ჩინოვნიკისა და დევნილის განსხვავებული დარდები ქვემო ქართლში

ჩინოვნიკისა და დევნილის განსხვავებული დარდები ქვემო ქართლში

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდის დასახლებაში შიდა ქართლიდან დევნილი 460 ოჯახი ცხოვრობს. ახლა მათი თავშესაფარი, თავის დროზე სამხედროებისთვის აშენებული ათი კორპუსია. კორპუსები სხვადასხვა ფერებშია შეღებილი. დასახლებას ერთი მედანი და რამდენიმე მცირე ჯიხურის ოდენა მაღაზია აქვს. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიას “ლიახვი” ქვია. მისი მეპატრონე, ტატიანა ბაბუჩიძე, ლიახვის ხეობის სოფელი აჩაბეთინაა. თავის სოფელზე გვიყვება. 

“ომამდე, ჩვენ სოფელში დიდი მშენებლობა მიდიოდა. გაგვიკეთეს გზები, სკვერები, კლუბი და მოედანი. გვეგონა, რადგან აშენებდნენ, საფრთხე აღარ გვემუქრებოდა. როგორც კი აჩაბეთის დაბომბვა დაიწო სოფელი დავტოვეთ” – საუბრობს ტატიანა ბაბუჩიძე და ამბობს, რომ ახალ წელს თავის მეზობლებთან ერთად შეხვდება. წელს საახალწლო სუფრაზე აჩაბეთში, საკუთარი სახლში, მოყვანილი მოსავალი არ ექნება, თუმცა სუფრას მთავრობის გამოგზავნილი პროდუქტით შეავსებს. ჯერ-ჯერობით არ იცის მის ოჯახს, რას გამოუგზავნიან, მაგრამ კოდაში იციან, რომ საახალწლოდ “ყურადღებას მიაქცევენ”. 

ახალი დევნილები მთავრობაზე ცუდს არაფერს ამბობენ, თუმცა ერთი გარემოება უკვირთ… შიდა ქართლიდან დევნილებს მთავრობამ ნახევარ–ნახევარი ჰექტარი მიწა მისცა. 

“პრობლემა ისაა, რომ ეს მიწები ჩვენგან შორსაა. იქამდე მისასვლელად ტრანსპორტი გვჭირდება. ტრანსპორტის ფული რომც არ გადავიხადოთ, მაგ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, რადგან სარწყავი წყალი არ არის. მორწყვის გარეშე კი, აბა რა მოსავალი იხეირებს?! შესაბამისად – არ გვაქვს არანაირი სამუშაო. წყალთან დაკავშირებით კორპუსებში საქმე გამოსწორდა. წინათ კვირაში სამჯერ მოდიოდა, ახლა ყოველ დღე გვაქვს. 24-საათი არ არის, მაგრამ საათები ვიცით, როდის უშვებენ - დაახლოებით დღეში 4-ჯერ და, შეგროვებას ვახერხებთ. ამ მხრივ ნამდვილად გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა” – გვეუბნება სოფელ ქემერტიდან დევნილი ზურაბ კასრაძე. გვეუბნება, რომ დიდი უბედურების მიუხედავად გულგატეხილი არ არის და სახლში დაბრუნების იმედი აქვს. 

“ახალ წელს კარგად უნდა შევხვდეთ. თოფი რომ გვქონდეს, გავისვრით კიდეც. სუფრას რაც შეეხება, რაც გვექნება იმას მივირთმევთ. ქემერტში, რომ ვყოფილიყავი გოჭს დავკლავდი, მაგრამ რას ვიზამთ…” – ამბობს ზურაბ კასრაძე.

ფერადი კორპუსების წინ შუახნის მამაკაცები კარტს და ნარდს თამაშობენ. “დროს კლავენ” – როგორც თვითონ გვითხრეს. საუბრის მთავრი თემა საკუთარი სოფლები და იქიდან გამოყოლილი მოგონებებია. 

ომამდელი მოგონებებიც, როგორც მივხვდით, მათთვის მხოლოდ დადებით ემოციებთან არაა კავშირში. “სამაჩაბლოს პირველი ომის შემდეგ, ჩვენს სოფელში სამოცამდე ადამიანი დაიღუპა. ე.წ რუსი მშვიდობისმყოფელები დაგვიბომბავდნენ სოფელს და მერე ამბობდნენ, შემთხვევით გავისროლეთო. ამ განცხადების შემდეგ 3-4 დღეში, ისევ იგივეს აკეთებდნენ. სხვა სოფლებში არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მშვიდად უკვე დიდი ხანია არ გვიცხოვრია” – იხსენებს ზურაბ კასრაძე.  

შიდა ქართლიდან დევნილები, ან, როგორც მათ უწოდებენ – ახალი დევნილები - ახალ წელს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების დარიგებული პროდუქტებით ხვდებიან. მათი მთავრი დარდი ერთფეროვანი სუფრა არ არის. არც ის, რომ მათი შვილები დღესასწაულს ისე ვეღარ ხვდებიან, როგორც ეს ლიახვის ხეობის სოფლებში ხდებოდა. პრობლემა უფრო დიდია და რთული. დევნილის სტატუსი, რომელიც მათ რუსეთ-საქართველოს ომმა მიანიჭათ, ახალ გარემოში საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს. 

დღეს, ქვემო ქართლში თავისშენახვა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა. ომგამოვლილი და სტრესის მქოდე ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ დამკვიდრებას და ნულიდან ცხოვრებას – ეს ახალი, უცებ თავს დამტყდარი ომია. 

