პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებების გარკვეულ შტრიხებზე ისაუბრებს

პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებების გარკვეულ შტრიხებზე ისაუბრებს

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ამოქმედებაც 2013 წლიდან ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან არის განსაზღვრული, შესაძლოა, ვადამდე ამოქმედდეს. ანუ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, კონსტიტუციური უფლებები შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე შეუმცირდეს.

ეს საკითხი მმართველ გუნდსა და  „ნაციონალურ მოძრაობას“  შორის განიხილება და თუ მხარეებს შორის 11 თებერვალს დაწყებული მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, მომავალი კვირის, ორშაბათის, ან სამშაბათის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც, ინიციატივის განხილვის პროცედურები დაიწყება.

ფაქტია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მარწუხებში თავისივე ნებით ექცევა, მაგრამ თუ რის სანაცვლოდ, ამასთან დაკავშირებით ზედაპირული და ბუნდოვანი განცხადებები კეთდება. მმართველი გუნდი კი, მხოლოდ იმას აცხადებს, რომ საკითხთან მიმართებაში, რამდენიმე დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს, რომელზეც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ, „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე, თავად პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბროს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, ხოლო პრემიერის უფლებამოსილება იზრდება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები.

„ამ წინადადებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ვთავაზობდით, მაგრამ იმ პერიოდისთვის ისინი მზად არ იყვნენ და ეს იდეა, მათთვის მისაღები არ იყო. შექმნილ რეალობაში კი, მათ არა თუ მზადყოფნა გამოთქვეს, არამედ ამ ინიციატივით თავად გამოვიდნენ  და საუბრები მიმდინარეობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდეს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად მცირდება, პრემიერის უფლებამოსილება იზრდება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები“, - აცხადებს უსუფაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა, ვადაზე ადრე ამოქმედდეს, შერეული მმართველობის კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციურ მოდელზე და  სწორედ ამ ცვლილებებით გადადის მთლიანად პარლამენტის ხელში მთავრობის ფორმირების საკითხი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს, გარკვეულ ნაწილზე კი, აჩქარება არ ღირს.

„საუბარია, კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. საუბარია რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც  მთავრობას აწუხებს, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად  დღესვე ავამოქმედოთ. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში შესვლა მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა. ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების დასამშვიდებლად. მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში, საზოგადოების სტაბილურობისა და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, - აცხადებს ბაქრაძე.

რაც შეეხება იმ საკითხს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას - კონკრეტულად თუ რის სანაცვლოდ თანხმდება, ეს ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ამ მოდელში ის მუხლები დევს, რაც მთავრობას შიშებს უქმნის, რომ მათ თითქოს, ვიღაცა სახლში გაშვებას უპირებს.

„ამავე დროს, ჩვენი დეპუტატების უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცული იქნება. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, ჩვენი დეპუტატების მიმართ დევნასა და ზეწოლას აზრი დაეკარგება. ამასთან, საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდის წესი უნდა ამოქმედდეს, რომელსაც მომავალში, ვერანაირი ზეწოლით ვერ შეაგროვებენ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ არის არაფრის სანაცვლოდ? ერთი მხრივ, რასაც ითხოვდნენ და რაზეც წინააღმდეგი არ ვიყავით, რომ პრეზიდენტს მთავრობის დათხოვის უფლება შეეზღუდოს, მივყვებით და ჩვენ  ქვორუმის გაზრდა გვინდა და ეს არის ძირითადი მოტივი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე - რის სანაცვლოდ თმობს პრეზიდენტი უფლებებს, პასუხის გაცემა უმცირესობის მსგავსად, უმრავლესობასაც უჭირს.

როგორც for.ge-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია, გარდა იმისა, რომ მისი საქციელი ზოგჯერ ძალიან ექსტრავაგანტული და მოუთოკავიცაა, მას აქვს უნარი დაფიქირდეს და იმის მიხედვით იმოქმედოს, რაც საჭიროა.

