . ?
ევროპელი პოლიტოლოგები აღშფოთებას გამოთქვამენ: ყარაბახის ომის დროს ევროკავშირი, სომხეთ-აზერბაიჯანის ნაცვლად, ნავალნის ჯანმრთელობით იყო დაკავებულიო... რუსეთმა კი ზუსტად საჭირო მომენტში შეაჩერა ეს ომი და საკუთარი სამხედრო ბაზაც ჩასვა აზერბაიჯანშიო!..
ახლა მას თავისი ბაზები აქვს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და აკონტროლებს მთელ კავკასიის რეგიონს, სადაც ნატო ცხვირს ვეღარ შეყოფსო!..
ზაქარეიშვილს კი უხარია, - რა კარგია, თურქეთი ბრუნდება ამიერკავკასიაშიო! :)))
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 11.02.21
ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მერე ჩამოეთრევიან ეს ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი და ამ რაღაც სულელური, რეალური ძალის არ მქონე აქტის სანაცვლოდ ვინ იცის რას მოგვთხოვენ?! არ უქნიათ ასეთი რამ და ეს პირველი იქნება? ჩემი აზრით ამერიკაში გაბატონებული იდეურიპლატფორმის მიხედვით მოგვთხოვენ კვოტებს პარლამენტში სექსუალური უმცირსობებისათვის, საქართველოს ჯარში კვოტებს ტრანსექსუალებისათვის, ინცესტის დაკანონებას და ა.შ. არ გჯერავთ? ცოტა მოიცადეთ, ყველაფერი აგვიხდება! ამას ისევე უმტკინვეულოდ გაატარებს დეგრადირებული ერი როგორც გაატარა პასპორტიდან ეროვნები და მამის სახელის ამოღება, თახსირი აკინის თახსირი ფილმი და სხვა მსგავსი უმსგავსობანი!
3 წლის უკან