აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის დევნასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილ საკითხზე.
„აშშ-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებიც ძალიან შეშფოთებულენი არიან იმის გამო, რაც ნავალნისა და იმათ გარშემო ხდება, ვინც საკუთარი უფლებების დასაცავად გამოდის რუსეთში. ქიმიური იარაღის გამოყენებით ნავალნის მკვლელობის მცდელობა ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას არღვევს. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და როდესაც გვექნება შედეგები, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.