სამაცაბლოდან დევნილი ადამიანებისგან განსხვავებული პრობლემები აწუხებს რუსთავის მერის თბილისიდან მოვლენილ მოადგილეს. 

ხშირად რეგიონებში მაღალ თანამდებობებზე ადგილობრივებისთვის უცნობი თბილისელი კადრები ინიშნებიან. ეს, თავისთავად, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე “დასმული” კადრები მოლოდინებს ვერ ამართლებენ. ამ შემთხვევაში საუბარი რუსთავის მერის მოადგილეზე - შორენა გარდაფხაძეზე გვაქვს. 

რუსთავის საკრებულოს ხელმღვანელთან ინტერვიუზე მისულს, ერთი შეხედვით მეგობრული და უწყინარი საუბარი კონფლიქტში გადაგვეზარდა. პრობლემა კაბინეტში მყოფი მერის მოადგილე - შორენა გარდაფხაძე იყო. ქალბატონ შორენას კონფლიქტი აქვს ადგილობრივ გაზეთ “რუსთავის ამბებთან”. მოკლედ, ამ ქალბატონს ან მისამართი შეეშალა, ან აღნიშნული კონფლიქტის გამო აგრესია სხვა ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდა.  

“თქვენ გვიწერთ ტყუილებს და ნერვებს მიშლით! დიახ, “რუსთავის ამბების” ჟურნალისტები ნერვებს მიშლით” ჩვენ გაკეთებულ საქმეს წყალში გვიყრით – გვითხრა გარდაფხაძემ. 

საკრებულოს ხელმღვანელი გარკვევით აუხსნა, რომ ჩვენ სხვა მედიასაშუალებიდან ვართ. ჩვენც ვუთხარით, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს აღნიშნულ გაზეთთან, მაგრამ მერის მოადგილე მაინც არ ცხრებოდა.  

“გარდაფხაძეს ჩვენს მიმართ პირველი აგრესია მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საკრებულოს იმ სხდომიდან მოვამზადეთ რეპორტაჟი, რომელზეც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახების ერთჯერად დახმარებაზე იყო საუბარი. აღნიშნულ სხდომაზე ალასანიას პარტიის წამომადგენელი ითხოვდა, რომ 50 ლარის ნაცვლად ასი ლარი გადაეცათ სამი ოჯახისთვის, რომლებმაც ოჯახის წევრი 2004 წელს შიდა ქართლში, საბრძოლო ოპერაციისას დაკარგეს. მისი თხოვნა საკრებულომ არ გაითვალისწინა. ჩვენ ეს თემა სტატიის დასაწყისში გავიტანეთ და შორენა გარდაფხაძეც სწორედ, ამან გააღიზიანა. პირად საუბარში “მატყუარა გაზეთის ჟურნალისტები” გვიწოდა. 

ასევე, არ მოეწონა და შენიშნვა თავისი ტრადიციული ირონიული ფორმით მოგვცა სხვა მასალასთან დაკავშირებითაც. ამჯერად, გააღიზიანა ჩვენმა სტატიამ, მუნიციპალური თეატრის ხელმღვანელის ცვლილებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად, სხვა თემაზე კომენტარისთვს მისულს, აღნიშნულ სტატიის შესახებ დამიწყო ცინიკური საუბარი. მასალაში ჩვენმა ჟურნალისტმა მისი კომენტარი სხვა მედიასაშუალებიდან ამოიღო და წყარო მიუთითა. ქალბატონი გარდაფხაძე აპროტესტებდა, თვალით არ მინახიხართ და ეს რატომ დამიწერეთო. ის გარემეობა, რომ მასალაში ინფორმაციის წყარო მითითებული იყო, მას არ აკმაყოფილებდა“ – საუბრობს ადგილობრივი გაზეთის, “რუსთავის ამბების” ჟურნალისტი ეკა კუდარავა. 

შორენა გარდაფხაძესთან საჯარო მოხელეთა თმენის ვალდებულობაზე საუბრის დაწყების ჩვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მან ჩვენი ბოლომდე მოსმენა არ ისურვა. საუბარს აგრძელებდა თემით, თუ როგორ მოქმედებს მის ნერვებზე “არაობიექტური” ჟურნალისტების სტატიები.  

ჩვენი შეხვედრის დასაწყისში, სანამ გარდაფხაძეს სხვა მედია საშუალებასთან ავერეოდით და ზოგადად ჟურნალისტების მიმართ თავის უპატივცემლობას გამოხატავდა, დაგვპირდა, რომ ჩვენ მიერ ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახზე მიწოდებულ ინფორმაციას გამოეხმაურებოდა. გვითხრა, რომ ოჯახს, რომელიც სექტემბრიდან უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას ითხოვს, პირადად მიაქცევს ყურაღებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენზე გაბრაზებული - მერის მოადგილე თავის სიტყვაზე უარს არ იტყვის. 

ასეა თუ ისე, ქვემო ქართლში ყველა ნერვიულობს – თბილისელიც, სამაჩაბლოელიც და ადგილობრივიც. ოღონდ, მათი აღელვების მიზეზები “ოდნავ” განსხვავებულია – ზოგს საკუთარი სახლ–კარი ენატრება, ზოგს – ლუკმა პური და ზოგს – დამჯერი მედია–საშუალება.