აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. იმპიჩმენტის პროცესი პროცედურის ფორმატის დადგენით დაიწყო. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 89 სენატორმა დაჯუჭირა, ხოლო 11 - წინააღმდეგ წავიდა.
ახლა სენატორები იმის განხილვას დაიწყებენ, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აღნიშნული განხილვა 4 საათს გასტანს, რის შემდეგაც სენატში კენჭისყრა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა სენატს უფლება, განიხილოს იმ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება, რომელმაც თანამდებობა უკვე დატოვა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ფარგლებში გაასამართლოს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი უკვე კერძო პირია.