რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა.
„შემდეგი აქცია 14 თებერვალს გაიმართება. მოგვიანებით მის ფორმატზე ვისაუბრებთ. განსხვავებული ფორმატი იქნება“, - აღნიშნა ლეონიდ ვოლკოვმა.
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 23 და 31 იანვარსა და 2 თებერვალს გაიმართა. აქციების ფარგლებში სამართალდამცველებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.