„ეს კონკრეტული შემთხვევაა, როცა ის ფიქრობს და მას სხვებიც რჩევებს აძლევენ, განსაკუთრებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის მიღწევები უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მას ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს. სააკაშვილს მთავრობის დანიშვნის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მას ეს უფლება აქვს მიტაცებული, რომელიც არცერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს მიტაცებული და ამას რომ თმობს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ 8 თებერვლის შემდეგ, ყველამ სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოს - ერთი მხრივ, ძალადობას არ აქვს გამართლება და ეს უნდა იყოს დაგმობილი, მაგრამ მეორე მხრივ, სააკაშვილმა დაინახა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ჩვენს მიერ კი არ არის ორგანიზებული, არამედ იმას სიყვარულით არავინ უყურებს, რომ მან აპრილში აურიოს და კრიზისი გამოიწვიოს“, - აცხადებს კანონმდებელი და კატეკორიულად უარყოფს for.ge-ს კითხვის პათოსს - „შეთანხმების სანაცვლოდ, ხომ არ შეწყდება სამართლებლივი პროცედურები წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ?“.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკების საგანი ეს არ არის, რადგან თუ ასეთი მოთხოვნა იყო, ეს  საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან, საქმეების შეჩერების უფლება არავის აქვს“, - დასძენს ბერძენიშვილი.

საკითხზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი აქცენტს კონსულტაციების შედეგზე აკეთებს და ამბობს, რომ მან მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის წარმოებული მოლაპარაკებების ნიუანსების შესახებ არ იცის, თუმცა,  შესაძლოა, გარკვეულ შტრიხებზე, ხვალ, პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბროს.

„კონსულტაციებმა ხელშესახები შედეგი მოიტანა და მოლაპარაკება ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე მნიშვნელოვანი შტრიხია დარჩენილი, რომლის შესახებაც მე ვერ გეტყვით, მაგრამ ხვალ, „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა გაიმართება, სადაც პრემიერის, ბიძინა ივანიშავილის გამოსვლა იგეგმება და არ გამოვრიცხავ, რომ იქ იყოს გარკვეულ შტრიხებზე საუბარი - რას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი, პრაქტიკულ სიბრტყეში უნდა გადავიტანოთ და საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებული იქნება ბიუროზე, რომელიც ორშაბათს, ან სამშაბათს გაიმართება. ის ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, შესაძლოა, მარტში, ან აპრილში ამოქმედდეს. ამ მოდელის შიგნით რამდენიმე დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს და საბოლოო ვარიანტი სამ-ოთხ დღეში იქნება ცნობილი“, - განუცხადა for.ge-ს კანონმდებელმა.

ქვეყნის პრემიერი პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებს განასაჯაროებს თუ არა, ეს ხვალ გამოჩნდება, მაგრამ ვინაიდან, პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩების კანდიდატების სანაცვლოდ, მთავრობას დაცვის ერთი ქვედანაყოფის საკუთარ დაქვემდებარებაში დატოვება მოსთხოვა, ეჭვებს ის გარემოება ბადებს, რომ სააკაშვილს უფლებების დათმობა არაფრის სანაცვლოდ სურდეს.

 რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი მიზნებიც, 2013 წლის ოქტომბრისთვის ასამოქმედებელი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ხოლო თუ ის ძალაში დაგეგმილზე ადრე შევა, ამოქმედდება ნორმა, რომლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ჩაითვლება და პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე მოვალეობის შესრულებას ძველს დააკისრებს.

თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. პრეზიდენტი კი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინოს.

ამასთან, იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს განახორციელებს. ასევე, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშნვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირებულია, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში.

პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება, რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმი. პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება.

გარდა ამისა, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა პრეზიდენტის უფლებამოსილებას აღარ განეკუთვნება. მას პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება აღარ ექნება, ასევე აღარ შეეძლება დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებსა და ვერ შესძლებს მთავრობის აქტის გაუქმებას.

ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.

ამას გარდა, სწორედ 2013 წლის ოქტომრიდან ასამოქმედებელი საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების გახორციელების პროცედურის გართულებასა და კვორუმის სამ-მეოთხედამდე გაზრდას. მისი ამოქმედების ვადის გადმოწევის შემთხვევაში, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, სამი თვის ინტერვალით, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი-მეოთხედი მხარს დაუჭერს.