ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიანმარში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირებს პერსონალურ სანქციებს უწესებს.
„მე კვლავ მოვუწოდებ მიანმარელ სამხედროებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დემოკრატიული ლიდერები და აქტივისტები. სამხედროებმა უარი უნდა თქვან მიტაცებულ ძალაუფლებაზე და მსოფლიოს მიანმარელი ხალხისადმი პატივისცემა აჩვენონ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მიანმარში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე გენერლებს აშშ-ში განთავსებულ მიანმარის მთავრობის მილიარდ დოლარზე წვდომა შეეზღუდებათ.
„იმ პირთა პირველ წრეს, რომლებსაც სანქციები შეეხება, მიმდინარე კვირას განვსაზღვრავთ. ასევე დავაწესებთ მკაცრ საექსპორტო კონტროლს. გავყინავთ აქტივებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს მიანმარის მთავრობისთვის. ამასთანავე, განვაგრძობთ ჯანდაცვის სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა სფეროების მხარდაჭერას, რომელიც უშუალოდ ხალხს ეხება. მზად ვართ, დამატებითი ზომები მივიღოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.